სანქტ-პეტერბურგი

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „სანქტ-პეტერბურგი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. სანქტ-პეტერბურგი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ქალაქი
სანქტ-პეტერბურგი
გერმ. Sankt Petersburg
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
დაქვემდებარება ფედერალური ქალაქი
ფედერალური ოლქი ჩრდილო-დასავლეთი რუსეთი
შიდა დაყოფა კრონშტადტი[1] , მე-15 მუნიციპალური ოლქი[1] , 21-ე მუნიციპალური ოლქი[1] , 54-ე მუნიციპალური ოლქი[1] , 65-ე მუნიციპალური ოლქი[1] , მე-7 მუნიციპალური ოლქი[1] , ავტოვო[1] , ადმირალტეისკის ოლქი[1] , აკადემიჩესკოე[1] , ალექსანდროვსკაია[1] , აპტეკარსკის კუნძული[1] , ბელოოსტროვი[1] , ბოლშაია ოხტა[1] , ვასილიევსკი[1] , ვედენსკი[1] , გავანი[1] , გაგარინსკოე[1] , გორელოვო[1] , გრაჟდანკა[1] , დაჩნოე[1] , ეკატერინგოფსკი[1] , ზვიოზდნოე[1] , ზელენოგორსკი[1] , ივანოვსკი[1] , იზმაილოვსკოე[1] , კნიაჟევო[1] , კოლომნა[1] , კოლომიაგი[1] , კოლპინო[1] , კომაროვო[1] , კომენდანტსკი აეროდრომი[1] , კონსტანტინოვსკოე[1] , კრასნენკაია რეჩკა[1] , კრასნოე-სელო[1] , კრონვერკსკოე[1] , ლახტა-ოლგინო[1] , ლევაშოვო[1] , ლისი-ნოსი[1] , ლომონოსოვი[1] , მალაია-ოხტა[1] , მეტალოსტროი[1] , მოლოდიოჟნოე[1] , მორსკიე-ვოროტა[1] , მორსკოი[1] , მოსკოვსკაია ზასტავა[1] , ნარვსკი[1] , ნაროდნი[1] , ნევსკაია ზასტავა[1] , ნევსკი[1] , ნოვოიზმაილოვსკოე[1] , ობუხოსკი[1] , ოზერო დოლგოე[1] , ოკერვილი[1] , პეტროვსკი[1] , ოსტროვ დეკაბრისტოვ[1] , პავლოვსკი[1] , პარგოლოვო[1] , პარნასი[1] , პესოჩნი[1] , პეტერგოფი[1] , პეტრო-სლავიანკა[1] , პისკარიოვკა[1] , პოლიუსტროვო[1] , პონტონი[1] , პოროხოვიე[1] , პოსადსკი[1] , პრავობერეჟნი[1] , პრომეტე[1] , პულკოვსკი მერიდიან[1] , პუშკინი[1] , რეპინო[1] , რჟევკა[1] , რიბაცკოე[1] , სამპსონიევსკოე[1] , საპიორნი[1] , სვეტლანოვსკოე[1] , სევერნი[1] , სემიონოვსკი[1] , სენოე[1] , სეროვო[1] , სესტრორეცკი[1] , სმოლიაჩკოვო[1] , სონეჩნოე[1] , სოსნოვაია პოლიანა[1] , სოსნოვსკოე[1] , სტრელნა[1] , ტიარლევო[1] , ულიანკა[1] , ურიცკი[1] , უსტ-იჟორა[1] , უშკოვო[1] , ფინლიანდსკი[1] , ჩიორნაია რეჩკა[1] , ჩკალოვსკოე[1] , შუვალოვო-ოზერკი[1] , იუგო-ზაპად[1] , იუჟნო-პრიმორსკი[1] , იუნტოლოვო[1] , 72-ე მუნიციპალური ოლქი[1] , 75-ე მუნიციპალური ოლქი[1] , ბალკანსკი[1] , ვლადიმირსკი[1] , ვოლკოვსკოე[1] , გეორგიევსკი[1] , დვორცოვი[1] , კუპჩინო[1] , ლიგოვკა-იამსკაია[1] , ლიტეინი[1] , 78-ე მუნიციპალური ოლქი[1] , სმოლნინსკოე[1] და შუშარი[1]
კოორდინატები 59°57′00″ ჩ. გ. 30°19′00″ ა. გ. / 59.95000° ჩ. გ. 30.31667° ა. გ. / 59.95000; 30.31667
გუბერნატორი გიორგი პოლტავჩენკო
დაარსდა 27 მაისი, 1703
ადრეული სახელები 1914 წლამდე — სანქტ-პეტერბურგი
1924 წლამდე — პეტროგრადი
1991 წლამდე — ლენინგრადი
ფართობი 1439±1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3 მეტრი
ოფიციალური ენა რუსული ენა
მოსახლეობა 5 384 342 (1 იანვარი, 2021)[2]
ეროვნული შემადგენლობა რუსები — 92,5 %
უკრაინელები — 1,5 %
ბელარუსები — 0,9 %
თათრები — 0,7 %
ებრაელები — 0,6 %
უზბეკები — 0,5 %
სასაათო სარტყელი მოსკოვის დრო, UTC+3 და ევროპა/მოსკოვი[3]
სატელეფონო კოდი 812
საფოსტო ინდექსი 199406 და 190000
საავტომობილო კოდი 78, 98, 178 და 198
ოფიციალური საიტი http://gov.spb.ru
სანქტ-პეტერბურგი — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგი

სანქტ-პეტერბურგი (რუს. Санкт-Петербу́рг; 1914 წლამდე — სანქტ-პეტერბურგი, 1914-1924 წწ. — პეტროგრადი, 1924-1991 წწ. — ლენინგრადი) — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი რუსეთში. ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო (2008 წლიდან), დსთ-ის საკანონმდებლო ორგანო (1992 წლიდან), ლენინგრადის ოლქის მმართველი ორგანო [4], დასავლეთ რუსეთის სამხედრო ოკრუგი, რუსეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბი. ქალაქი მდებარეობს რუსეთის ფედერაციის დასავლეთ ნაწილში, ფინეთის ყურის სანაპიროსთან (ბალტიის ზღვა), მდინარე ნევის შესართავთან.

ქალაქი პეტრე დიდმა, 1703 წლის 16/27 მაისს, დააარსა. 1712-1918 წლებში იყო რუსეთის დედაქალაქი. ქალაქში მოხდა სამი რევოლუცია: პირველი იყო 1905-07 წლების რევოლუცია, მეორე 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია და მესამე 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია. დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში ქალაქი დაახლოებით 900 დღის განმავლობაში ბლოკადაში იყო, რომლის დროსაც, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შიმშილისგან დაიღუპა 650 ათასიდან 1,2 მილიონამდე ადამიანი. სანქტ-პეტერბურგს 1965 წელს გმირი ქალაქის წოდება მიანიჭეს.

მოსახლეობა 5 131 942 ადამიანია (2014). სანქტ-პეტერბურგი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მილიონიანი ქალაქია. ევროპის ქალაქებს შორის მოსახლეობის რაოდენობით ქალაქი მესამე ადგილზეა, ხოლო ქვეყანაში მეორე ადგილზე, მოსკოვის შემდეგ[5]. ქალაქი, სანქტ-პეტერბურგის აგლომერაციის ცენტრია, ფართობი — 1439 კმ², ამავე მაჩვენებლითაც მოსკოვის შემდეგ მეორე ადგილზეა ქვეყანაში.

სანქტ-პეტერბურგი — რუსეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი და მსხვილი სატრანსპორტო კვანძია. ქალაქის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლები იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შესული[6]. ქალაქი, ტურისტული თვალსაზრისით, ძალიან პოპულარულია. ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობებია: ერმიტაჟი, მარიინსკის თეატრი, რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, რუსული მუზეუმი, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე, ისააკის ტაძარი და სხვა.

ეტიმოლოგია

სანქტ-პეტერბურგი — გერმანულად წმინდა პეტრეს ქალაქი და ასევე, თავდაპირველი ნიდერლანდური სახელი Sankt Pieter Burch — სან(ქ)ტპიტერბურხი — ქალაქს პეტრე დიდის ზეციური მფარველის წმინდა პეტრეს პატივსაცემად, დაარსებიდან 1914 წლამდე ერქვა. თავდაპირველად, ეს სახელი კურდღლის კუნძულზე 1703 წელს აშენებულ ციხესიმაგრეს ერქვა, თუმცა, მოგვიანებით უკვე მთელ ქალაქს ეწოდა. არაოფიციალურად ქალაქს პეტერბურგს, ხოლო სასაუბრო მეტყველებაში პიტერსაც უწოდებენ.[7].

1914 წლის 18 აგვისტოს ქალაქს სახელი შეეცვალა და ეწოდა პეტროგრადი, ეს ცვლილება რუსეთის პირველ მსოფლიო ომში ჩაბმით, სწორედ ამის გამო შეეცვალა ქალაქს ძველი გერმანული სახელწოდება — სანქტ-პეტერბურგი. ტოპონიმი პეტროგრადი, ქალაქის სახელის ოფიციალურად მიღებამდეც საკმაოდ პოპულარული იყო, გვხვდებოდა, როგორც მხატვრულ ლიტერატურაში, ასევე სხვადასხვა დაწესებულებების დასახელებებშიც (მაგ: პეტროგრადის სტაროვერული ეპარქია). ქალაქის სახელწოდების ცვლილება მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილებას იწვევდა, ამიტომ ისინი ქალაქს ისევ ძველი სახელით მოიხსენიებდნენ.[8]

1924 წლის 26 იანვარს საბჭოთა კავშირის საკავშირო საბჭომ მეორე ყრილობაზე დააკმაყოფილა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს მოთხოვნა და ქალაქს ლენინგრადი დაერქვა. ეს სახელი ქალაქს ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, რსფსრ-ისა და საბჭოთა კავშირის დამმაარსებლისა და ხელმძღვანელის ვლადიმერ ლენინის პატივსაცემად ეწოდა.[9]

1991 წლის 12 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 55 პროცენტს სურდა ქალაქს თავისი პირვანდელი ისტორიული სახელი — სანქტ-პეტერბურგი დაბრუნებოდა.[10] 1991 წლის 6 სექტემბერს რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა № 1643-1 დადგენილებით მოსახლეობის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქალაქს ისტორიული სახელი, სანქტ-პეტერბურგი დაუბრუნდა. 1990-იანი წლების მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში მაღალი თანამდებობის ზოგიერთ პირს სურდა ქალაქის სახელი ისევ ლენინგრადი ყოფილიყო, თუმცა ხალხის ზეწოლით მათი ეს სურვილები მყისიერად გაქრა.[7]

ქალაქს თავისი ოფიციალური სახელის გარდა მრავალი არაოფიციალური სახელიც აქვს, მაგალითად: ჩრდილოეთის დედაქალაქი (ან რუსეთის მეორე დედაქალაქი) — ასე მოიხსენიებდნენ ქალაქს რევოლუციამდელ ხანაში. აბრევიატურა სპბ (СПб) კი ქალაქის ოფიციალური ბიბლიოგრაფიული სახელია; კულტურის დედაქალაქი, ქალაქის ნევაზე, თეთრი ღამეების ქალაქი, ეს ქალაქის არაოფიციალური სახელების არასრული ჩამონათვალია. პიტერი — სანქტ-პეტერბურგის საკრარული სახელია, რომელიც ერთ-ერთი უძველესია თავის არაოფიციალურ სახელებს შორის. ჩრდილოეთის ვენეცია — ხატოვანი შედარება ვენეციასთან, ქალაქში არსებული მრავალი მდინარის, არხისა და არქიტექტურის გამო. ჩრდილოეთის პალმირა — პოეტური შედარება პალმირასთან, ლეგენდარული სილამაზის მქონე ქალაქთან.[11] ლენინის ქალაქისაბჭოთა კავშირის დროს არსებული ქალაქის ნახევრად ოფიციალური დასახელება (ძირითადად გვხვდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ პოსტერებში). სამი რევოლუციის აკვანი (ქალაქი) — ასევე, ქალაქის ნახევრად ოფიციალური დასახელება, რომელიც 1905—07 წლებისა და 1917 წლის რუსეთის რევოლუციებს უკავშირდება. პეტროპოლი — ქალაქის პოეტური ტროპი, დასახელება „პეტერბურგის“ ბერძნული ფორმა (ბერძ. Πετρούπολης), პირველად გამოიყენა მიხეილ ლომონოსოვმა.[12] კრიმინალური დედაქალაქი — ქალაქი, ასე მოიხსენიებოდა 1990-იან წლებში. ნევოგრადი — ძველმორწმუნეებს (სტაროვერები) შორის გავრცელებული ქალაქის დასახელება, რომელიც გამოიყენება XVIII საუკუნიდან, მას შემდეგ რაც ქალაქში ძველმორწმუნეები გადმოსახლდნენ. ამჟამადაც, ზოგიერთ პერიოდულ გამოცემაში, სანქტ-პეტერბურგის ნაცვლად გამოიყენება დასახელება ნევოგრადი. ასევე ადგილობრივი, ზღვისპირული სტაროვერული გაერთიანება ატარებს არაოფიციალურ სახელს ნევის გაერთიანება.[13] „ფანჯარა ევროპაში“ — ეს ეპითეტი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ალექსანდრე პუშკინმა გამოიყენა, თავის პოემაში „ბრინჯაოს მხედარი“ (1833). თვითონ პუშკინმა ქალაქის ასეთი მხატვრული სახე გადმოიღო იტალიელი ფილოსოფოსისა და კრიტიკოსის ფრანჩესკო ალგაროტისგან.[14]

ფიზიკურ-გეოგრაფიული თვისებები

გეოგრაფიული მდებარეობა

ხედი კოსმოსიდან

სანქტ-პეტერბურგი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მილიონიანი ქალაქია, მისი კოორდინატებია:59°57′ ჩ. გ. 30°19′ ა. გ. / 59.950° ჩ. გ. 30.317° ა. გ. / 59.950; 30.317 ქალაქი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 90 კილომეტრზეა გადაჭიმული, მდებარეობს რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ნევის დაბლობსა და მისსავე დელტაში წარმოქმნილ მრავალ კუნძულზე. ქალაქის ცენტრალური რაიონები ზღვის დონიდან 1-5 მეტრზე მდებარეობს, ხოლო გარეუბნები 5-30 მეტრზე (გარეუბნების სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ზღვის დონიდან 5-22 მეტრზე მდებარეობს). ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილად დუდერგოვსკის მაღლობი ითვლება, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 176 მეტრია[15]. ქალაქში მდებარეობს სიმაღლის ნულოვანი ათვლის სისტემა (კრონშტატდის ფუტშტოკი), რომელიც ბალტიის ზღვიდან აითვლება [16].

ქალაქის მიმდებარე ტერიტორია პალეოზოური ერის დროს, 300-400 მილიონის წლის წინათ, ზღვით იყო დაფარული. იმ დროს ბალტიის ფარი (რომელიც შედგება გრანიტის, გნაისისა და დიაბაზისგან) დაახ. 200 მეტრის სიმაღლეზე დაფარული იყო დანალექი ფენებით — ქვიშაქვით, ქვიშით, თიხით, კირქვით და სხვა. პეტერბურგის ამჟამინდელი რელიეფი გამყინვარების გვიანდელ პერიოდში წარმოიქმნა. ამავე პერიოდში, მყინვარის დნობის შემდეგ წარმოიქმნა ლიტორინის ზღვაც, რომლის წყლის დონეც თანამედროვეზე 7-9 მეტრით მაღალი იყო. 4 ათასი წლის წინათ ზღვის ფართობი თანდათან შემცირდა, საბოლოოდ კი თანამედროვე ბალტიის ზღვის სახით შემოგვრჩა. ბოლო 2500 წლის განმავლობაში ქალაქის რელიეფი თითქმის არ შეცვლილა.[17]

ჰიდროგრაფია

სანქტ-პეტერბურგის მდინარეებისა და წყლის არხების საერთო სიგრძე 282 კმ-ს აღწევს, წყალი ქალაქის ფართობის 7 %-ს შეადგენს. ქალაქის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა მისი ჰიდროგრაფიული ქსელი. პეტერბურგი აშენებულია ჭაობიან ადგილას, ამიტომ მისი ფართობის გაზრდასთან ერთად, საჭირო გახდა ამ ჭაობიანი ადგილების დაშრობა, ახალი არხების გაყვანა, რათა ჭაობის წყლისთვის დინება მიეცათ. XIX საუკუნისთვის ნევის დელტა 48 მდინარისა და არხისგან შედგებოდა, დელტას შექმნილი ჰქონდა 101 კუნძული. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში განხორციელებული ჰიდროგრაფიული ცვლილებების გამო კი ნევის დელტაში კუნძულების რაოდენობა 42-მდე შემცირდა.

ქალაქის მთავარი მდინარეა ნევა, რომელიც ჩაედინება ფინეთის ყურეში და უკავშირდება ბალტიის ზღვას. ნევის დელტაში წარმოქმნილი მდინარეებია: დიდი ნევა, პატარა ნევა, დიდი, საშუალო და პატარა ნევკა, ფონტანკა, მოიკა, ეკატერინგოფკა, კრესტოვკა, კარპოვკა, ჟდანოვკა, სმოლენკა, პრიაჟკა, კრონვერსკის სრუტე. ნევის დელტაში წარმოქმნილი კუნძულებია: ვასილის კუნძული, პეტროგრადის კუნძული, კრესტოვსკის კუნძული, დეკაბრისტთა კუნძული. ფინეთის ყურეში მდებარე დიდი კუნძულია: კოტლინი[18]. ქალაქის ტერიტორიაზე მდინარეებსა და არხებზე გადებულია დაახ. 800 ხიდი, მათგან 218 ხიდი საფეხმავლოა, ხოლო 22 ასაწევი. ქალაქში არსებული ხიდებიდან ყველაზე გრძელია დიდი ობუხოვსკის ხიდი, რომელიც გადებულია მდინარე ნევაზე და მისი საერთო სიგრძე 2824 მეტრია. ყველაზე ფართო ხიდია ლურჯი ხიდი, რომლის სიგანე 99,5 მეტრია[19].

ქალაქის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (ნევის დელტის კუნძულები, ფინეთის ყურის სანაპირო ზოლსა და ბალტიისპირეთის სარკინიგზო მონაკვეთს შორის არსებული ტერიტორია, მდ. ფონტანკის მარცხენა სანაპირო ზოლი) ზღვის დონიდან 1,2-3 მეტრზეა. ქალაქის ეს ნაწილი წყალდიდობის საფრთხის ქვეშაა, თუმცა ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ფინეთის ყურეში აგებულია სპეციალური დამცავი კომპლექსი. ქალაქის ამ ნაწილში სერიოზული წყალდიდობები მოხდა 1824 წლის 7 /19 ნოემბერს, მაშინ წყლის დონის ორდინარმა 4,21 მეტრი შეადგინა. მეორე სერიოზული წყალდიდობა 1924 წლის 23 სექტემბერს მოხდა, ამ წყალდიდობის დროს ქალაქის ტერიტორიის 70 კმ² დაიტბორა. ქალაქში, მისი 300 წლიანი ისტორიის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროების მიხედვით დაახლოებით 300 წყალდიდობაა მომხდარი. ფინეთის ყურეში არსებული დამცავი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ქალაქს წყალდიდობისგან იცავს 2011 წელს დასრულდა. ამ დამცავი კომპლექსის საშუალებით 2011 წლის 28 დეკემბერს თავიდან აიცილეს წყალდიდობა, სწორედ ამ დროს მოხდა დამცავი კომპლექსის სრულად დატვირთვა.[20]

ვასილის კუნძული, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე, სასახლის ხიდი, ხედი ნევიდან
ვასილის კუნძული, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე, სასახლის ხიდი, ხედი ნევიდან

კლიმატი

სანქტ-პეტერბურგში ზომიერი კლიმატია, რომელიც გადადის ზომიერი-კონტინენტურიდან ზომიერი-ზღვის კლიმატში. ასეთი კლიმატი განპირობებულია გეოგრაფიული მდებარეობითა და ატმოსფერული ცირკულაციებით, ასეთივე კლიმატი დამახასიათებელია მთლიანი ლენინგრადის ოლქისთვის.

მზის ენერგიის საერთო ჯამური მაჩვენებელი ქალაქის ტერიტორიაზე 1,5-ჯერ მეტია ვიდრე უკრაინის სამხრეთით და ორჯერ ნაკლები შუა აზიასთან შედარებით. წლის განმავლობაში სანქტ-პეტერბურგში საშუალოდ 62 მზიანი დღეა. დღეები უმეტესად, მოღრუბლული და ნაწილობრივ მზიანია. დღის ხანგრძლივობა იცვლება 5 საათი და 51 წუთიდან (22 დეკემბერი) 18 საათსა და 50 წუთამდე (22 ივნისი). ქალაქში არის „თეთრი ღამეები“, რომელიც 25-26 მაისს იწყება და 16-17 ივლისამდე გრძელდება. ამ პერიოდში მზის დახრილობა, დაახ. 9°-ია. ეს „თეთრი ღამეები“ გრძელდება 50 დღეზე მეტი[21].

ქალაქში ხშირია ჰაერის მასების ცვალებადობა, ზაფხულში ქრის დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ქარები, ხოლო ზამთრობით — დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ქარები[22]. სანქტ-პეტერბურგში რადიოსადგურები 1722 წლიდან არის განლაგებული. ყველაზე მაღალი ტემპერატურა ქალაქში დაფიქსირებულია +37[23], ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირებულია −35,9.

დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ქალაქს ესაზღვრება ატლანტის ოკეანე ბალტიის ზღვით, სადაც მდებარეობს აზორის ანტიციკლონი და ისლანდიის დაბალი წნევის არეალი, ეს ფაქტორი ქალაქში ზღვის კლიმატის გავრცელებას უწყობს ხელს. ქალაქისთვის დამახასიათებელია თბილი, წვიმიანი ზაფხული და ზომიერად რბილი ზამთარი. ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ქალაქში ცივი, არქტიკული ჰაერის მასები შემოდის, რომელიც ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ფორმირდება. ქალაქის კლიმატზე გავლენას ახდენს ასევე ცენტრალური აზიის დაბალი წნევის არეალი. ამ რეგიონიდან ქალაქში შემოდის მშრალი კონტინენტური კლიმატი.

წლიური ამინდი — სანქტ-პეტერბურგი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °F 47 50 59 78 88 94 96 99 87 70 54 52 99
საშუალო მაღალი °F 26 27 36 49 61 68 73 69 59 47 36 29 48
საშუალო დღიური °F
საშუალო დაბალი °F 18 17 24 35 45 53 59 56 48 39 29 21 37
რეკორდ. დაბალი °F -33 -31 -22 -7 20 32 41 34 26 9 -8 -30 −33
ნალექი დუიმი 17.3 13 14.6 12.2 18.1 28 31.1 32.7 25.2 26.4 22 20.1 260,6
რეკორდ. მაღალი °C 8.6 10.2 14.9 25.3 30.9 34.6 35.3 37.1 30.4 21.0 12.3 10.9 37,1
საშუალო მაღალი °C -3.1 -3 2.0 9.3 16.0 20.0 23.0 20.8 15.0 8.6 2.0 -1.5 9,1
საშუალო დღიური °C
საშუალო დაბალი °C -8 -8.5 -4.2 1.5 7.0 11.7 15.0 13.5 8.8 4.0 -1.8 -6.1 2,7
რეკორდ. დაბალი °C -35.9 -35.2 -29.9 -21.8 -6.6 0.1 4.9 1.3 -3.1 -12.9 -22.2 -34.2 −35,9
ნალექი სმ 44 33 37 31 46 71 79 83 64 67 56 51 662
წყარო: [24]

მცენარეული საფარი

2002 წლის მონაცემებით მცენარეული საფარი ქალაქის ტერიტორიის 40 %-ს მოიცავდა. 2000 წლისათვის ქალაქის 1 მცხოვრებზე 65 მ² მცენარეული საფარი მოდიოდა. ქალაქში მცენარეული საფარის საერთო ფართობი 31 000 ჰექტარია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: 68 პარკს, 166 ბაღს, 730 სკვერს, 230 ბულვარსა და 750 გამწვანებულ ქუჩას[25]. ქალაქის გამწვანებული პარკები მდებარეობს სხვადასხვა ლანდშაფტურ ზონაში, ფინეთის ყურის დაბალ და მაღალ ტერასებზე (სტრელნის, პეტერგოფისა და ლომონოსოვის პარკები), მორენას დაბლობზე (ქალაქ პუშკინის პარკები), მთის თხემებზე (შუვალოვის პარკი, ვერხვის ჭალა). ასევე ქალაქის გარკვეულ ნაწილში მდებარეობს ბუნებრივი ტყეები, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ჯიშობრივი შემადგენლობა (სოსნოვკა). ქალაქში არსებული მრავალი პარკი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გაშენდა, ძირითადად იმ ადგილებში, სადაც მცენარეული საფარი ან საერთოდ არ იყო, ან მხოლოდ მცირედი იყო (მოსკოვის გამარჯვების პარკი, ზღვისპირა გამარჯვების პარკი)[26]. ქალაქის გარეუბნებში შემონახულია ტყის მასივები, რომლებიც ტაიგის სამხრეთ ნაწილია (იუნტოლოვის საზაფხულო აგარაკი, რჟევის ტყეპარკი, სატყეო კუნძულები მდინარე ოხტის გასწვრივ, ტალინის გზატკეცილი, მდინარე ნევასა და მოსკოვის სარკინიგზო ხაზს შორის არსებული ტერიტორიები[27].

სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს 7 ბუნებრივი დაცული ტერიტორია: მათგან 3 სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, ხელოვნურადაა შექმნილი (იუნტოლოვსკის აღკვეთილი, გლადიშევსკის აღკვეთილი, ნევის ყურის ჩრდილოეთ სანაპირო), ხოლო 4 ბუნების ძეგლია (დუდერგოფსკის მაღლობი, კომაროვსკის სანაპირო, სტრელნინსკის სანაპირო, სერგიევკას პარკი). სანქტ-პეტერბურგის განვითარების გეგმა მოიცავს კიდევ 5 აღკვეთილსა და 2 ბუნების ძეგლს.

ეკოლოგიური პრობლემები

სანქტ-პეტერბურგში მოქმედებს 21 ავტომატური ჰაერის მონიტორინგის ცენტრი. ქალაქის სათბურის აირების საერთო მასამ 2009 წლის მონაცემებით 625,3 ათასი ტონა შეადგინა, მისი 91,9 % სატრანსპორტო საშუალებებზე მოდის. საზიანო სათბურის აირების საერთო მასა თითოეულ ადამიანზე წლის განმავლობაში 135,9 კგ-ია. 1 კმ²-ზე სათბური აირების საერთო მასა 434,5 ტონაა. 2009 წელს სათბური აირების საერთო მასა წინა წელთან შედარებით 1 %-ით გაიზარდა.

ყველაზე ხმაურიანი ქალაქები[28]

სანქტ-პეტერბურგს მსოფლიოს ყველაზე ხმაურიან ქალაქებს შორის მე-5 ადგილი უკავია, ხმაურის მაჩვენებელი საშუალო დონეზე მაღალია და 60 დეციბელს შეადგენს. ქალაქის უმეტეს ნაწილში ეს მაჩვენებელი აღემატება 10-15 დეციბელს, ეს ადგილებია: მოსკოვის, სტაჩეკის, ლიგოვისა და ნევის გამზირები, რგოლისებრი ავტომაგისტრალი, სარკინიგზო ხაზი, ასევე ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ რაიონები სადაც პულკოვოს აეროპორტი მდებარეობს.

მდინარე ნევის, ნევის ყურისა და ფინეთის ყურის ეკოლოგიური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ქალაქში არსებული ასეულობით საწარმოს გამო მდინარე ნევა დაბინძურებულია, რადგან მასში დიდი რაოდენობით სამრეწველო ნარჩენები ჩაედინება, მდინარის დაბინძურებას, ასევე იწვევს ტრანსპორტირების დროს მდინარეში ჩაღვრილი ნავთობი. მდინარეში ყოველდღიურად დაახლოებით 80 ათასი ტონა სამრეწველო ნარჩენები ჩაედინება.ყოველწლიურად პეტერბურგის ბუნების დამცველთა ორგანიზაცია ნევის აკვატორიაში საშუალოდ 40 სახეობის ჩაღვრილ ნავთობპროდუქტებს პოულობს[29]. 2008 წელს სანქტ-პეტერბურგის ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაციამ ნევის ნაპირებზე მდებარე არც ერთი ნაპირი არ ჩათვალა ბანაობისთვის ხელსაყრელად[30]. ქალაქში არსებული სამრეწველო ობიექტები ათასობით ტონა მყარ ნარჩენებს გამოყოფენ, რომელიც ქალაქის ეკოლოგიას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამისათვის ქალაქიდან 30 კმ-ის მოშორებით, ლენინგრადის ოლქში, ტოსნენსკის რაიონში შექმნილია პოლიგონი „წითელი ბორი“, სადაც I-III კლასის ტოქსიკური ნარჩენების (ქიმიური, სამედიცინო და სამრეწველო) გადამუშავება ხდება.

ფინეთის ყურეში სანქტ-პეტერბურგის წყალდიდობისგან დამცავმა ნაგებობამ ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში, ნევის ყურეში წყლის დონის 10-20 % კლება გამოიწვია, ამის გამო ნევის ყურეში ბიოგენების კონცენტრაცია გაიზარდა. ამ დამცავი ჯებირის ჩრდილოეთ და სამხრეთ-დასავლეთით დაგროვილმა მყარმა ნარჩენებმა ნევის ყურეში არსებული გრუნტების დაბინძურება გამოწვია, დალექილი მყარი ნარჩენები ამ გრუნტებს შეერია. ასევე, წყლის დონის კლებამ და მცენარეულმა ნარჩენებმა, ნევის ყურეში ზოგიერთი ტერიტორიის დაჭაობება გამოიწვია, რამაც საბოლოოდ შეიძლება დამბას შორის არსებული წყლის მასების ეფტროპიკაცია გამოიწვიოს.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

სანქტ-პეტერბურგი იყოფა 18 რაიონად:
სანქტ-პეტერბურგის
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
  1. საადმირალო
  2. ვასილეოსტროვსკი
  3. ვიბორგი
  4. კალინინი
  5. კიროვი
  6. კილპინო
  7. წითელგვარდიელთა
  8. კრასნოსელსკი
  9. კრონშტადტი
  1. საკურორტო
  2. მოსკოვი
  3. ნევა
  4. პეტროგრადი
  5. პეტროდვორცოვი
  6. ზღვისპირა
  7. პუშკინი
  8. ფრუნზე
  9. ცენტრალური
ეს 18 რაიონი კიდევ იყოფა 111 ადმინისტრაციულ ერთეულად: 81 მუნიციპალური ოკრუგი, 9 ქალაქი (ზელენოგორსკი, კოლპინო, კრასნოე-სელო, კრონშტადტი, ლომონოსოვი, პავლოვსკი, პეტერგოფი, პუშკინი, სესტრორეცკი) და 21 დაბა[31].

სახელისუფლებო ორგანოები

სმოლნი — ქალაქის მმართველი ორგანო
მარიის სასახლე — საკანონმდებლო ორგანო

ქალაქის სახელისუფლებო ორგანოები სანქტ-პეტერბურგის ქარტიის მიხედვით მოქმედებენ, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 1998 წლის 14 იანვარს მიიღო. ქალაქში უმაღლესი თანამდებობის პირი გუბერნატორია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო ამტკიცებს რუსეთის პრეზიდენტის წინადადების საფუძველზე 5 წლის ვადით. 2011 წლის აგვისტოდან ქალაქის გუბერნატორის თანამდებობა გიორგი პოლტავჩენკოს უკავია. ქალაქში აღმასრულებელი ორგანოა — სმოლნი, ქალაქის მმართველი ორგანო, რომელსაც მეთაურობს გუბერნატორი. ამ ორგანოში, ასევე ერთიანდებიან სხვადასხვა აღმასრულებელი ორგანოებიც, რომლებიც ქალაქის ადმინისტრაციულ, მმართველ ორგანოს ქმნიან.

ქალაქის საკანონმდებლო ორგანო 50 დეპუტატისგან შედგება, მოსახლეობა მათ პროპორციული სისტემით 5 წლის ვადით ირჩევს. 2011 წელს მე-5 მოწვევის პარლამენტი აირჩიეს, რომელიც 5 ფრაქციისგან შედგებოდა: „ერთიანი რუსეთი“ (20 ადგილი), „სამართლიანი რუსეთი“ (12), „კომუნისტური პარტია“ (7), „იაბლოკო“ (6) და „ლიბერალ-დემოკრატები“ (5). საკანონმდებლო ორგანოს თავჯდომარეა ვიაჩესლავ მაკაროვი, 2011 წლის დეკემბრიდან. სხდომები იმართება მარიის სასახლეში. ორგანიზაციებისთვის და ბიუჯეტის კონტროლისათვის შექმნილია სანქტ-პეტერბურგის კონტროლის პალატა, ეს ორგანო ქალაქის ბიუჯეტის საფინანსო-ეკონომიკურ კონტროლს ახორციელებს.

ქალაქის სასამართლო მოქმედებს სანქტ-პეტერბურგის ქარტიისა და მსოფლიო სასამართლოს წესდების მიხედვით.

ქალაქის ბიუჯეტი

ბოლო წლების განმავლობაში ქალაქის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზრდება, ეს დიდწილად დაკავშირებულია ქალაქში მსხვილი კომპანიების დარეგისტრირებით, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან, ეს კომპანიები ძირითადად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არიან. ამჟამად, ქალაქში მოქმედი მსხვილი კომპანიებია: „სოვკომფლოტი“, „გაზპრომ-ნავთობი“, „სიბურ-ჰოლდინგი“, „პოლიმეტალი“ და სხვა.

სანქტ-პეტერბურგის ბიუჯეტის შემოსავლები ძირითადად მოიცავს: ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების წლიურ საშემოსავლო გადასახადებს (66 %), სხვადასხვა საქონელზე დაწესებულ აქციზებს (3,5 %), ორგანიზაციების ქონების გადასახადებს (5,6 %), სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გადასახადებს (6 %) და სხვა. ბიუჯეტიდან ფული შემდეგი მიმართულებებით იხარჯება: საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება (23 %, მათ შორის შედის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები გზებზე, სამგზავრო ტრანსპორტისა და სანქტ-პეტერბურგის მეტროს განვითარება), ჯანდაცვა (14 %), განათლება (12 %), ბინების სამშენებლო სამუშაოები (9 %), სოციალური პროექტები (8 %, პენსიონრებისა და შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების დახმარება), ოჯახებისა და მცირეწლოვანი ბავშვების დახმარება (8 %), კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება (7 %), კულტურა (3 %).

სანქტ-პეტერბურგის ბიუჯეტის მოხმარება, მლნ.რუბლი[32][33]
2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013
შემოსავალი 75 734 87 337 116 125 215 220 278 055 339 059 315 597 347 443 399 502 373 500 404 500
გასავალი 76 720 91 762 133 875 183 380 259 302 355 844 322 254 358 567 404 032 375 800 443 400
დეფიციტი/პროფიციტი - 986 -4 425 - 17 750 + 31 840 + 18 753 - 16 786 - 6 658 - 11 125 - 4 530 - 2 300 - 38 900

საგარეო ურთიერთობები

გერმანიის საკონსულო სანქტ-პეტერბურგში

ქალაქს გააჩნია საკმაოდ ფართო საგარეო ურთიერთობები, ქალაქში პერიოდულად ტარდება სხვადასხვა ქვეყნებისა და ქალაქების კულტურის დღეები. 2011 წლის მონაცემებით სანქტ-პეტერბურგს 79 დაძმობილებული ქალაქი ჰყავს.

ქალაქში მდებარეობს: 34 ქვეყნის მთავარი საკონსულო, 3 მთავარი საფოსტო საკონსულო, 19 საფოსტო საკონსულო, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომამდგენლობა, დსთ-ის საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის ცენტრალური ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების წარმომადგენლობა, ევრაზიის ბანკის განვითარების წარმომადგენლობა, ევროპის ეკონომიკური კავშირის საპარლამენტო წარმომადგენლობა, რუსეთის ფედერაციის ადმ. ერთეულის წარმომადგენლობა, 51 ნაციონალურ-კულტურული გაერთიანება, 20 სათვისტომო[34].

ქალაქის ოფიციალური სიმბოლოები

სანქტ-პეტერბურგის გერბი

სანქტ-პეტერბურგის ისტორიული გერბი დამტკიცებული იქნა 1730 წელს, დაადასტურეს 1780 წელს, 1857 წელს გერბს გაუკეთეს გარკვეული კორექტირება, ხელახლა მიიღეს 1991 წელს, წარმოადგენს ქალაქის უძველეს და მთავარ ოფიციალურ სიმბოლოს. ქალაქის ახლანდელი გერბი მიიღეს 1992 წელსი 8 ივნისს, რუსეთის სახელმწიფო ჰერალდიკურმა რეესტრმა დაამტკიცა გერბი და მიანიჭა სარეგისტრაციო ნომერი 49[35]. სანქტ-პეტერბურგის დროშასა და გერბზე გამოსახულია: სკიპტრა, როგორც საიმპერატორო ხელისუფლებისა და დედაქალაქის სიმბოლო; საზღვაო ღუზა , საზღვაო პორტის სიმბოლო და სამდინარო ღუზა, როგორც სამდინარო პორტის სიმბოლო. სანქტ-პეტერბურგის დროშა წარმოადგენს, თვითონ ქალაქისა და რუსეთის ოფიციალურ სიმბოლოს, აღნიშნავს მის კონსტიტუციურ და სამართლებრივ სტატუსს, ქალაქის მოსახლეობის ერთიანობასა და კულტურულ საკუთრებას. ახლანდელი დროშა მიიღეს 1992 წლის 8 ივნისს, შესაბამისი კანონის მიღებიდან 10 თვის შემდეგ[35][36].

სანქტ-პეტერბურგის ჰიმნი ქალაქის ერთ-ერთ ოფიციალურ სიმბოლოს წარმოადგენს, მუსიკა „დიდებული ქალაქის ჰიმნი“ რეინგოლდ გლიერის ბალეტიდან „ბრინჯაოს მხედარი“, გრიგორი კორჩმარის რედაქციით, ოლეგა ჩუპროვას ტექსტი[36].

ქალაქის ისტორიულ სიმბოლოს წარმოადგენს საადმირალოს შპილზე დამაგრებული გემი, ბრინჯაოს მხედარი და ანგელოზი პეტრე-პავლეს ტაძრის შპილზე. ასევე ქალაქში არის ტრადიცია, რომლის მიხედვითაც შუადღით პეტრე-პავლეს ციხესიმაგრიდან ისვრიან ქვემეხებს.

დღესასწაულები

რუსეთში, მის ქალაქებსა და ასევე მსოფლიოში გავრცელებული დღესასწაულების მსგავსად სანქტ-პეტერბურგშიც აღინიშნება დღესასწაულები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში, მხოლოდ აქ იცის[37].

ისტორია

პრეისტორია, ქალაქის დაარსება და XVIII საუკუნე

ზაფხულის ბაღი
ბრინჯაოს მხედარი
დომენიკო ტრეზინის მიერ 1716-1717 წლებში შედგენილი სანქტ-პეტერბურგის გენერალური გეგმა
საადმირალოს გამზირი, 1753

თანამედროვე სანქტ-პეტერბურგის ტერიტორიაზე ადამიანების კვალი ჯერ კიდევ გამყინვარების ბოლო პერიოდიდან იკვეთება, სწორედ ამ პერიოდიდანვე იწყება ხალხის დასახლება. დაახლოებით 12 ათასი წლის წინ ამ ტერიტორიაზე გამოჩნდნენ თანამედროვე ფინურ-უგორული ხალხის წინაპრები[39]. VIII-IX საუკუნეებში მდინარე ნევის სანაპიროებზე დასახლდნენ აღმოსავლეთ სლავური წარმოშობის ხალხი: ილმენის სლავები და კრივიჩები. ისინი დაკავებულნი იყვნენ მესაქონლეობით, ნადირობით, მეთევზეობით და ტყის საფარის გაკაფვა-დაწვით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების არ ქონის გამო. IX საუკუნეში ეს მიწები ერთიანი ძველი სლავური სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა, რომელიც დიდი ნოვგოროდის ტერიტორიის ნაწილს შეადგენდა და ეწოდებოდა „ვოდსკაია პიატინა“. ამ ტერიტორიას მარჯვნიდან — კარელიის მიწები, ხოლო მარცხნიდან — იჟორის მიწები ესაზღვრებოდა. VIII—XIII საუკუნეებში მდინარე ნევაზე მოეწყო საზღვაო-სამდინარო მოგზაურობა, რომელიც „აღმოსავლეთის მოგზაურობის“ სახელითაა ცნობილი, ეს მოგზაურობა დაიწყო სკანდინავიიდან და აღმოსავლეთი ევროპის გავლით დასრულდა ბიზანტიაში[40]. სწორედ ამ პერიოდში ნოვგოროდის რესპუბლიკა მუდმივად ებრძოდა შვედეთს. 1240 წლის 15 ივლისს მდინარეების: იჟორისა და ნევის შესართავთან მოხდა ბრძოლა, რომელიც ნევის ბრძოლის სახელითაა ცნობილი, ნოვგოროდის ლაშქარსა (მეთაურობდა ალექსანდრე ნეველი) და შვედედებს შორის. 1300 წელს შვედებმა ოხტასა და ნევის შესართავთან ააგეს ციხესიმაგრე ლანდსკრონა, თუმცა ეს ციხესიმაგრე ერთი წლის შემდეგ ნოვგოროდის და ადგილობრივი ტომების გაერთიანებულმა ჯარმა ჯერ აიღეს, შემდეგ კი გაანადგურეს. შემდეგ წლებში ციხესიმაგრე ლანდსკრონის ადგილას იყო სავაჭრო დასახლება ნიენშანცი. XV საუკუნეში, იჟორის მიწები, რომელიც ნოვგოროდის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა, შეუერთდა მოსკოვის დიდი სამთავროს. 1614-1617 წლებში მომხდარ რუსეთ-შვედეთის ომის შემდეგ ნევიისპირა მიწები შვედეთის სამეფოს დაქვემდებარებაში შევიდა, მათი სამეფოს ადმინისტრაციული და სავაჭრო ცენტრი ქალაქი ნიენი მდებარეობდა ციხესიმაგრე ნიენშანცის მახლობლად, რომელიც 1611 წელს ლანდსკრონის ადგილზე აშენდა[41].

დიდი ჩრდილოეთის ომის შემდეგ, რომელიც 1700-1721 წლებში მიმდინარეობდა, შვედეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ნევის სანაპირო ტერიტორიები დაიბრუნა რუსეთმა (ნიშტადტის საზავო ხელშეკრულებით, რომელსაც 1721 წლის 30 აგვისტოს (10 სექტემბერი) მოეწერა ხელი). 1703 წლის 16 (27) მაისს ნევის შესართავთან ნიენის მახლობლად პეტრე I-ის ბრძანებით დაიწყეს სანქტ-პეტერბურგის მშენებლობა[40]. ქალაქის პირველი შენობა იყო პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე, რომელიც რეფორმატორი მეფის ბრძანებით აიგო კურდღლის კუნძულზე[42]. ახალი ციხესიმაგრის მთავარი დანიშნულება ნევის დელტაში არსებულ ორ მდინარეს: ნევასა და დიდ ნევკას შორის არსებულ ტერიტორიაზე ფარვატერის გადაეკეტვა იყო. 1704 წელს რუსეთის საზღვაო საზღვრის დაცვის მიზნით კუნძულ კოტლინზე ააგეს ციხესიმაგრე კრონშტადტი. ახალი ქალაქი პეტრე I-თვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქალაქი იყო რუსეთის დასავლეთ ევროპასთან დასაკავშირებლად.

ქალაქის დაარსებიდან პირველი ათწლეულის განმავლობაში მისი ცენტრალური ნაწილი კუნძულზე მდებარეობდა, ქალაქი-კუნძული იყო (პეტროგრადის კუნძული), ამ კუნძულზე მდებარეობდა ქარვასლა (რუს. Гостиный двор), სამების ტაძარი, მრავალი ოფიციალური დაწესებულება, სახელოსნო გაერთიანებები და სამხედრო ნაწილები. ქალაქის პირველი სავაჭრო დაწესებულება იყო საადმირალო ვერფი (მთავარი საადმირალო), რომელიც 1705 წელს საადმირალოს კუნძულზე გაიხსნა. ამ კუნძულზე შემდეგ წლებში აშენდა საადმირალოს გემთსაშენები, პეტრე I-ის ზამთრისა და ზაფხულის სასახლეები, ასევე ზაფხულის ბაღი. 1712 წელს სანქტ-პეტერბურგი რუსეთის დედაქალაქი გახდა, 1713 წელს სამეფო კარის ყველა წევრი სანქტ-პეტერბურგში გადასახლდა, ქალაქში გადმოიტანეს მმართველი სენატიც. პეტრე I-ის ბრძანებით 1712 წლის 16 იანვრიდან ქალაქში დაარსდა საინჟინრო და საარტილერიო სკოლები. 1712 წელს პეტრე I-მა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც სანქტ-პეტერბურგის გენერალური გეგმა უნდა შექმნილიყო. ამ დროიდან მოყოლებული დაიწყო ქალაქის სხვადასხვა ნაწილის განაშენიანება: ვასილის კუნძული (რომელიც მომდევნო წლებში ქალაქის ცენტრი გახდა), ვიბორგის მხარე, დაიწყო გარეუბნებში მიმდებარე სასახლეების გარდაქმნა-განვითარება: პეტერგოფი, ეკატერინგოფი, ორანიენბაუმი (თან. ქალაქი ლომონოსოვი). 1725 წლიდან დაიწყო სმოლნის და სამსხმელოს ეზოების, აგურის, ცვილის, დენთის, იარაღის, შპალერის, ტყავისა და სხვა ქარხნების მშენებლობა. 1724 წელს მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში გადავიდა ზარაფხანა[41]. 1725 წელს დაარსდა პეტერბურგის მეცნიერების აკადემია, სადაც 1728 წლიდან გამოდიოდა პირველი რუსული გაზეთი „სანქტ-პეტერბურგის უწყებანი“ [43].

XVIII საუკუნეში სანქტ-პეტერბურგში მომხდარი ხანძრებისა და წყალდიდობების შედეგად, პეტროვის გამზირზე მდებარე მრავალი შენობა განადგურდა ან სერიოზული ზიანი მიადგა. 1736 წლის ზაფხულსა და 1737 წელს მოხდა ორი ხანძარი, რომელთა შედეგადაც სრულიად დაიწვა ხის მასალისგან აგებული საზღვაო გარეუბნის შენობები და ასევე საადმირალოს კუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1737 წელს იმპერატორ ანას ბრძანებით შეიქმნა სანქტ-პეტერბურგის სამშენებლო კომისია პიოტრ ეროპკინის მეთაურობით[44]. ამ კომისიის მიერ წარმოდგენილი სანქტ-პეტერბურგის განვითარების გეგმა დამტკიცდა. ამ გეგმის მიხედვითვე ქალაქის განვითარება დაიწყო მთავარი საადმირალოდან, რომელიც შემდეგ ქალაქის ცენტრი უნდა გამხდარიყო, ქალაქის მთავარი მაგისტრალი კი ნევის გამზირი გახდა. სანქტ-პეტერბურგი რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი საგანმანათლებლო ცენტრი გახდა, შეიქმნა მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებები: რუსეთში პირველი ქალთა სასწავლო დაწესებულება — სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, იმპერატორის სამხატვრო აკადემია, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო ინსტიტუტი, მასწავლებლების მომზადების სახალხო სასწავლებელი. ქალაქში განვითარდა კულტურული ცხოვრებაც. 1756 წლის 30 აგვისტოს გამოიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო რუსეთში პირველი სახელმწიფო თეატრი (თანამ. ალექსანდრეს თეატრი). სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ქვის სამშენებლო კომისია რეგულარულად აკონტროლებდა პატარა მდინარეებისა და არხების, ასევე არქიტექტურული ანსამბლების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. ამავე წლებში დაიწყო ნევის, ფონტანკის და სხვა მრავალი მდინარისა და არხის სანაპიროების გრანიტით მოპირკეთება. XVIII საუკუნის ბოლოს ქალაქის მოსახლეობა 220 ათას ადამიანს შეადგენდა, ამ მაჩვენებლით იგი მოსკოვსაც უსწრებდა. ამ პერიოდში ქალაქში მოქმედი 75 ტაძრიდან 60 მართლმადიდებლური იყო. 1780 წლისათვის ქალაქში 1200-ზე მეტი ქუჩა და ჩიხი, ასევე 3300 სახლი იყო, ქალაქის მთლიანი ცენტრალური ნაწილი სრულიად მოპირკეთებული იყო[41][43]. 1786 წელს შეიქმნა ქალაქის თვითმმართელი ორგანო — სანქტ-პეტერბურგის საქალაქო დუმა[45].

XIX საუკუნის პეტერბურგი

1809 წელს ქალაქში სახელმწიფო სატრანსპორტო ინსტიტუტი, 1806 წელს საინჟინრო-ტექნიკური უნივერსიტეტი და 1811 წელს ცარსკოე-სელოს საიმპერატორო ლიცეუმი გაიხსნა. 1824 წლის 7 (19) ნოემბერს პეტერბურგის ისტორიაში უდიდესი წყალდიდობა მოხდა, წყლის დონემ 421 სანტიმეტრით მოიმატა. ამ წყალდიდობის შედეგად 400-დან 4000-მდე ადამიანი დაიღუპა, მატერიალურმა ზარალმა კი მრავალი მილიონი რუბლი შეადგინა. 1825 წლის 14 (26) დეკემბერს სენატის მოედანზე წარუმატებლად დასრულდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში სასახლის, სენატის, ალექსანდრინსკისა (დღევანდელი ოსტროვსკი) და მიხაილოვსკის მოედნებზე, ასევე ვასილევსკის კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში დასრულდა არქიტექტურული ანსამბლების მოწყობა-გაფორმება. ამ და ქალაქის სხვა ნაწილებსა და მის შემოგარენში მდებარე შენობებისა და არქიტექტურული ანსამბლების შექმნაზე მუშაობდნენ, ისეთი ცნობილი არქიტექტორები, როგორებიც იყვნენ: კარლ როსი (ანიჩკოვის სასახლის რეკონსტრუქცია, ელაგინის სასახლე, სენატისა და სინოდის შენობა, მიხაილოვის სასახლე, ალექსანდრინსკის თეატრის შენობა), ჯაკომო კვარენგი (სმოლნის შენობა), ანდრეიან ზახაროვი (1803-04 წლების ვასილევსკის კუნძულის განაშენიანება, მთავარი საადმირალო, ჟან თომა დე თომონი (ბირჟის შენობა), ანდრეი ვორონიხინი (ყაზანის ტაძარი, სახელმწიფო ხაზინის სახლი), ოგიუსტ მონფერანი (ალექსანდროვსკაიას კოლონა, ისააკის ტაძარი) და მრავალი სხვა.[46] ამ პერიოდისთვის უკვე მძლავრად იყო განვითარებული მრეწველობა — 1830-იან წლებში კი სანქტ-პეტერბურგში 300-მდე ფაბრიკა-ქარხანა მუშაობდა, 1870-იანი წლებისთვის 25 ბანკი, ხოლო საუკუნის მიწურულისთვის კი ქალაქში უკვე 500-მდე საწარმო მუშაობდა. ქალაქის შემოგარენში შენდებოდა მსხვილი ქარხნები — კიროვის, ობუხოვის, ბალტიის. იზრდებოდა ინდუსტრიული და საცხოვრებელი რაიონები ვიბორგის მხარეს, ნარვსკის, მოსკოვისა და ნევის კარიბჭეების მიმდებარე ტერიტორიებზე, ქალაქის ცენტრში შენდებოდა მრავალრიცხოვანი „შემოსავლიანი სახლები“. 1800 წელს საადმირალოს ქარხნებში გამოუშვეს პირველი ორთქლის მანქანა, 1815 წელს წყალში ჩაუშვეს პირველი რუსული გემი „ელიზავეტა“, 1843 წლიდან ალექსანდროვის თუჯსასხმელ ქარხანაში წარმოებაში ჩაეშვა მატარებლის მოძრავი შემადგენლობა, 1875 წელს გამოუშვეს პირველი რუსული ორთქლმავალი.[41] მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1836 წელს სანქტ-პეტერბურგსა და ცარსკოე-სელოს შორის გაყვანილი რკინიგზის ხაზი. 1851 წლის 18 აგვისტოს პეტერბურგიდან მოსკოვში გავიდა პირველი მატარებელი, მალევე ამ სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა რეგურალური გახდა. 1837 წელს ცარსკოე-სელოს, 1850-იან წლებში ნიკოლაევის, ვარშავისა და ბალტიის, ხოლო 1870 წელს ფინეთის სადგურები გაიხსნა. განვითარდა ნაოსნობა: 1885 წელს გუტუევსკის კუნძულზე 32 კილომეტრიანი საზღვაო არხისა და საზღვაო პორტის მშენებლობა დასრულდა. ქალაქის მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის 1863 წლიდან წყალსადენები აშენდა ცენტრალურ რაიონებში, 1876 წლიდან კი — ვასილევსკის კუნძულზე, პეტროგრადისა და ვიბორგის მხარეებში (ისტორიული რაიონები). 1882 წელს პეტერბურგში პირველი საქალაქო სატელეფონო სადგური ამუშავდა, ხოლო 1897 წლიდან ერიქსონის ქარხანაში (დღევანდელი „კრასნაია ზარია“) სატელეფონო აპარატების წარმოება დაიწყო. ამ ყველაფრის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობდა პეტერბურგის, როგორც რუსეთის პოლიტიკური და სამეცნიერო ცენტრის განვითარება. 1839 წელს გაიხსნა პულკოვოს ობსერვატორია, 1845 წელს — რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება.1890-იანი წლებისთვის ქალაქში 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ფუნქციონირებდა.[45]

ფ.ვ. პერო. ხედი სმოლნის მონასტერზე.
1841 წელი
სანქტ-პეტერბურგის გეგმა. 1887 ალექსანდრინსკის თეატრი და ეკატერინე მეორის ძეგლი. 1900-იანი წლების ფოტო ბირჟის შენობა ვასილევსკის კუნძულზე. 1908 წლის ფოტო

სამი რევოლუციის ქალაქი. საბჭოთა პეტროგრადი — ლენინგრადი

თებერვლის რევოლუციის დროს დაღუპულთა მემორიალი, მარსის მოედანი
კრეისერი „ავრორა“

1897 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 1 265 ათას ადამიანს შეადგენდა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის პეტროგრადის მოსახლეობა უკვე 2 მილიონს აჭარბებდა (მე-3 ადგილი ევროპაში ლონდონისა და პარიზის შემდეგ). 1905—1907 წლების რევოლუციების შედეგად, რომელთა დაწყების მიზეზიც სისხლიანი კვირა გახდა, პირველად რუსეთის ისტორიაში შეიქმნა პარლამენტი — სახელმწიფო დუმა. მეოცე ასწლეულის დასაწყისში ქალაქის ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა და იზრდებოდა. 1913 წლისათვის პეტროგრადის სამრეწველო წარმოების საერთო მოცულობამ 632 მილიონი რუბლი შეადგინა, 1012 საწარმოში დასაქმებულთა საერთო რიცხვი 242,6 ათას ადამიანს აღწევდა. ქალაქი რუსეთის საერთო ინდუსტრიული პროდუქციის 12 % აწარმოებდა, მათ შორის მნიშვნელოვანი რაოდენობით: ელექტროენერგეტიკულ ნაწარმს, ქიმიურ პროდუქციას, მანქანებსა და ტექსტილებს. ქალაქში განთავსებული იყო 767 ბანკი. დედაქალაქის ინდუსტრიის ელექტროენერგიას უზრუნველყოფდა 294 ელექტრო და 3 თბოელექტროსადგური. 1914 წლისთვის პეტროგრადის 60 უმაღლეს სასწავლებელში დაახლოებით 40 ათასი სტუდენტი სწავლობდა.[41]

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქალაქში არსებული სიტუაცია. ჯერ კიდევ 1914 აგვისტოში ქალაქი ანტიგერმანულმა განწყობამ მოიცვა, 1917 წლისათვის უკვე სასურსათო მარაგის პრობლემა გაჩნდა, რაც ქალაქში არსებული გრძელი რიგებით გამოიხატებოდა. ამავე წლის 23-27 თებერვლის მოვლენები თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. 25 ოქტომბერს (7 ნოემბერი) ქალაქის მმართველი ორგანოები შეიარაღებული მოქმედებების შედეგად ბოლშევიკებმა დაიკავეს, მათვე ჩამოაყალიბეს რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქი პეტროგრადი გახდა. სამოქალაქო ომის მსვლელობისას ანტიბოლშევიკური არმიის მმართველებთან სიახლოვის გამო ლენინი გაემგზავრა მოსკოვში, 1918 წლის 5 მარტს კი ქვეყნის დედაქალაქი მოსკოვი გახდა. 1924 წლის 26 იანვარს ლენინის სიკვდილის შემდეგ პეტროგრადს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის ბრძანებით ეწოდა ლენინგრადი.[47].

1917—1919 წლის კატასტროფული მოვლენების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა, 1920 წლისათვის მოსახლეობა მხოლოდ 722 000 ადამიანს შეადგენდა.[48] ამ ყველაფრის მიუხედავად ქალაქში ცხოვრება მაინც უმჯობესდებოდა. ქალაქის გარეუბნებიდან ცენტრალურ რაიონებში ამ პერიოდში 300 ათასი ადამიანი გადასახლდა. 1919 წელს შეიქმნა „პეტროგრადისა და მისი შემოგარენის რეგულირების საბჭო“. 1923 წლიდან დაიწყო საბინაო მშენებლობები. 1930-იან წლებში კეთილმოეწყო ელაგინისა და კრესტოვსკის კუნძულები ფინეთის ყურისკენ გასასვლელ ხაზთან ერთად. 1924 წლის 23 სექტემბერს ქალაქში წყალდიდობა მოხდა, რომელიც თავისი ისტორიის განმავლობაში სიდიდით მეორე იყო, წყლის ორდინარი 380 სანტიმეტრით იყო მომატებული. 1933 წელს კრესტოვსკის კუნძულის დასავლეთ კიდეში დაიწყო კიროვის სტადიონის მშენებლობა. 1935—1937 წლებში პირველად შემუშავდა ლენინგრადის განვითარების გენერალური გეგმა, რომლის თანახმადაც ქალაქის განვითარება სამხრეთით, პულკოვის მაღლობამდე, უნდა მომხდარიყო. ქალაქის ცენტრი საერთაშორისო გამზირისა (დღევანდელი მოსკოვის გამზირი) და ცენტრალური რკალისებრი მაგისტრალის კვეთაზე არსებული მოედანი უნდა გამხდარიყო, საბჭოს სახლსა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად. 1939 წელს შემუშავდა ქალაქის გენერალური გეგმის ახალი ვარიანტი, რომელიც არ დამტკიცდა, თუმცა გარკვეულწილად მაინც იქნა გათვალისწინებული და დაიწყო საცხოვრებელი კვარტლების მშენებლობა პატარა ოხტაზე, ივანოვსკის ქუჩაზე, ავტოვოსა და საერთაშორისო გამზირზე.[49] მთელ ქალაქში შენდებოდა კულტურის სახლები — 1930-იანი წლებისთვის კი უკვე ქალაქის ყველა სამრეწველო რაიონში იყო. 1932 წელს გაიხსნა ლენინგრადის პირველი აეროპორტი — პულკოვო.[50] 1934 წლის 1 დეკემბერს ლენინგრადის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი და კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი სერგეი კიროვი მოკლეს, ამ ფაქტის შემდეგ მთელ საბჭოთა კავშირში დაიწყო მსხვილმასშტაბიანი რეპრესიები (ე. წ კიროვის ნაკადი), კიროვის მაგივრად დაინიშნა ანდრეი ჟდანოვი.

გამარჯვების მოედანი
დიდი რვიანის 32-ე სამიტის მონაწილენი კონსტანტინოვსკის სასახლეში

ლენინგრადის მკვიდრთა გმირობა და გამძლეობა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოვლინდა. 1941 წლის 8 სექტემბერს მოწინააღმდეგეთა ჯარები მოვიდნენ ლადოგის ტბამდე, დაიკავეს ქალაქი შლისელბურგი, თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციეს ნევის შესართავი და ბლოკირება გაუკეთეს ლენინგრადს. სწორედ ეს დღე მიიჩნევა გერმანელებისა და ფინელების მიერ ქალაქის ბლოკადის დაწყების თარიღად. თითქმის 900 დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ბლოკადა, ამ დროის განმავლობაში ლენინგრადის მცხოვრებლებმა არა მარტო შეინარჩუნეს ქალაქი, არამედ დიდი დახმარება გაუწიეს ფრონტსაც. ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა წყაროების მიხედვით 650 ათასიდან 1,2 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. 1943 წლის 18 იანვარს ლენინგრადისა და ვოლხოვის ფრონტებზე განხორციელებული ოპერაცია „ისკრას“ წყალობით ბლოკადის ხაზი გაარღვიეს, თუმცა მხოლოდ 1944 წლის 27 იანვარს მოხერხდა ქალაქის ბლოკადისგან სრული განთავისუფლება. ამ პერიოდისათვის ქალაქში მხოლოდ 560 ათასი ადამიანი იყო დარჩენილი.[51]

ბლოკადის მოხსნის შემდგომ ქალაქის აღდგენა-განვითარება სწრაფი ტემპით დაიწყო. 1950 წელს კვლავ განახლდა კიროვის სტადიონის მშენებლობა. მომდევნო წელს ლენინგრადის განვითარების ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი თავისი ისტორიული ცენტრის გარშემო, ყველა მიმართულებით უნდა განვითარებულიყო. 1950-იან წლებში შეიქმნა მთელი რიგი არქიტექტურული ანსამბლები: ლენინის, კალინინისა და კომსომოლსკაიას მოედნები, მოსკოვის გამზირის დასრულებული არქიტექტურული სახე, ასევე ენგელსის, სტაჩეკის, სრედნეოხტინსკისა და პრიმორსკის გამზირები. 1951 წელს ამუშავდა პულკოვოს პირველი სადგური (1973 წელს ახალი შენობა აიგო ამ სადგურისთვის). 1955 წელს ექსპლუატაციაში შევიდა პეტერბურგის მეტროპოლიტენის პირველი შემადგენლობა. 1957 წელს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრიდან ყოველ შუადღეს ქვემეხის სროლის ტრადიცია აღსდგა, ხოლო მარსის მოედანზე პირველად რუსეთის ისტორიაში მემორიალური „მუდმივი ცეცხლი“ აენთო. ამავე წელს ანდრე მარტის სახელობის გემთმშენებელი ქარხნიდან წყალში ჩაეშვა მსოფლიოში პირველი ატომური ყინულმჭრელი „ლენინი“. 1962 წელს კიროვის ქარხნიდან დაიწყო ტრაქტორების სერიის „კიროვეცების“, იგივე „К-700-ის“ წარმოება. 1960 წელს პისკარიოვსკოეს სასაფლაოზე ბლოკადის დროს დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა და ასევე დასრულდა ფინეთის სადგურის ახალი შენობა. 1962 წელს აპტეკარსკის კუნძულზე აღიმართა 316 მეტრიანი ტელეანძა და ახალი ტელეცენტრი. 1960-იან წლებში დაწყებული მსხვილი საბინაო მშენებლობების ფონზე რამდენიმე მსხვილმა სამშენებლო კომბინატმა ლენინგრადშიც დაიწყო ხრუშჩოვკების მასობრივი მშენებლობები, ხოლო 1970-იან წლებში 600 (ე.წ სახლი-გემის) ტიპის საბინაო მშენებლობები დაიწყეს.[49] 1965 წლის 6 მაისს ლენინგრადს მიენიჭა გმირი ქალაქის წოდება.[52] 1966 წელს დამტიკცდა საბჭოთა ლენინგრადის ბოლო გენერალური გეგმა. ამე გეგმის მიხედვით 1960-იან წლებში დაიწყო ვასილევსკის კუნძულის დასავლეთ ნაწილის მასობრივი განაშენიანება, ნოვოიზმაილოვსკის, იური გაგარინისა და კოსმონავტების გამზირების გასწვრივ. ახალი მსხვილი საცხოვრებელი რაიონები გახდა კუპჩინო, ავტოვო, ულიანკა, დაჩნოე, გრაჟდანკა, პოლიუსტროვო და ოხტა. 1967 წლის ოქტომბერში აშენდა სპორტის სასახლე „საიუბილეო“ და დიდი საკონცერტო დარბაზი „ოქტიაბრსკი“. 1970-იან წლებში გაშენდა ლიგოვო, სოსნოვაია-პოლიანა, მხიარული დაბა, მურიინსკის წყაროების ჩრდილოეთ რაიონი, ყოფილი კომენდანტსკის აეროდრომი ტერიტორია, კუპჩინოს სამხრეთ ნაწილი, შუვალოვო, ოზერკი, სამხრეთ-დასავლეთის რაიონი, რჟევკა და პოროხოვიე. 1979 წელს ფინეთის ყურეში დაიწყო დამბის მშნებლობა, რომელსაც ქალაქი წყალდიდობისგან უნდა დაეცვა. 1982 წელს ვასილესკის კუნძულის დასავლეთ ნაწილში (გავანი) აშენდა საზღვაო სადგური. 1988 წელს ქალაქის მოსახლეობამ 5 მილიონს გადააჭარბა. 1990 წელს ქალაქის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა.[49][53]

პოსტსაბჭოთა პერიოდი

1991 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით ლენინგრადელების 54 %-ს სურდა ქალაქს თავისი ისტორიული სახელი — სანქტ-პეტერბურგი დაბრუნებოდა. ამავე წლის 6 სექტემბერს მოსახლეობის ეს მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა საბჭომ დააკმაყოფილა,[54], 21 აპრილს ქალაქის სახელის შეცვლის შესახებ შესწორება შეიტანეს რუსეთის 1978 წელს მიღებულ კონსტიტუციაში. 26 ივნისს ანატოლი სობჩაკი აირჩიეს ქალაქის პირველ და უკანასკნელ მერად. 1996 წლის 13 მარტს ქალაქის სააღმსრულებლო ორგანო გადავიდა პეტერბურგის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში, ჩამოყალიბდა სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის თანამდებობა, ხოლო მერის უფლებები და თანამდებობა საერთოდ გაუქმდა. 1994 წელს ქალაქში ჩატარდა კეთილი ნების თამაშები, რომელსაც ქალაქისათვის იმ დროს არსებული ძნელბედობის ჟამს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.[55] 1995 წელს პეტერბურგის მეტროპოლიტენზე, სადგურებს „ლესნაიასა“ და „მამაცობის მოედანს“ შორის, მომხდარი ავარიის შემდეგ მატარებლების მიმოსვლა შეწყდა (2004 წელს დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს). 1991—2007 წლებში ქალაქში მრავალი ძეგლი დაიდგა, რესტავრაცია ჩაუტარა და აღდგა კონსტანტინეს სასახლე, ქრისტეს აღდგომის ტაძარი და მრავალი სხვა. 1991 წლის 25 იანვარს პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ყაზანის ტაძარში აღევლინა საეკლესიო ღვთისმსახურება. 2000 წელს აშენდა ყინულის სასახლე, რომელშიც ამავე წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. 1998—2011 წლებში ქალაქის გარშემო დაიგო რგოლისებრი ავტომაგისტრალი,[56] 2004 წელს გაიხსნა დიდი ობუხოვსკის ხიდი.[57] 2005 წელს ქალაქის საკანონმდებლო ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქტ-პეტერბურგის განვითარების ახალი გეგმა, რომელშიც ასახულია ქალაქის განვითარება 2025 წლამდე.[58][59]

1997 წლიდან სანქტ-პეტერბურგში ყოველწლიურად ტარდება რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების ეკონომიკური სამიტი — პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც მნიშვნელოვან საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკურ ღონისძიებას წარმოადგენს, არაოფიციალურად ამ ფორუმს „რუსულ დავოსსაც“ კი უწოდებენ. ამ ფორუმმა 2006 წლიდან გარკვეულწილად შეიცვალა ფორმატი და გახდა ღონისძიება მსხვილი რუსული და უცხოური კომპანიების მმართველების, სახელმწიფო და პოლიტიკური ლიდერების, მთავრობის წარმომადგენლების, ვიცე-პრემიერების, მინისტრებისა და გუბერნატორების მონაწილეობით (მაგალითისთვის: 2012 წელს ამ ფორუმზე 60-ზე მეტი ქვეყნის დაახ. 4000 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა).[60] 2006 წლის 15—17 ივლისს დაბა სტრელნაში მდებარე კონსტანტინოვსკის სასახლეში ჩატარდა დიდი რვიანის 32-ე სამიტი.[61] 2009 წელს დაიწყო ცათამბჯენ „ლიდეთ-თაუერის“ მშენებლობა, რომელიც ამჟამად დასრულებულია და 142 მეტრისაა.[62] 2011 წლის 31 აგვისტოს ქალაქის გუბერნატორი გიორგი პოლტავჩენკო გახდა.[63]

ჯილდოები

მოსახლეობა

სანქტ-პეტერბურგის მოსახლეობის დინამიკა

სანქტ-პეტერბურგი მოსახლეობის რაოდენობით ევროპის ქალაქებს შორის მეოთხეა, ხოლო ევროპის ქალაქებს შორის, თუ არ ჩავთვლით დედაქალაქებს მეორე ადგილზეა (სტამბოლის შემდეგ)[5], ქალაქი სანქტ-პეტერბურგის აგლომერაციის ცენტრია. 2012 წლის 1 იანვრის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 4 951 600 ადამიანს შეადგენდა, ხოლო ამავე წლის 22 სექტემბრისთვის 5 მილიონს გადააჭარბა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული 2007 წლის ჩათვლით ქალაქის მოსახლეობამ დეპოპულაცია განიცადა: 1990 წელს ქალაქის მოსახლეობა 5 მილიონ ადამიანზე მეტს შეადგენდა, 2007 წელს კი 4 571 184 ადამიანს შეადგენდა. 2008 წლიდან მოყოლებული მოსახლეობის მატება დაიწყო, ეს მაჩვენებელი 2008 წელს +0,3 %, ხოლო 2009 წელს +0,4 %-ს შეადგენდა. 2002 წლიდან 2010 წლამდე მოსახლეობის ზრდამ 4% შეადგინა, მოსახლეობა 4661,2 ათასიდან 4879,6 ათასამდე გაიზარდა. 2010 წლის მონაცემებით ქალაქში შობადობამ 12 პრომილი, მოკვდავობამ კი 14 პრომილი შეადგინა[69]. 2010 წლის რუსეთის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით სანქტ-პეტერბურგის მოსახლეობა 4 879 566 ადამიანს შეადგენდა, რომლის 45,6%-ს — კაცები, 54,4%-ს კი ქალები შეადგენდნენ (ამ მონაცემების მიხედვით ქალების შეფარდება კაცებთან ≈ 0,83 შეადგენდა). ქალაქი ყველაზე მეტად პრიმორსკის რაიონში იყო დასახლებული, მოსახლეობა 507,2 ათას ადამიანს შეადგენდა[70]. 2007 წლის მონაცემებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალაქში მცხოვრებ კაცებს შორის იყო 64 წელი, ხოლო ქალებს შორის კი 75 წელი. 2008 წლის მდგომარეობით ქალაქის 4571 ათას მცხოვრებს შორის 1100 ათასი ადამიანი პენსიონერი იყო (მათი დაახ.55% ინვალიდი იყო). ამ პედიოდისთვის ქალაქში 139 ათასი ადამიანი 80-90 წლის იყო, 13,4 ათასი 90-100 წლის, ხოლო 188 მცხოვრები 100 წელს გადაცილებული[71].

რუსეთის 2010 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სანქტ-პეტერბურგში 200-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობდა: რუსები — 3 909 000 (92,5 %), უკრაინელები — 64 ათასი (1,52 %), ბელარუსები — 38 ათასი (0,9 %), თათრები — 31 ათასი (0,73 %), ებრაელები — 24 ათასი (0,57 %), უზბეკები — 20,3 ათასი (0,48 %), სომხები — 20 ათასი (0,47 %), აზერბაიჯანელები — 17,7 ათასი (0,36 %), ტაჯიკები — 12,1 ათასი (0,29 %), ქართველები — 8,3 ათასი (0,2 %), მოლდაველები — 7,2 ათასი (0,17 %), ყაზახები — 3,4 ათასი (0,08 %), ფინელები — 2,6 ათასი (0,06 %). 15 წელს გადაცილებული მოსახლეობის 31,7 %-ს ჰქონდა სრული ან არასრული უმაღლესი განათლება, 26,7 %-ს საშუალო პროფესიული განათლება, 13,8 %-ს საშუალო სავადებულო განათლება, 2287 ადამიანი (0,06 %) კი წერა-კითხვის უცოდინარი იყო[72]. 2011 წლის მონაცემებით უმუშევართა რიცხვი 1,9 %-ს შეადგენდა. საშუალო სახელფასო გადასახადი 41 653 რუბლს შეადგენდა.

ეკონომიკა

კიროვის ქარხანა
საადმირალოს გემთმშენებელი ქარხნის ჩრდილოეთ შესასვლელი
ტურისტული კატერი მდინარე
მოიკაზე

სანქტ-პეტერბურგი — რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია. სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური განვითარების, მრეწველობისა და ვაჭრობის კომიტეტის ინფორმაციით ქალაქის მთლიანი ეკონომიკური პროდუქტის საერთო მოცულობამ 1,927 ტრილიონი რუბლი შეადგინა (2010 წლის მონაცემებით ეს მონაცემები 1,662 ტრილიონი რუბლი იყო). ეკონომიკის მთავარი მიმართულებებია: დამუშავებითი მრეწველობა (24,1 %), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (18,7 %), უძრავი ქონების ბიზნესი (18,2 %), ტრანსპორტი და კავშირები (9,9 %), მშენებლობა (7,8 %) და დანარჩენი მიმართულებები (21,3 %)[73]. ქალაქის ფინანსური ბაზარი ქვეყნის მასშტაბით რიგით მეორეა სიდიდის მიხედვით, პეტერბურგში მოქმედებს სავალუტო ბირჟა, სატვირთო ბირჟა „სანქტ-პეტერბურგი“, საფონდო ბირჟა „სანქტ-პეტერბურგი“, ფიუჩერსული ბირჟა, ნავთობის ბირჟა „სანქტ-პეტერბურგი“[69]. სანქტ-პეტერბურგში დარეგისტრირებულია 42 კომერციული ბანკი (მათ შორისაა: ვთბ-ბანკი, სანქტ-პეტერბურგის ბანკი, ბანკი „რასია“, კიტ ფინანსი, ბალტინვესტბანკი, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ბანკი და სხვა), დაახ. 100 ბანკის ფილიალი და 400-მდე ფინანსური და საბროკერო კომპანია[74].

მრეწველობა

ქალაქის მრეწველობის ძირითად ბირთვს 700-ზე მეტი მსხვილი და საშუალო, ხოლო 20 ათასზე მეტი წვრილი საწარმო წარმოადგენს. 2011 წელს სამრეწველო საქონლის საერთო წლიურმა ტვირთბრუნვამ 1965,9 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34,5 პროცენტიანი მატება იყო. წარმოებული პროდუქციის 48 % კოკსისა და ნავთობპროდუქტების წარმოებაზე მოდიოდა, 22 % — მანქანათმშენებლობაზე, 13 % — კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე, 6 % — მეტალურგიულ პრუდქციასა და მზა მეტალის ნაწარმზე.[73]

სანქტ-პეტერბურგის მრეწველობის ძირითადი მიმართულება მძიმე ინდუსტრიაა. ქალაქში მუშაობს ისეთი გემთსაშენი საწარმოები, როგორებიცაა: „საადმირალოს გემთმშენებელი ქარხანა“ (გემები სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის, ტანკერები, წყალქვეშა ნავები), „ბალტიის გემთმშენებელი ქარხანა“ (ნაწილები საზღვაო ფლოტისთვისა და ყინულმჭრელი გემებისთვის), „ჩრდილოეთის ვერფი“ (ნაწილები სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის); მანქანათმშენებლობა — „ლენინგრადის მეტალურგიული ქარხანა“ (ორთქლის, გაზისა და ჰიდრავლიკური ტურბინები), „ელექტროსილა“ (ელექტრომანქანები და გენერატორები), „კიროვის ქარხანა“ (ტრაქტორები, ლითონის სხვადასხვა პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა). ქალაქში, ასევე მოქმედებს Ford-ის, Toyota-ს, General Motors-ის, Scania-ს, Nissan-ისა და Hyundai Motor-ის საავტომობილო ქარხნები. ქალაქის მრეწველობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იარაღის წარმოებასაც.[75] ქალაქში განვითარებულია შავი (იჟორის მილების მწარმოებელი ქარხანა) და ფერადი მეტალურგია, ქიმიური, პოლიგრაფიული და მსუბუქი მრეწველობა.

კვების მრეწველობის მსხვილ საწარმოებს შორისაა: „ბალტიკა“ (ლუდი, უალკოჰოლო სასმელები და მინერალური წყლები), „ჰეინეკენი“ (ლუდი), „სტეფან რაზინის სახელობის ლუდის ქარხანა“, „პურის სახლი“ (პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი), „პეტმოლი“ (რძის პროდუქტები), „პოლიუსტროვო“ (მინერალური წყლები), „Japan Tobacco“ (თამბაქოს ნაწარმი), სხვადასხვა ხორცკომბინატები, თევზეულის კომბინატები და მრავალი სხვა.

მშენებლობა და ინვესტიციები

2011 წელს ქალაქში შესრულდა 335,7 მილიარდი რუბლის სამშენებლო სამუშაობები, ექსპლუატაციაში შევიდა 2705,7 მ² საცხოვრებელი ფართი[73]. ამავე წელს სამშენებლო სფეროში ჩადებული ინვესტიციების საერთო კაპიტალმა 293,6 მილიარდი რუბლი შეადგინა (უცხოური კაპიტალი 6,121 მილიარდს შეადგენდა, მისი 71,5 % დამუშავებით სამრეწველო ბიზნესში ჩაიდო). კაპიტალის ძირითადი ნაწილი დიდი ბრიტანეთიდან (საერთი კაპიტალის 17%), სამხრეთ კორეიდან (9,5 %), კვიპროსიდან (9,3 %), ჩინეთიდან (8,8 %), გერმანიიდან (6,8 %), ავსტრიიდან (5,1 %) და ყაზახეთიდან (4,9 %) იყო[73]. ქალაქში მიმდინარეობს მთელი რიგი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტები, რომლებიც 2015 წლამდე დასრულდება, ესენია: დასავლეთის ჩქაროსნული დაიმეტრის (დჩქ ავტომაგისტრალი) მშენებლობა, პულკოვოს აეროპორტის განვითარება, საზღვაო სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა და ვასილევსკის კუნძულის დასავლეთ ნაწილის განვითარება, კომპლექს „ბალტიის მარგალიტის“ მშენებლობა, კომპლექს „ნევის რატუშას“ მშენებლობა, ახალი-საადმირალოს კუნძულის განვითარება, სამხრეთ-დასავლეთის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, ახალი ჰოლანდიისა და აპრაშკის გარდაქმნა-რესტავრაცია, მარიინსკის თეატრის მეორე სცენის მშენებლობა, სავაჭრო ზონებში ახალი ობიექტების აშენება და სხვა[69].

მშენებარე ობიექტები

ტურიზმი

ქალაქის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტურისტულ ბიზნესს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოსულ ხალხთან, ასევე დაკავშირებულია დასაქმებულთა სფეროში ეკონომიურ აქტიურობაზე. ქალაქი წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც ძალიან მიმზიდველ ტურისტულ პროდუქტს წარმოადგენს. პეტერბურგს 2010 წლის მონაცემებით ევროპის ყველაზე პოპულარულ და მონახულებად ქალაქებს შორის მე-7 ადგილი ეკავა, ხოლო მსოფლიოს ქალაქებს შორის კი — მე-20 ადგილი[76].

2010 წელს ქალაქი 2,3 მილიონმა უცხოელმა (მათი უმრავლესობა ფინეთიდან, გერმანიიდან, აშშ-იდან, შვედეთიდან და საფრანგეთიდან იყო) და 2,8 მილიონმა რუსმა ტურისტმა მოინახულა. ქალაქში მდებარეობს 260-ზე მეტი დიდი და საშუალო ზომის სასტუმრო, რომელიც საერთო ჯამში დაახ. 27 ათას ნომერს მოიცავს (მათ შორისაა: „გრანდ-ოტელ ევროპა“, „გრანდ-ოტელ ემერალდი“, „ასტორია“, „ბალტიისპირეთი“, „პულკოვსკაია“, „სანქტ-პეტერბურგი“, „მოსკოვი“, „რუსეთი“, „ოქტიაბრსკაია“, „აზიმუტი“ და სხვა).

პეტერბურგის ადმინისტრაცია ყოველმხრივ ცდილობს ქალაქში კიდევ უფრო განავითაროს ტურისტული ბიზნესი. ქალაქის მმართველმა ორგანოებმა ქალაქის რეკლამირებაზე 150 მილიონი რუბლი დახარჯეს. ამის გარდა, ასევე დახარჯეს 45 მილიონი რუბლი ქალაქის რეკლამირებაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და ტოკიოში. ბიუჯეტიდან გამოყოფილია 45 მილიონი, რომლის საშუალებითაც მონაწილეობა უნდა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებსა და საპრეზენტაციო ორგანიზაციებში[77].

ტრანსპორტი