ლათინური ამერიკა

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ლათინური ამერიკა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ლათინური ამერიკა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ლათინური ამერიკა
ფართობი 21 069 501 კმ²
მოსახლეობა 589 018 078 (2013)
მოს. სიმჭიდროვე 27 ად./კმ²-ზე
მოს. შემადგენლობა ლათინოამერიკელები
ქვეყნები 34
ენები ესპანური, პორტუგალიური, კეჩუა, მაიას ენები, გუარანი, ფრანგული, აიმარა, ნაჰუატლი, იტალიური.
სასაათო სარტყელი UTC-02:00UTC-08:00
უდიდესი ქალაქები [1]
1. მექსიკის დროშა მეხიკო
2. ბრაზილიის დროშა სან-პაულუ
3. არგენტინის დროშა ბუენოს-აირესი
4. ბრაზილიის დროშა რიო-დე-ჟანეირო
5. პერუს დროშა ლიმა
6. კოლუმბიის დროშა ბოგოტა
7. ჩილეს დროშა სანტიაგო
8. ვენესუელის დროშა კარაკასი
9. კოლუმბიის დროშა მედელინი
10.კუბის დროშა ჰავანა

ლათინური ამერიკა (ესპ. América Latina, Latinoamérica; პორტ. América Latina; ფრანგ. Amérique latine; ინგლ. Latin America) — ამერიკის სუბრეგიონი, სადაც ძირითადი სალაპარაკო ენებია რომანული ენები, ძირითადად ესპანური და პორტუგალიური, ასევე ზოგან ფრანგული.[2][3] გადაჭიმულია აშშ-ის სამხრეთი საზღვრიდან ანტარქტიკამდე და მისი ფართობი დაახლოებით 21 069 500 კმ²-ია, დედამიწის მთლიანი ფართობის 3,9 % და ხმელეთის ფართობის 14,1 %. სამხრეთით ესაზღვრება სამხრეთის ოკეანე, აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთით აშშ, დასავლეთით წყნარი ოკეანე. ლათინური ამერიკა იყოფა სამ რეგიონად — სამხრეთი ამერიკა, კარიბის ზღვის აუზი და შუა ამერიკა (მექსიკას, ცენტრალურ ამერიკასა და ვესტ-ინდოეთს ერთად, ხშირად შუა ამერიკას უწოდებენ). 2010 წლის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობა 590 მილიონ ადამიანს შეადგენდა[4] და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 5,16 ტრილიონი აშშ დოლარი იყო.[5] 2011 წელს, ლათინური ამერიკის ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა 4 % შეადგინა.[6]

ეტიმოლოგია და განმარტებები

ლათინური ამერიკის პარკი კანადის ფრანგულენოვანი პროვინციის დედაქალაქ კვებეკში; აღნიშნავს კულტურულ კავშირს კვებეკსა და იმ ხალხს შორის, ვინც ამერიკაში რომანულ ენებზე ლაპარაკობს.

იდეა, რომ ამერიკის ნაწილს ლინგვისტური მსგავსება ჰქონდა რომანულ კულტურასთან, 1830-იან წლებში გაჩნდა, ფრანგი სენ-სიმონიანელი მიშელ შევალიეს ნაწერებში, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამერიკის ეს ნაწილი დასახლებული იყო „ლათინური რასის“ ხალხით. აქედან გამომდინარე, აერთიანებდა „ლათინურ ევროპასთან“, ტევტონური ევროპის“, „ანგლო-საქსური ამერიკისა“ და „სლავური ევროპის“ პირისპირ.[7] მოგვიანებით, XIX საუკუნის მიწურულს, ეს იდეა აიტაცეს ლათინოამერიკელმა ინტელექტუალებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც კულტურულ მოდელად არა ისევ ესპანეთსა და პორტუგალიას, არამედ საფრანგეთს განიხილავდნენ.[8] ტერმინი პირველად 1856 წელს პარიზში, კონფერენციაზე გამოიყენა ჩილელმა პოლიტიკოსმა ფრანსისკო ბილბაომ,[9] ამავე წელს კი უკვე კოლუმბიელმა მწერალმა ხოსე მარია ტორეს კაისედომ თავის პოემაში „ორი ამერიკა“.[10] ტერმინ „ლათინურ ამერიკას“ მხარს უჭერდა ნაპოლეონ III-ის საფრანგეთის იმპერია; ეს ხდებოდა მექსიკაში საფრანგეთის შეჭრის დროს და საფრანგეთი მას იმის დამამტკიცებელ საშუალებად იყენებდა, რომ ის იმ ქვეყანათა შორის იდგა, რომელთაც გავლენა ჰქონდათ ამერიკაზე, რათა რეგიონში არ დაეშვა ანგლოფონური ქვეყნები, კამპანია წარემართა საფრანგეთთან ამ რეგიონის კულტურული ნათესაობის გამოსავლენად და თავად ქცეულიყო არეალის კულტურულ-პოლიტიკურ ლიდერად. ამის შედეგი იყო პრინც მაქსიმილიან ჰაბსბურგის გამოცხადება მექსიკის მეორე იმპერიის იმპერატორად.[11] 1861 წელს ეს ტერმინი ასევე გამოიყენეს ფრანგმა სწავლულებმა პან-ლათინიზმისადმი მიძღვნილ ჟურნალში „La revue des races Latines“.[12]

თანამედროვე გამოყენებაში:

სხვაობა ლათინურ ამერიკასა და ანგლო-ამერიკას შორის პირობითად ემყარება ამერიკაში გაბატონებულ ენებს, ვინაიდან რომანულენოვანი და ინგლისურენოვანი კულტურები განსხვავებულია. აქ არც ერთი არეალი კულტურულად თუ ენობრივად ერთგვაროვანი არაა; ლათინური ამერიკის მნიშვნელოვან ნაწილში (მაგალითად მაღალმთიანი პერუ, ბოლივია, გვატემალა და პარაგვაი) გაბატონებულია ადგილობრივი ამერიკული კულტურები, შედარებით ნაკლებად ინდიელთა ენებიც, ზოგიერთ ნაწილში კი ძლიერ იგრძნობა აფრიკული კულტურის გავლენა (მაგალითად კარიბის ზღვის აუზში — მათ შორის კოლუმბიისა და ვენესუელის ნაწილებში).

დაყოფა

ლათინური ამერიკის 4 სუბრეგიონი

გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, დემოგრაფიულად და კულტურულად ლათინური ამერიკა რამდენიმე სუბრეგიონად შეიძლება დაიყოს. თუ ვიგულისხმებთ მთელს ამერიკას შეერთებული შტატების სამხრეთით, მისი გეოგრაფიული სუბრეგიონებია ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა, კარიბები და სამხრეთ ამერიკა.[20] ეს უკანასკნელი (სამხრეთ ამერიკა) პოლიტიკურ-გეოგრაფიულად შეიძლება დაიყოს ისეთ სუბრეგიონებად, როგორებიცაა სამხრეთის კონუსი და ანდების სახელმწიფოები. ლინგვისტურ საფუძველზე კი რეგიონს ყოფენ ესპანურ და პორტუგალიურ ამერიკად, ხანდახან კი ფრანგულ ამერიკასაც გამოყოფენ.

ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დიდ სამეულზე ბრაზილია-მექსიკა-არგენტინაზე მოდის. ლათინურ ამერიკაში 34 სუვერენული სახელმწიფოა და 15 კოლონია, რომელთა ძირითადი ნაწილი პატარ-პატარა კუნძულებია და კარიბის ზღვის ზონაში მდებარეობენ. კოლონიათა უდიდეს ნაწილს ამერიკის აღმოჩენის შემდეგ აქ ესპანეთი ფლობდა, რომელსაც კონკურენციას მხოლოდ პორტუგალია უწევდა, ხოლო მათთან შედარებით მცირე სამფლობელოები საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებს, შვედეთს და დანიას ჰქონდათ. თანამედროვე პოლიტიკურ რუკაზე ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე მხოლოდ 4 კოლონიზატორი ქვეყნის ტერიტორიებია: საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს და ნიდერლანდების. ყველაზე მეტი კოლონია გაერთიანებულ სამეფოს აქვს, თუმცა ფართობის თვალსაზრისით საფრანგეთი პირველობს.

დროშა გერბი სახელწოდება ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა 2013
მოსახლეობის
სიმჭიდროვე

(ად./კმ²-ზე)
დედაქალაქი სახელწოდება
ოფიციალურ ენაზე
არგენტინის დროშა არგენტინა 2 780 400 41 660 417 14,4 ბუენოს-აირესი Argentina
ბოლივიის დროშა ბოლივია 1 098 581 10 461 053 9 სუკრე Bolivia
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 8 515 767 201 032 714 23,6 ბრაზილია Brasil
ჩილეს დროშა ჩილე 756 096 17 556 815 23 სანტიაგო Chile
კოლუმბიის დროშა კოლუმბია 1 141 748 47 387 109 41,5 ბოგოტა Colombia
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 51 100 4 667 096 91,3 სან-ხოსე Costa Rica
კუბის დროშა კუბა 109 884 11 061 886 100,6 ჰავანა Cuba
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა 48 442 10 219 630 210,9 სანტო-დომინგო República Dominicana
ეკვადორის დროშა ეკვადორი 283 560 15 439 429 54,4 კიტო Ecuador
სალვადორის დროშა სალვადორი 21 040 6 108 590 290,3 სან-სალვადორი El Salvador
გვატემალის დროშა გვატემალა 108 889 15 438 384 129 გვატემალა Guatemala
ჰაიტის დროშა ჰაიტი 27 750 9 893 934 356,5 პორტ-ო-პრენსი Haïti
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 112 492 8 555 072 76 ტეგუსიგალპა Honduras
მექსიკის დროშა მექსიკის შეერთებული შტატები 1 972 550 118 395 054 57 მეხიკო Estados Unidos Mexicanos
ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა 130 375 5 788 531 44,3 მანაგუა Nicaragua
პანამის დროშა პანამა 75 517 3 661 868 54,2 პანამა Panamá
პარაგვაის დროშა პარაგვაი 406 752 6 800 284 14,2 ასუნსიონი Paraguay
პერუს დროშა პერუ 1 285 216 30 475 144 23 ლიმა Perú
პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო* 9 104 3 615 086 397 სან-ხუანი Puerto Rico
ურუგვაის დროშა ურუგვაი 176 215 3 324 460 18,87 მონტევიდეო Uruguay
ვენესუელის დროშა ვენესუელა 916 445 31 648 930 31,59 კარაკასი Venezuela
სულ 20 027 923 603 191 486 30,1

*: არასუვერენული სახელმწიფო

გეოგრაფია

ანდები

ლათინური ამერიკის გეოლოგიური აგებულება რთულია, რაც თავის მხრივ კარგად ჩანს რელიეფის მრავალფეროვნებაში. აქ მდებარეობს მსოფლიოს გრძელი მთათა სისტემა კორდილიერები-ანდები, რომელიც დაახლოებით 18 000 კმ-ზეა გადაჭიმული ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. მასზე მდებარეობს დასავლეთ ნახევარსფეროს უმაღლესი მწვერვალი — აკონკაგუა (6960 მ). აქვეა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დაბლობი — ამაზონია, ასევე მრავალი მთიანეთი და ზეგანი. რელიეფის მრავალფეროვნება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია გეოლოგიურ სტრუქტურაში ორი ძირითადი ელემენტის არსებობით: მოძრავი, აქტიურად განვითარებადი ანდების მთათა სარტყელი და ძველი სამხრეთ ამერიკის ბაქანი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში.

რეგიონის ჩრდილოეთი ნაწილი — მექსიკა, ძირითადად მთიანი ქვეყანაა, სანაპირო დაბლობებით.

ცენტრალური ამერიკის ვესტ-ინდოეთის რელიეფი მოზაიკურია. აქ გვხვდება დაბალი და მოკლე მთები, რომლებსაც ძირითადად განედური მიმართულება აქვს. ცენტრალური ამერიკა აქტიური სეისმური ზონაა. კოლუმბიაში, ბოლო პერიოდში ვულკან რუისის მოქმედებას 1985-1986 წლებში ჰქონდა ადგილი. 1985 წელს კი მეხიკოში მოხდა ძლიერი მიწისძვრა.

სამხრეთ ამერიკის გეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს ფართო ბაქანი. რელიეფში ძირითადად წარმოდგენილია ამაზონის დაბლობი, ბრაზილიის მთიანეთი, გვიანის მთიანეთი, ლა-პლატის დაბლობი. რაც შეეხება სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილს, აქ 9000 კმ-ზე, ვენესუელიდან ცეცხლოვან მიწამდე გადაჭიმულია ანდები. ეს მთათა სისტემა ძალიან რთული აგებულებით ხასიათდება.

კლიმატი

ლათინური ამერიკა მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ, ტროპიკულ და სუბეკვატორულ სარტყლებში და ასევე სამხრეთ ნახევარსფეროს ეკვატორულ, სუბეკვატორულ, ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რეგიონი იღებს მზის მნიშვნელოვან რადიაციას, ამიტომ მისი უდიდესი ნაწილისთვის დამახასიათებელია კლიმატის ცხელი ტიპი, სადაც საშუალო თვიური ტემპერატურა +20 °C-ზე მაღალია. სეზონური ცვლილებები მჟღავნდება არა ტემპერატურათა რყევებით, არამედ ნალექების რეჟიმის ცვალებადობითაც. ჰაერის ტემპერატურის მაქსიმული დაფიქსირებულია იანვარში 48,9 °C. ცხელი კლიმატის სიჭარბე კარგ პირობებს ქმნის მცენარეთა ვეგეტაციისათვის მთელი წლის მანძილზე.

ტემპერატურის რყევის სეზონურობა მკაფიოდ ჩანს ლათინური ამერიკის მხოლოდ უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში. ეს ტერიტორიები ვრცელდება სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში (მაგალითად, სანტიაგოში ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურა +20 °C, ყველაზე ცივის +8 °C. ცეცხლოვან მიწაზე შესაბამისად +11 და +2) და ასევე ტროპიკული სარტყლის მთიან რაიონებში. ყინვები ყოველწლიურად არის მექსიკის მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე პატაგონიაში, პამპას სამხრეთ-დასავლეთში, კორდილიერების მთისწინეთში, ასევე ცენტრალურ და სამხრეთ ანდებში. პატაგონიის სამხრეთ-დასავლეთში ყინვა ზაფხულობითაცაა მოსალოდნელი. ტემპარეტურის ასეთი, ხანმოკლე, მკვეთრი დაცემა შესამჩნევია როცა მაღალი განედებიდან შემოიჭრება ცივი ჰაერის მასები, რასაც ხელს უწყობს რელიეფის მერიდიანული მდებარეობა. მაგალითად, პამპეროს ცივ ქარებს შეუძლიათ ყინვების გამოწვევა სამხრეთ ამერიკაში სამხრეთ ტროპიკის საზღვარზეც კი.

ლათინური ამერიკის სხვადასხვა რეგიონებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა ნალექების მოსვლის რაოდენობასა და მათ სეზონურ განაწილებაში, რაზეც გავლენას ახდენა ატმოსფეროს ცირკულაციის თავისებვურებანი, დინებები, რელიეფი და ა. შ. ნალექების უდიდესი რაოდენობით ხასიათდება ეკვატორული ანდების წყნაროკეანური კალთები, ასევე ამ რაიონებთან ახლოს მდებარე რაიონები (დაახლოებით 10 000 მმ წელიწადში). მაგრამ ამ დროს, თითქმის უნალექოა უდაბნო ატაკამა. თუ ამაზონიაში წვიმიანი სეზონი გრძელდება მთელი წლის მანძილზე, ეს პერიოდი ბრაზილიის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში არ აღმატება 3-4 თვეს. საერთოდ, რეგიონის ტერიტორიის 20 % არ იღებს ნალექების საკმარის რაოდენობას. მიწათმოქმედება აქ ხელოვნურ რწყვაზეა დამოკიდებული.

შიგა წყლები

შიგა წყლები ლათინური ამერიკის უდიდესი სიმდიდრეა. აქაური მდინერეები ეკუთვნიან როგორც წყნარი, ისე ატლანტის ოკეანის აუზებს. რეგიონის უდიდესი მდინარეა ამაზონი, რომლის სიგრძე მდინარე უკაიალის სათავიდან 7000 კმ-ია, აუზის ფართობი კი 7 მლნ კმ²-ია და რეგიონის შვიდ სახელმწიფოს მოიცავს. ამაზონის მნიშვნელოვანი შენაკადებია ჟურუა, მადეირა, ტაპაჟოსი, ისა, ჟაპურა, რიო-ნეგრო.

რეგიონის სიდიდით მეორე მდინარეა პარანა, მისი სიგრძე 4380 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი 2663 კმ². მისი მნიშვნელოვანი შენაკადებია: პარაგვაი, სალადო, რიო-ბერმეხო და ა. შ. მნიშვნელოვან მდინარეებს განეკუთვნება ორინოკო (2730 კმ), აუზის ფართობი 1 მლნ კმ². მის ერთ-ერთ შენაკადზე, მდინარე ჩურუნზე მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ანხელი.

ლათინური ამერიკის ტბებს შორის ყველაზე დიდია მარაკაიბო, ხოლო ანდების მაღალმთიანეთში, პერუ-ბოლივიის საზღვარზე მდებარე ტიტიკაკას ტბა მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა.

ფლორა და ფაუნა

ლათინური ამერიკა ძალიან მდიდარია მცენარეული საფარით. იგი მნიშვნელოვანი ენდემურობით ხასიათდება. სწორედ ამ რეგიონიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში სიმინდი, კარტოფილი, სორგო, ლობიო, პომიდორი, კაკაო, მზესუმზირა, გოგრა, ნესვი, თამბაქო. ტყეებს ტერიტორიის 50 %-ზე მეტი უკავიათ. რეგიონში იზრდება ისეთი უნიკალური მცენარეულობა, როგორიცაა ბრაზილიისა და ჩილეს არაუკარია, წითელი ხე, პაუ-ბრაზილი, შავი ხე, ქინაქინის ხე, სეიბას ხე, კამპეშის ხე. მრავლად არის სხვადასხვა სახის კაქტუსი. მრავალი სახეობის მცენარეს დიდი გამოყენება აქვს მრეწველობასა და სამედიცინო საქმიანობაში.

ასევე მრავალფეროვნებით გამოირჩევა ლათინური ამერიკის ცხოველთა სამყარო. აქ წარმოდგენილია ნიანგების სხვადასხვა სახეობა, ღამურები, კუ, მაიმუნების მრავალი სახეობა, ტაპირი, ზარმაცა, ჯავშნოსანი, ჭიანჭველაჭამია, იაგუარი, პუმა, პატარა ირემი, მაგელანის ძაღლი და ა. შ.

სასარგებლო წიაღისეული

ლათინური ამერიკა უზრუნველყოფილია პრაქტიკულად ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულით, ზოგიერთი სახეობით კი მას მსოფლიო მნიშვნელობა გააჩნია. ენერგეტიკული რესურსებიდან აღსანიშნავია: ნავთობი, ბუნებრივი გაზი, ნახშირი. ნავთობის უდიდეს მარაგს ფლობს მექსიკა და ვენესუელა. ბუნებრივი აირით მდიდარია მექსიკა, ვენესუელა, არგენტინა, ტრინიდადი და ტობაგო. ვენესუელაში ნავთობისა და გაზის უდიდესი მარაგი თავმოყრილია მარაკაიბოს ტბის აუზში, მექსიკაში კი ძირითადად კამპეჩეს ყურესა და ჩინონტეპეკის რაიონში. ნავთობის დიდი მარაგია ფოლკლენდის კუნძულების ირგვლივ ოკეანეში.

ნახშირის მარაგით გამოირჩევა ბრაზილია, კოლუმბია, ვენესუელა, არგენტინა და ჩილე.

რეგიონი გამოირჩევა რკინის მადნის მნიშვნელოვანი მარაგით, სადაც განსაკუთრებულია ბრაზილიის როლი (მასზე მოდის რეგიონის რკინის მადნის 80 %). რკინის მადანს მოიპოვებენ ასევე პერუსა და ვენესუელაში. რეგიონის მნიშვნელობა განსაკუთრებულია სპილენძის მარაგისა და მოპოვების მხრივ. აღსანიშნავია ჩილე (მთელი რეგიონის მარაგის 67 %), ასევე პანამა, მექსიკა, ბრაზილია.

რეგიონი გამოირჩევა ნიობიუმის განსაკუთრებული მარაგით (მსოფლიო მარაგის 85 %). მთელი მარაგი თავმოყრილია ბრაზილიაში. ეს რეგიონი ასევე მდიდარია შემდეგი სასარგებლო წიაღისეულით: მოლიბდენი (ჩილე, მექსიკა, პერუ), მანგანუმი (ბრაზილია), ბოქსიტები (ბრაზილია, ვენესუელა, იამაიკა, სურინამი), ტყვია-თუთია (მექსიკა, ბრაზილია, ბოლივია), სტიბიუმი (ბოლივია, მექსიკა), ბერილიუმი (ბრაზილია, არგენტინა), ფოსფატები (პერუ, ბრაზილია, მექსიკა), გოგირდი (ჩილე, მექსიკა), ვერცხლი (მექსიკა, პერუ).

ისტორია

კოლუმბამდელი ისტორია

მაჩუ-პიქჩუს ხედი — ინკების კოლუმბამდელი ძეგლი პერუში. მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი.

ლათინურ ამერიკაში დღემდე ცნობილი უძველესი ნასახლარი მონტე-ვერდეს სახელითაა ცნობილი, სამხრეთ ჩილეში, პუერტო-მონტის სიახლოვეს. ნასახლარი დაახლოებით 14 000 წლისაა, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ის უფრო ძველია. ათასწლეულების მანძილზე ხალხი მთელ კონტინენტზე გავრცელდა. ახალი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში, სამხრეთ ამერიკის ვრცელი წვიმის ტყეები, მთები, ვაკეები და სანაპირო ზოლი მილიონობით ადამიანით იყო დასახლებული. ამერიკის უძველესი დასახლებები ეკუთვნის ლას-ვეგასის კულტურას[21] ძვ. წ. 8000-4600 წლებში — არამოძრავ ჯგუფს ეკვადორის სანაპირო ზოლში, იგივე ეპოქის უფრო ცნობილი ვალდივიის კულტურის წინაპრებს. ზოგიერთმა ჯგუფმა უფრო მუდმივი დასახლებები შექმნა, მაგალითად ჩიბჩა-მუისკებმა და ტაირონამ. ამ ჯგუფებმა მოიცვეს კარიბის რეგიონი. ადგილობრივი ჯგუფები, რომლებმაც ყველაზე მტკიცე დასახლებები შექმნეს, იყვნენ ჩიბჩები კოლუმბიაში, კეჩუა და აიმარა ბოლივიასა და პერუში.

რეგიონი მრავალი ადგილობრივი ხალხისა და მოწინავე ცივილიზაციის სამშობლო გახდა, მათ შორის იყვნენ აცტეკები, ტოლტეკები, კარიბები, ტუპი, მაია და ინკები. მაიას ცივილიზაციის ოქროს ხანა დაიწყო ახ. წ. 250 წლიდან. შემდეგ მას მოჰყვა ორი უდიდესი ცივილიზაცია — აცტეკები და ინკები, რომლებიც XIV საუკუნის დასაწყისში და XV საუკუნის შუა წლებში, ერთმანეთის მიყოლებით დაწინაურდნენ. მთელი ამერიკის მასშტაბით, ბოლო, ყველაზე ძლევამოსილი ცივილიზაცია იყო აცტეკების იმპერია, სანამ მას კონტინენტზე შემოჭრილი ესპანელები გაანადგურებდნენ.

ევროპული კოლონიზაცია

ამერიკის კოლონიზაცია ევროპელთა მიერ (1750 წლისთვის).
ნასკას ნახატები, პერუ
რომანტიკული ნახატი „ქრისტეფორე კოლუმბის მოსვლა ამერიკაში“ (Primer desembarco de Cristóbal Colón en América); დიოსკორო პუებლა, 1862 წ.
წარსულში პორტუგალიის კოლონიის, ბრაზილიის არქიტექტურას საგრძნობლად ეტყობა პორტუგალიური კვალი. ფოტოზე: ქალაქ პარატის ქუჩა

ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობების შემდეგ დაწყებული მასობრივი ევროპული კოლონიზაციის შედეგად, ადგილობრივმა ელიტებმა, მაგალითად აცტეკებმა და ინკებმა ძალაუფლება დაკარგეს. ადგილობრივი ჯგუფების დახმარების წყალობით, ერნან კორტესმა აცტეკური ელიტების ძალაუფლებას მოუღო ბოლო, ფრანსისკო პისარომ კი ინკების მმართველებს სამხრეთ ამერიკის დასავლეთში. რეგიონის კოლონიზაცია ესპანეთმა და პორტუგალიამ მოახდინა. 1494 წელს, ტორდესილასის ხელშეკრულების საფუძველზე გაევლო სადემარკაციო ხაზი, რომელმაც ტერიტორია ესპანეთისა და პორტუგალიის საკონტროლო ნაწილებად გაყო. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ხაზის დასავლეთი ნაწილი ესპანეთს ერგო, პორტუგალიას კი მის აღმოსავლეთით დარჩენილი ტერიტორია (პორტუგალიის ტერიტორია სამხრეთ ამერიკაში შემდეგში ბრაზილიად იქცა).

კოლონიური ქალაქი გრანადა ნიკარაგუაში — ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ძეგლი ცენტრალურ ამერიკაში

XVI საუკუნის მიწურულს ესპანეთსა და პორტუგალიას სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, მათ შორის საფრანგეთი, რომელმაც საკმაოდ ვრცელი არეალების ოკუპაცია მოახდინა ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. გადმოღებულ იქნა ევროპული კულტურა, ჩვეულებები და მმართველობა, რომანულ-კათოლიკური ეკლესია მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება გახდა, სრულიად გაბატონდა ადგილობრივ რელიგიებზე და საბოლოოდ, ამ პერიოდის ამერიკაში ერთადერთი ოფიციალური რელიგია გახდა.

ევროპელების მიერ მოტანილმა ისეთმა ეპიდემიურმა დაავადებებმა, როგორებიცაა ყვავილი და წითელა, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი გაანადგურა. ისტორიკოსებს ამ დაავადებების შედეგად ამომწყდარი მოსახლეობის ზუსტი რიცხვის განსაზღვრა არ შეუძლიათ, თუმცა ზოგიერთი მათგანის მიერ დასახელებული ციფრები 85 %-დან 25 %-მდე მერყეობს. ისტორიული ჩანაწერების ნაკლებობის გამო, ზუსტი რიცხვის დასახელება ჭირს. ბევრი გადარჩენილი იძულებით გაამწესეს ევროპელთა პლანტაციებსა და მაღაროებში სამუშაოდ. საკმაოდ გახშირდა ადგილობრივებისა და ევროპელი კოლონისტების სისხლის აღრევა და უკვე კოლონიური პერიოდის დასასრულისთვის, შერეული წარმოშობის ხალხმა (მეტისები) რამდენიმე კოლონიაში მოსახლეობის უმრავლესობა შეადგინა.

დამოუკიდებლობა (1804–1825)

დონ მიგელ იდალგო ი კოსტილიამექსიკის დამოუკიდებლობისათვის ომის ლიდერი

1804 წელს ჰაიტი პირველო ლათინოამერიკული სახელმწიფო გახდა, რომელმაც საფრანგეთის კოლონია სან-დომინგოში, ტუსენ ლუვერტიურის მეთაურობით მონების აჯანყების შემდეგ, დამოუკიდებლობა მოიპოვა. გამარჯვებულებმა მონობა გააუქმეს. ჰაიტის დამოუკიდებლობამ სული შთაბერა დამოუკიდებლობის მოძრაობებს ესპანურ ამერიკაში.

XVIII საუკუნის მიწურულს, ესპანეთისა და პორტუგალიის ძალაუფლებამ მსოფლიო ასპარეზზე იკლო და მათი ადგილი სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაიკავეს. ესპანეთის ხელისუფლებისა მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვებისა და ადგილობრივი ესპანელების გაბატონების გამო ძირითად სოციალურ და პოლიტიკურ ინსტიტუციებში, ლათინური ამერიკის მოსახლეობაში უკმაყოფილება იზრდებოდა. 1808 წელს ესპანეთში ნაპოლეონის შეჭრა სიტუაციის შემოტრიალების წერტილად იქცა, კრეოლურმა ელიტებმა ხუნტები შექმნეს და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაიწყეს. ამევე დროს, ახალი მსოფლიოს მეორე უძველესმა სახელმწიფომ აშშ-ის შემდეგ — ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულმა ჰაიტიმ ბიძგი მისცა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მოძრაობების მეთაურებს, მაგალითად, მექსიკაში მიგელ იდალგო ი კოსტილიას, ვენესუელაში სიმონ ბოლივარს და ხოსე დე სან-მარტინს არგენტინაში; მათ მზადყოფნაში მოიყვანეს საკმაო რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობა და ჯარი.

ხუნტებსა და ესპანეთის კოლონიალურ მმართველობებს შორის სულ მალე სასტიკი ბრძოლები დაიწყო; გამარჯვებას ძირითადად დამოუკიდებლობის მომხრეები აღწევდნენ. ამის შემდეგ, ეს ადრეული მოძრაობები 1810 წლიდან ესპანეთის სამეფო არმიამ ჩაახშო, მათ შორის, მექსიკაში მიგელ იდალგო ი კოსტილია 1810 წელს, მოგვიანებით, 1812 წელს კი ფრანსისკო დე მირანდა ვენესუელაში. ახალი თაობის ხელმძღვანელების ლიდერობით, როგორებიც იყვნენ სიმონ ბოლივარი „განმათავისუფლებელი“, ხოსე დე სან-მარტინი არგენტინაში და სამხრეთ ამერიკის სხვა განმათავისუფლებლები, დამოუკიდებლობის მოძრაობამ ძალები მოიკრიბა და 1825 წლისთვის, მთელმა ესპანურმა ამერიკამ კუბისა და პუერტო-რიკოს გარდა, ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, 1822 წელს ბრაზილიამ კონსტიტუციური მონარქია დაამყარა. იმავე წელს, მექსიკაში, სამხედრო ოფიცერი აგუსტინ დე იტურბიდე სათავეში ჩაუდგა კონსერვატორებისა და ლიბერალების კოალიციას, რომელმაც კონსტიტუციური მონარქიული წყობა დაამყარა, იტურბიდე კი იმპერატორად გამოაცხადა. მექსიკის პირველი იმპერიის სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა, 1823 წელს კი ქვეყანაში რესპუბლიკა შეიქმნა.

კონსოლიდაცია და ლიბერალ-კონსერვატორთა კონფლიქტები (1818-1990)

სიმონ ბოლივარივენესუელის, კოლუმბიის, ეკვადორის, ბოლივიის, პერუსა და პანამის გამათავისუფლებელი.
ხოსე დე სან-მარტინიარგენტინის, ჩილესა და პერუს გამათავისუფლებელი.

კონსერვატორთა და ლიბერალთა კონფლიქტები XIX საუკუნის ლათინურ ამერიკაში

მას შემდეგ, რაც ლათინური ამერიკის ბევრმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, დაიწყო კონფლიქტები ხალხსა და მთავრობას შორის, რომელთა უმრავლესობაც შეიძლება დავიდეს იდეოლოგიურ დაპირისპირებაში ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის. რევოლუციებამდე, სამთავრობო სისტემაში დომინირებდა კონსერვატიზმი და იგი დაფუძნებული იყო სოციალური კლასების არსებობაზე, მეფის მმართველობით. ლიბერალებს მმართველობის სისტემებში ცვლილებები სურდათ, მათ მონარქიებისა და სოციალური კლასების მოშლა და თანასწორობის დამყარება უნდოდათ.

როდესაც 1824 წელს მექსიკის პრეზიდენტი ლიბერალი გუადელუპე ვიქტორია გახდა, კონსერვატორებს მტკიცედ სწამდათ, რომ სახელმწიფო ბევრად უკეთესი იყო ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლამდე, შესაბამისად, მათი თვალსაზრისით, ძველი მთავრობა ბევრად უკეთესი იყო. ამ აზრის კვალდაკვალ, კონსერვატორებმა მთავრობაზე კონტროლის დამყარება განიზრახეს, რაც გამოუვიდათ კიდეც. 1833 წელს პრეზიდენტად აირჩიეს გენერელი სანტა-ანა. მომდევნო ათწლეულში, მექსიკა-ამერიკის ომში (1846-1848) მექსიკამ შეერთებული შტატების სასარგებლოდ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. ამ დანაკარგმა განრისხებულ ლიბერალებს კონსერვატორული მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებისაკენ უბიძგა.

1837 წელს კონსერვატორმა რაფაელ კარერამ გვატემალა დაიპყრო და ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკიდან გამოიყვანა. ამ კავშირის დაშლის შემდეგ წარმოშობილი არასტაბილურობის შედეგად, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ცენტრალური ამერიკის სხვა სახელმწიფოებმაც.

ბრაზილიაში სასოფლო დასახლებების არისტოკრატებს კონფლიქტი ჰქონდათ ურბანულ კონსერვატორებთან. პორტუგალიური კონტროლი ბრაზილიის ნავსადგურებზე ამ უკანაკსნელის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც გაგრძელდა. იმ იდეაზე დაყრდნობით, რომ ძველი მთავრობა უკეთესი იყო, ურბანისტები მხარს კონსერვატორებს უჭერდნენ, რადგან მათთვის უფრო მეტი შესაძლებლობები იშლებოდა.

1819 წელს, მას შემდეგ რაც რეგიონმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, დიდი კოლუმბიის პრეზიდენტი სიმონ ბოლივარი გახდა. იგი სათავეში ჩაუდგა სამხედრო კონტროლის მქონე სახელმწიფოს. მოქალაქეებს ბოლივარის მთავრობის პოზიცია არ მოსწონდათ: მილიტარიზმში ხალხი უბედური იყო თავისი როლით და სამოქალაქო ნაწილის შეხედულებით, სამხედროებს ზედმეტად დიდი ძალაუფლება ეპყრათ ხელთ. დიდი კოლუმბიის დაშლის შემდეგ, კონსერვატორებისა და ლიბერალების კონფლიქტი ახლა უკვე ახალ გრანადაში გაგრძელდა. თითოეული ეს კონფლიქტი კონცენტრირებული იყო მოცემულ რეგიონებში, კონსერვატორები ძირითადად სამხრეთის მთებსა და კაუკის ხეობაში იყვნენ. 1840-იანი წლების შუაში ლიდერების გარკვეულმა ნაწილმა კარაკასში ლიბერალური ოპოზიცია ჩამოაყალიბეს. ამ მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო ჟურნალისტი ანტონიო ლეოკადიო გუსმანი, რომელიც კარაკასის მოსახლეობაში სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდა.[22]

არგენტინაში, კონფლიქტის მონაწილეებმა ეს ბრძოლა მონათლეს კონფლიქტად ცენტრალიზაციისა და ფედერალიზაციის მომხრეებს შორის, რაც კონსერვატორებისა და ლიბერალების ექვივალენტურია. ბრაზილიასთან ომში ურუგვაიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა, რის შემდეგაც ცენტრალური მთავრობა არგენტინაში ჩამოყალიბდა. სამოქალაქო ომი ცენტრალისტებსა და ფედერალისტებს შორის არგენტინაში მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც ცენტრალისტური ხელისუფლების სათავეში პირველი პრეზიდენტი მოვიდა. როდესაც პროვინციები არგენტინის ფედერაციაში მეთაურების გარეშე შევიდნენ და ხუან მანუელ დე როსასმა უარი განაცხადა სახელმწიფო კონსტიტუციის დამტკიცებაზე, კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა და ნამდვილ სამოქალაქო ომში გადაიზარდა.[23] ანალოგიური დაპირისპირების მონაწილეებს ურუგვაიში თეთრებსა (blancos) და წითლებს (colorados) უწოდებდნენ, სადაც თეთრები კონსერვატორებს წარმოადგენდნენ, წითლები კი მონტევიდეოში ბიზნეს-ინტერესების მქონეთ. ამ ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელიც „გერა გრანდეს“ სახელითაა ცნობილი.[24]

ბრიტანეთის გავლენა XIX საუკუნის ლათინურ ამერიკაში

მას შემდეგ, რაც XVIII საუკუნის მიწურულს დიდმა ბრიტანეთმა ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიები დაკარგა, უკვე XIX საუკუნის ბოლოს რესურსების მომწოდებელი ახალი ბაზრების საჭიროების წინაშე აღმოჩნდა.[25] ამ პრობლემის გადასაჭრელად, დიდმა ბრიტანეთმა ესპანეთის სამხრეთამერიკულ კოლონიებს დაადგა თვალი. 1806 წელს პატარა ბრიტანულმა ძალებმა მოულოდნელი იერიში მიიტანა რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოს მთავრობის შენობაზე.[26] ადგილობრივი გარნიზონი მომხვდურებს მედგრად დაუხვდა, მაგრამ დაცვის დროს შენობა დაინგრა. ბრიტანელების ხელთ აღმოჩნდა დიდი რაოდენობის ძვირფასი მეტალი, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა საფრანგეთის საზღვაო ძალები, რომლებმაც ბრიტანელები ესპანეთის მეფის სახელით გაანადგურა. თუმცა, ამ შემთხვევას მაინც მოჰყვა უწესრიგობა, რადგან არეალზე კონტროლი მილიციამ აიღო. მომდევნო წელს უფრო დიდი ძალებით ბრიტანელებმა კიდევ ერთი იერიში განახორციელეს, ამჯერად მათ მონტევიდეოს აღება ეწადათ. მართალია მათ მონტევიდეოს ვერ მიაღწიეს, მაგრამ წარმატებით შეკრეს ალიანსი ადგილობრივებთან.[27] საბოლოოდ, ბრიტანელებმა ინდიელთა ბაზრებზე კონტროლი დაამყარეს.

ახლად დამყარებულმა ბრიტანულმა დომინანტობამ დიდად შეუშალა ხელი ლათინური ამერიკის მრეწველობის განვითარებას და გააძლიერა რეგიონის დამოკიდებულება მსოფლიო სავაჭრო ქსელზე.[28] ბრიტანეთმა ჩაანაცვლა ესპანეთი, როგორც რეგიონის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი.[29] დიდმა ბრიტანეთმა ლათინურ ამერიკაში მნიშვნელოვანი მოცულობის კაპიტალი ჩადო, რადგან გეგმაში ჰქონდა რეგიონის განვითარება და საქონლის მწარმოებელ ბაზრად ქცევა.[30] 1820-1850-იანი წლების ლათინური ამერიკის პოსტდამოუკიდებელი ქვეყნების ეკონომიკა უმოქმედო იყო და სტაგნაციას განიცდიდა.[25] საბოლოოდ, ბრიტანეთსა და ლათინურ ამერიკას შორის გაზრდილმა ვაჭრობამ ხელი შეუწყო სახელმწიფოთა განვითარებას, მაგალითად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.[31] მათ შორის იყო გზები და რკინიგზები, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ამ ქვეყნების ვაჭრობას ერთმანეთთან და გარესამყაროსთან. 1870 წლისთვის დრამატულად გაიზარდა ექსპორტი, რამაც კაპიტალიც კი მოიზიდა საზღვარგარეთიდან (მათ შორის ევროპიდან და აშშ-დან).[32]

საფრანგეთის ჩართულობა XIX საუკუნის ლათინურ ამერიკაში

პუებლის ბრძოლა

1821-1910 წლებში მექსიკაში რამდენიმე სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა კონსერვატორულ მთავრობასა და ლიბერალ რეფორმისტებს შორის. 1861 წელს ლიბერალმა ამბოხებულებმა ბენიტო ხუარესის მეთაურობით ქალაქი მეხიკო აიღეს და ლიბერალური მმართველობა დაამყარეს. შედეგად, მექსიკა მუდმივი ომებისგან გათავისუფლდა, მაგრამ უზარმაზარი ვალები დარჩა ესპანეთთან, ინგლისთან და საფრანგეთთან. მომდევნო ორი წლის მანძილზე ახლად დანიშნულმა პრეზიდენტმა ბენიტო ხუარესმა ვალების გადახდა შეწყვიტა და ახალი მთავრობის მთელი ძალისხმევა მექსიკის აღმშენებლობისა და სტაბილიზაციისაკენ მიმართა. 1861 წლის 8 დეკემბერს, მექსიკისგან ვალების ამოღების მიზნით, ესპანეთი, საფრანგეთი და ინგლისი ქალაქ ვერაკრუსს მიადგნენ. თუმცა, ნაპოლეონ III-მ, რომელსაც ეკონომიკური ინტერესების მიღმა საფრანგეთის სატელიტი სახელმწიფოს შექმნა სურდა, 1862 წელს ესპანეთი და ინგლისი ჩამოიშორა. ნაპოლეონ III-ის საფრანგეთმა მექსიკის იმპერატორად დაადგინა ავსტრიის ერცჰერცოგი მაქსიმილიან ჰაბსბურგი. საფრანგეთის მსვლელობას ქალაქ მეხიკოსაკენ სასტიკი წინააღმდეგობა შეხვდა მექსიკის მთავრობის მხრიდან, რაც ღია ომში გადაიზარდა. 1862 წლის პუებლის ბრძოლაში მექსიკის არმიამ იგნასიო სარაგოსას მეთაურებით ფრანგებს სძლია და განდევნა. გამარჯვება მექსიკის ძალაუფლების სიმბოლო გახდა, ვინაიდან ქვეყანამ უცხოური ოკუპაცია აიცილა თავიდან, თუმცა ფრანგების შეტევა მეხიკოზე მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. მექსიკელი აჯანყებულების სასტიკმა წინააღმდეგობამ და იმის შიშმა, რომ საფრანგეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატები გაილაშქრებდა, ნაპოლეონ III აიძულა მექსიკას გასცლოდა და მტრისთვის დაეტოვებინა მაქსიმილიანი, რომელიც შემდეგ მექსიკის ჯარებმა დახვრიტეს პორფირიო დიასის მეთაურობით. ნაპოლეონ III-ის სურვილმა განევრცო საფრანგეთის ეკონომიკური იმპერია თავი იჩინა გადაწყვეტილებაში, გაეფართოებინა ტერიტორიები ცენტრალური ამერიკის რეგიონის ხარჯზე. საფრანგეთის მთავარი ინტერესი იყო საპორტო ქალაქი ვერაკრუსი და ახალი არხის აშენება. ნაპოლეონის მთავარი ეკონომიკური მიზანი იყო ახალი მსოფლიოსა და აღმოსავლეთ აზიის სავაჭრო გზების დაკავშირება საფრანგეთთან, რათა გაზრდილიყო ძვირფასი ქანების მაღაროების დამუშავება და საფრანგეთის ტექსტილის ინდუსტრია. წყნარი ოკეანის რეგიონსა და მთლიანი ახალი მსოფლიოს ყველა აქტივში შეერთებული შტატების ეკონომიკურმა გავლენამ ძლიერ შეაშინა ნაპოლეონი, რამაც ის აიძულა ვალის ამოღების საბაბით მექსიკაში შეჭრილიყო. საბოლოოდ, 1881 წელს საფრანგეთმა პანამის არხის მშენებლობა დაიწყო, რაც 1904 წელს შეერთებულმა შტატებმა გადაიბარა და ბოლომდე მიიყვანა.

აშშ-ის ჩართულობა XIX საუკუნის ლათინურ ამერიკაში

მონროს დოქტრინა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯეიმზ მონრო

მონროს დოქტრინა წარმოადგინეს 1823 წელს, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაში კონგრესთან. დოქტრინა ევროპულ სახემწლიფოებს აფრთხილებდა, რომ შეერთებული შტატები გულგრილი ვეღარ დარჩებოდა მათ მიერ ლათინური ამერიკის კოლონიზაციისას. თავდაპირველად ის წამყვანი სახელმწიფოების მისამართით მომზადდა, მაგრამ სულ მალე დასავლეთ ნახევარსფეროში შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის სახელმძღვანელოდ იქცა. დოქტრინა ძალაში შევიდა 1865 წელს, როდესაც აშშ-ის მთავრობამ მექსიკის პრეზიდენტ ბენიტო ხუარესს დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადა. ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა მონროს დოქტრინის მიღმა აშშ-ის ინტერვენციას ხედავდა, როცა ეს უკანასკნელი ამას საჭიროდ ჩათვლიდა.

ლათინურ ამერიკაში აშშ-ის ჩართულობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო უილიამ უოლკერის შემთხვევა. უოლკერი ცნობილი სამხედრო ავანტიურისტი იყო, რომელიც უცხო ქვეყნებში მოქმედებდა და შტატების მიერ მათი ანექსიის გეგმებს ამზადებდა. 1855 წელს ის ნიკარაგუაში გაემგზავრა იმ იმედით, რომ დაამხობდა ხელისუფლებას და ქვეყანას აშშ-ს გადასცემდა. მხოლოდ 56 მიმდევართან ერთად, უოლკერმა ქალაქ გრანადის აღება შეძლო. მან თავი არმიის მეთაურად გამოაცხადა, პატრისიო რივასი კი პრეზიდენტად. რივასის პრეზიდენტობა მაშინ დასრულდა, როცა ის ნიკარაგუიდან გაიქცა. ახალი პრეზიდენტი უილიამ უოლკერი გახდა. თუმცა, არც მისი მმართველობა გაგრძელებულა დიდხანს. იგი დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფებისა და მეზობელი ქვეყნების მხრიდან. 1857 წლის 1 მაისს, უოლკერი იძულებული გახდა ჩაბარებოდა ამერიკელ საზღვაო ოფიცერს, რომელიც მას და მის ხალხს ნიკარაგუის დატოვებას აიძულებდა.

მექსიკა-ამერიკის ომი (1846–1848)

ამერიკა-მექსიკის ომი

ლათინურ ამერიკაში აშშ-ის ჩართულობის კიდევ ერთი შემთხვევა იყო ამერიკის ომი მექსიკასთან, რომელიც 1846 წლის აპრილში დაიწყო და 1848 წლის თებერვლამდე გაგრძელდა. ომის მთავარი მიზეზი იყო 1845 წელს ტეხასის ანექსია და ამის შედეგად გამოწვეული დავა ამ ქვეყნებს შორის საზღვრის შესახებ, მექსიკა მოითხოვდა, რომ საზღვარს მდინარე ნუესესზე გაევლო, აშშ კი მდინარე რიო-გრანდეზე. მექსიკა-ამერიკას შორის მშვიდობა დამყარდა გვადალუპე-იდალგოს ხელშეკრულების შედეგად, რომლის თანახმადაც, მექსიკა აშშ-ს უთმობდა ტერიტორიებს, რომლებიც შემდეგში კალიფორნიისა და ნიუ-მექსიკოს ნაწილი გახდა, გარდა ამისა, მექსიკა უარს აცხადებდა ტეხასის მიმართ პრეტენზიაზე, რის სანაცვლოდაც შტატები მას 15 000 000 დოლარს უხდიდა. მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის მაინც დიდი დაძაბულობა რჩებოდა და მომდევნო ექვსი წლის მანძილზე, სიტუაცია მხოლოდ უარესდებოდა, რასაც თან ახლდა რეიდები საზღვრის გასწვრივ, ასევე ადგილობრივი ინდიელების თავდასხმები მექსიკის მოქალაქეებზე. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, შტატები დათანხმდა მექსიკისგან ეყიდა 29 670 კვადრატული მილი ტერიტორია 10 000 000 დოლარად, რაც ასევე საშუალებას იძლეოდა აშენებულიყო ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სანაპიროების დამაკავშირებელი სამხრეთის რკინიგზა. ამ შემთხვევას შემდეგ გედსდენის შენაძენი ეწოდა. ლათინური ამერიკის საქმეებში აშშ-ის ინტერვენციამ კრიტიკული ფორმა მიიღო ესპანეთ-ამერიკის ომში, რამაც რადიკალურად ცუდად იმოქმედა კუბისა და პუერტო-რიკოს მომავალზე, ისევე როგორც გუამისა და ფილიპინებისაზე, ეს პროცესი ესპანეთის მიერ მსოფლიოში შემორჩენილი უკანასკნელი კოლონიების დაკარგვით დასრულდა.

მსოფლიო ომები (1914–1945)

ბრაზილიის მონაწილეობა II მსოფლიო ომში

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რომელშიც ბრაზილია შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოკავშირე იყო, ქვეყანამ გააანალიზა, რომ უფრო უნარიანი არმია ესაჭიროებოდა, მაგრამ ამის მისაღწევად საკმარისი ტექნოლოგიები არ გააჩნდა. 1919 წელს, ბრაზილიაში საფრანგეთის კომიტეტმა ფრანგული სამხედრო მისია დააარსა. მთავარი მიზანი ბრაზილიის შიდა ამბოხებების ჩახშობა იყო. ისინი ცდილობდნენ არმიისთვის ესწავლებინათ ევროპული სამხედრო სტანდარტები, მაგრამ მუდმივი სამოქალაქო მისია მათ მეორე მსოფლიო ომისთვის არ ამზადებდა.

ბრაზილიის პრეზიდენტ ჟეტულიუ ვარგასს ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია სურდა, რადგან ბრაზილია სხვა ქვეყნების მიმართ უფრო კონკურენტუნარიანი გამხდარიყო. მან სავაჭრო შეთანხმებები დადო გერმანიასთან, იტალიასთან, საფრანგეთთან და აშშ-სთან. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე წლებით ადრე, ბრაზილიაში გადასახლდა ბევრი იტალიელი და გერმანელი, რამაც ნაცისტური გავლენა შექმნა. იმიგრანტები მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებში მაღალ პოზიციებს იკავებდნენ. ბოლო დროს ისიც გახდა ცნობილი, რომ სამხრეთ ამერიკაში ომის 9000 კრიმინალი გაიქცა, მათ შორის იყვნენ ხორვატები, უკრაინელები, რუსები, ასევე დასავლეთ ევროპელები, რომლებიც ნაცისტური ომის მანქანას ეხმარებოდნენ. მათგან 5000 არგენტინაში დასახლდა, 1500-დან 2000-მდე ბრაზილიაში, დაახლოებით 500-დან 1000-მდე ჩილეში, დანარჩენები კი პარაგვაისა და ურუგვაიში.[33] არავისთვის იყო საიდუმლო, რომ პრეზიდენტი ვარგასი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ნაცისტური გერმანიისა და მისი ფიურერის მიმართ. მან გერმანიის საჰაერო ძალებს ბრაზილიის ტერიტორიაზე საიდუმლო ბაზების აშენების ნება მისცა, მაგრამ ვარგასმა ასევე კარგად იცოდა, რომ ვერასოდეს მოიპოვებდა ნაცისტების კეთილგანწყობას, მათი რასისტული დამოკიდებულების გამო ბრაზილიის საკმაოდ დიდი შავკანიანი მოსახლეობის მიმართ. ეს ალიანსი გერმანიასთან ბრაზილიის მეორე საუკეთესო სავაჭრო კავშირი გახდა შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობის შემდეგ.

ბრაზილია შეერთებული შტატებისა და გერმანიის მიმართ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა, რადგან სურდა ეჩვენებინა, რომ ის ორივე დაპირისპირებული მხარისათვის საინტერესო ქვეყანა იყო. ბრაზილია ესწრებოდა კონტინენტურ შეხვედრებს ბუენოს-აირესში (1936), ლიმასა (1938) და ჰავანაში (1940), რის შედეგადაც ის ვალდებული გახდა თავდასხმის შემთხვევაში დაეცვა ამერიკის ნებისმიერი ნაწილი. საბოლოოდ, ბრაზილიამ უარი თქვა გერმანიასთან სავაჭრო ურთიერთობაზე, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა თავდასხმები განახორციელა ოფშორულ სავაჭრო გემებზე, რაც იმით დასრულდა, რომ გერმანიამ ამერიკის წინააღმდეგ ბლოკადა გამოაცხადა ატლანტის ოკეანეში. გარდა ამისა, გერმანიამ უახლოეს პერიოდში ამერიკის კონტინენტზე თავდასხმის გადაწყვეტილებაც მიიღო.

როდესაც გერმანიის წყალქვეშა ნავები ბრაზილიის შეუიარაღებელ სავაჭრო გემებს დაესხნენ თავს, პრეზიდენტი ვარგასი აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტს შეხვდა, რათა შურისძიების გზები განეხილა. 1942 წლის 22 იანვარს ბრაზილიამ ოფიციალურად გაწყვიტა ყველანაირი ურთიერთობა გერმანიასთან, იაპონიასთან და იტალიასთან და მოკავშირეებს შეუერთდა.

დემოკრატიისთვის ბრძოლის მიზნით, ბრაზილიის საექსპედიციო კორპუსი გაიგზავნა იტალიის ნეაპოლის რეგიონში. ბრაზილია ერთადერთი ლათინოამერიკული ქვეყანა იყო, რომელმაც ევროპაში ჯარები გაგზავნა. საწყის ეტაპზე, ბრაზილიას მხოლოდ ომისათვის რესურსებისა და თავშესაფრების მომზადება სურდა, რათა ომის შემდეგ კარგი სტატუსი ჰქონოდა, მაგრამ საბოლოოდ, მას ბრძოლებში 25 000 კაცის გაგზავნა მოუხდა.[34]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ლათინურმა ამერიკამ მჭიდრო ურთიერთობები განაგრძეს. მაგალითად, USAID-მა რეგიონში შექმნა ოჯახის დაგეგმვის პროგრამები, რის შედეგადაც მასიურად კათოლიკურ რეგიონებში ქალებს კონტრაცეპტივების გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ.[35]

ცივი ომი (1946–1990)

ეკონომიკა

დიდი დეპრესიის გამო, ლათინური ამერიკა დაბალი კოეფიციენტით იზრდებოდა, რაც მას განზე აყენებდა წამყვანი ინდუსტრიული დემოკრატიებისგან. ორმა მსოფლიო ომმა და აშშ-ის დეპრესიამ ლათინური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკის ჩამორჩენილობა გამოიწვია, რამაც რეგიონი აიძულა შეეცვალა იმპორტის პოლიტიკა ინდუსტრიალიზაციით.[36] ქვეყნებმა ასევე მეტი აქცენტი გადაიტანეს ექსპორტზე. ბრაზილიამ სხვა ქვეყნებში ავტომობილების გაყიდვა დაიწყო, ზოგიერთმა ლათინოამერიკულმა ქვეყანამ კი იმპორტის ხარჯზე ქარხნების გახსნა დაიწყო, რამაც სხვა ქვეყნებს საშუალება მისცა ესარგებლათ ლათინური ამერიკის იაფი მუშახელით. კოლუმბიამ ყვავილების, ზურმუხტების, ყავისა და ოქროს ექსპორტი დაიწყო, რის შედეგადაც, ის მსოფლიოში ყვავილების მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა.

ეკონომიკური ინტეგრაციის ხარჯზე, ამ ქვეყნებს შესაძლებლობა ეძლეოდათ გაჯიბრებოდნენ აშშ-ისა და ევროპულ ეკონომიკებს. 1960-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც შეიქმნა ლათინური ამერიკის თავისუფალი სავაჭრო ასოციაცია და ცენტრალური ამერიკის საერთო ბაზარი, რეგიონის ქვეყნებმა მთელი ძალისხმევა ეკონომიკური ინტეგრაციისკენ მიმართეს.[36]

რეფორმები

დიდმა ქვეყნებმა, მაგალითად არგენტინამ, რეფორმები დაიწყო უთანასწორობის აღმოსაფხვრელად მდიდრებსა და ღარიბებს შორის, რაც დიდი პრობლემა იყო ლათინურ ამერიკაში და სერიოზულად აფერხებდა ეკონომიკის ზრდას.[37]

საზოგადოებრივ ჯანდაცვაში მიღწეულმა წარმატებებმა მოსახლეობის ზრდის ნამდვილი აფეთქება გამოიწვია, რამაც შედეგად სოციალური სერვისების გაუარესება მოიტანა. გაფართოვდა განათლების სისტემა, გაუმჯობესდა სოციალური უსაფრთხოების სისტემები, თუმცა პრივილეგიები როგორც წესი საშუალო კლასისკენ მიემართებოდა და არა ღარიბებისკენ. შედეგად, კეთილდღეობის უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზარდა. გაზრდილმა ინფლაციამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ ქვეყნები ვერ აფინანსებდნენ ღარბიების დასახმარებლად მიმართულ სოციალური განვითარების პროგრამებს.

ბიუროკრატიული ავტორიტარიზმი

1964 წლის შემდეგ ბრაზილიაში, არგენტინასა და პინოჩეტის ჩილეში, ცუდი ეკონომიკური პირობების გამო ბიუროკრატიული ავტორიტარიზმი სუფევდა. ამის განაჩენად კი ის რჩებოდა, რომ არც ერთ დემოკრატიას არ შეეძლო აღეკვეთა სასტიკი ინფლაცია, მოეზიდა ინვესტორები და სწრაფად და ეფექტიანად გაეუმჯობესებინა ეკონომიკური ზრდა. როდესაც ინფლაცია მნიშვნელოვნად დაეცა, მრეწველობა უკვე სავალალო პირობებში იმყოფებოდა.[37]

აშშ-სთან ურთიერთობები

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომი დაიწყო; ამ დროს ამერიკელი დიპლომატები აზიით, აფრიკითა და ლათინური ამერიკით დაინტერესდნენ და ამ რეგიონის ქვეყნებში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ხშირად აწარმოებდნენ რწმუნებათა გადაცემის ომს. აშშ-ის მიზანი კომუნიზმის გავრცელების შეჩერება იყო. ცივი ომის პერიოდში ლათინური ამერიკის ქვეყნები როგორც წესი აშშ-ს მხარეს იკავებდნენ, ზოგიერთი მათგანი იმასაც კი აპროტესტებდა, რომ შეერთებული შტატები მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევდა და კომუნიზმს ძირითადად ებრძოდა ევროპასა და აზიაში და არა ლათინურ ამერიკაში. ზოგიერთი ლათინოამერიკული ქვეყნის მთავრობა აშშ-სგან იმასაც კი მოითხოვდა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საშუალებით განეხორციელებინა ინტერვენცია და დაემხო რეგიონის ზოგიერთი ნაციონალისტური რეჟიმი. 1947 წელს აშშ-ის კონგრესმა გამოსცა ეროვნული უსაფრთხოების აქტი, რის საფუძველზეც, აშშ-ის მზარდი ანტიკომუნისტური აკვიატების საპასუხოდ შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.[38]

1954 წელს, როდესაც გვატემალის პრეზიდენტი ხაკობო არბენსი კომუნისტების მხარდაჭერას დათანხმდა და ამერიკულ United Fruit Company-ს ჰოლდინგებზე იერიში მიიტანა, შეერთებულმა შტატებმა გვატემალელი კონტრრევოლუციონერების მხარდაჭერა და არბენსის დამხობა გადაწყვიტა. ინტერვენცია ძირითადად ცენტრალური სადაზვრევო სააგენტოს ხერხებით განხორციელდა და არა სამხედრო გზით, რასაც აშშ ცივი ომის დროს ხშირად მიმართავდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ამის მაგალითი იყო ასევე ჩილეში სალვადორ ალიენდეს დამხობა. ლათინური ამერიკა ყველაზე მეტად მაინც ეკონომიკური განვითარების პრობლემის წინაშე იდგა, მაშინ, როცა აშშ რეგიონში ძირითადად კომუნიზმთან ბრძოლით იყო დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ ლათინურ ამერიკაში კომუნიზმი ძალიან მცირედ იყო წარმოდგენილი.[38]

კუბის რევოლუცია

კუბის რევოლუცია

1959 წლისთვის კუბაში ფულხენსიო ბატისტას კორუფციული, დიქტატორული რეჟიმი იყო. სწორედ ამ წელს, ბატისტა ფიდელ კასტრომ დაამხო და დასავლეთ ნახევარსფეროში პირველი კომუნისტური სახელმწიფო შექმნა. აშშ იძულებული გახდა კუბისთვის სავაჭრო ემბარგო დაეწესებინა. ამას დაემატა კასტროს მიერ კერძო საწარმოების ექსპროპრიაცია და ორივე ფაქტორმა ერთად კუბის ეკონომიკა მნიშვნელოვნად აზარალა.[36] კუბის მაგალითის შთაგონებით, მთელ ლათინურ ამერიკაში სასოფლო პარტიზანული კონფლიქტები და ურბანული ტერორისტული აქტები გაიზარდა. პარტიზანების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებში ლათინური ამერიკის ქვეყნებს ეხმარებოდა შეერთებული შტატები, კერძოდ პრეზიდენტ კენედის მიერ შექმნილი „ალიანსი პროგრესისთვის“. ამ დარტყმებს წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. 1970 წელს ჩილეს პრეზიდენტი გახდა მარქსისტი სალვადორ ალიენდე, თუმცა სამი წლის შემდეგ, აშშ-მა ის სამხედრო გადატრიალების გზით დაამხო. მიუხედავად სამოქალაქო ომისა, კრიმინალის მაღალი დონისა და პოლიტიკური არასტაბილურიბისა, ლათინური ამერიკის უმრავლესმა ქვეყანამ, გარდა კუბისა, თანდათანობით დემოკრატიული წყობა დაამყარა.

შეჭრა ღორების ყურეში

რაულ კასტრო (მარცხნივ) და ჩე გევარა (მარჯვნივ) ორიენტეს პროვინციაში, კუბა

გვატემალაში მიღწეული წარმატებით შეგულიანებულმა შეერთებულმა შტატებმა 1960 წელს გადაწყვიტა კასტროს მოწინააღმდეგე ამბოხებულების შეტევისთვის დაეჭირა მხარი. 1961 ღორების ყურეში შეჭრა წარუმატებელი გამოდგა, მას აშშ აფინანსებდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საშუალებით და მიზანი კასტროს დამხობა იყო. ეს ინციდენტი კენედის ახალი ადმინისტრაციისათვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო.

ალიანსი პროგრესისთვის

1961 წელს, შეერთებულ შტატებსა და ლათინურ ამერიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, პრეზიდენტი კენედი „ალიანსი პროგრესისთვის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ალიანსს ლათინურ ამერიკაში რეფორმებისათვის და სამხედრო კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით 20 მილიარდი დოლარი უნდა უზრუნველეყო. რეფორმები წარუმატებელი გამოდგა, იმ ზედმეტად მარტივი თეორიის გამო, რასაც ის ეფუძნებოდა, ერთ-ერთი მიზეზი ასევე იყო ლათინური ამერიკის საკითხებში განსწავლული ექსპერტების სიმცირე.

კარიბის კრიზისი

საბჭოთა ბირთვულ ქობინიანი რაკეტა

1962 წელს კარიბის კრიზისმა აშშ და საბჭოთა კავშირი ომის ზღვარზე მიიყვანა. საბჭოთა კავშირის ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა კუბაში განათავსა ბირთვული ქობინები, რომელთაც შეეძლო გაენადგურებინა შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი. კუბაში დამატებითი საბჭოთა ქობინების შეტანის თავიდან აცილების მიზნით, პრეზიდენტმა კენედიმ გადაწყვიტა კუბა საზღვაო ბლოკადაში მოექცია. საბოლოოდ, ხრუშჩოვმა უკან დაიხია და ქობინები კუბიდან გაიტანა. საპასუხოდ, კენედი დათანხმდა, რომ არასოდეს შეიჭრებოდა კუბაში და თურქეთიდან გაიტანდა ბირთვულ შეიარაღებას.

ვაშინგტონის კონსენსუსი

1980-1990-იან წლებში, კრიზისის შედეგად დაზარალებული ქვეყნების რეფორმების მხარდასაჭერად, ვაშინგტონმა დაიწყო სპეციფიკური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რაც ერთგვარ „სტანდარტად“ მიიჩნეოდა. ეს პოლიტიკა ეყრდნობოდა ისეთ ინსტიტუციებს, როგორებიც იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.

ბოლო წლებში, ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანას სოციალისტები ან სხვა მემარცხენე მიმართულების მთავრობები მართავენ, მათ შორისაა არგენტინა და ვენესუელა, რომლებიც ვაშინგტონის კონსენსუსის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებენ. (ლათინური ამერიკის სხვა მემარცხენე მთავრობებს შორისაა ბრაზილია, ჩილე და პერუ.

შებრუნება მარცხნივ

სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის სამიტი პალასიო-დე-ლა-მონდენაში, სანტიაგო, ჩილე.

2000-იან წლებში, რეგიონის უმრავლეს ქვეყნებში, ხელისუფლების სათავეში მემარცხენე მიმართულების პარტიები მოვიდნენ. უგო ჩავესი ვენესუელაში, რიკარდო ლაგოსი და მიშელ ბაჩელეტი ჩილეში, ლულა და სილვა და დილმა რუსეფი ბრაზილიაში, ნესტორ კირხნერი და შემდეგ მისი ცოლი კრისტინა ფერნანდესი არგენტინაში, ტაბარე ვასკესი და ხოსე მუხიკა ურუგვაიში, ევო მორალესი ბოლივიაში, დანიელ ორტეგა ნიკარაგუაში, რაფაელ კორეა ეკვადორში, ფერნანდო ლუგო პარაგვაიში, მანუელ სელაია ჰონდურასში (დაამხეს სამხედრო გადატრიალებით) და მურისიო ფუნესი სალვადორში — ყველა მათგანი მემარცხენე ფრთის პოლიტიკოსია, რომლებიც საკუთარ თავს ხშირად სოციალისტებად, ლათინოამერიკანისტებად ან ანტიიმპერიალისტებად მოიხსენიებენ (ხშირად ეწინააღმდეგებიან აშშ-ის პოლიტიკას რეგიონში). ასეთი ვითარების შედეგად, ზოგიერთმა უკვე დასახელებულმა ქვეყანამ შექმნა რვაწევრიანი ალიანსი ALBA — „ბოლივარული ალიანსი ჩვენი ამერიკის ხალხისათვის“ (ესპ. Alianza Bolivariana para los Pueblos de Nuestra América). 2013 წლის დეკემბრისთვის, კოსტა-რიკას (ლაურია ჩინჩილია), ჰონდურასს (პორფირიო ლობო), გვატემალას, კოლუმბიას (ხუან მანუელ სანტოსი), დომინიკელთა რესპუბლიკას (დანილო მედინა) და პანამას (რიკარდო მარტინელი) მემარჯვენე მიმართულების მთავრობები ჰყავდა.

სოციალური მოძრაობების დაბრუნება

1982 წელს მექსიკამ განაცხადა, რომ მას საგარეო ვალების გასტუმრება არ შეეძლო, რამაც ვალების კრიზისი წარმოშვა და მომდევნო ათწლეულის მანძილზე ლათინური ამერიკის ეკონომიკის ერთგვარი „დისკრედიტაცია“ გამოიწვია.[39] ვალების ამ კრიზისმა უბიძგა ნეოლიბერალურ რეფორმებს, რამაც თავის მხრივ რეგიონში ბევრი სოციალური მოძრაობა შეაგულიანა. ლათინურ ამერიკაში „განვითარების ცვლილება“ გაბატონდა, რაც გამოწვეული იყო უარყოფითი ეკონომიკური ზრდით, მრეწველობის შემცირებით და შესაბამისად, საშუალო და ქვედა კლასების ცხოვრების დონის დაბალი სტანდარტებით.[40] მთავრობებმა უპირველეს პოლიტიკურ მიზნად დაისახეს ფინანსური და სოციალური უსაფრთხოება, აამუშავეს ახალი ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც მოჰყვა მანამდე სახელმწიფოს კუთვნილი ინდუსტრიების პრივატიზაცია და შრომის არაფორმალიზაცია.[39] მეტი ინვესტორის მოზიდვის მცდელობისას, მთავრობები ასევე აქტიურად ჩაერთვნენ გლობალიზაციის პროცესში და საერთაშორისო ეკონომიკასთან უფრო გახსნილი ურთიერთობები დაამყარეს. ლათინური ამერიკის მასშტაბით დემოკრატიის გავრცელებასთან ერთად, მთავრობის მმართველობა უფრო ინკლუზიური ხდებოდა, ეკონომიკური რისკები ექსკლუზიურად რჩებოდა საზოგადოების მცირე ელიტური ჯგუფებისათვის. ნეოლიბერალური რესტრუქტურიზაციის შედეგად შემოსავლების გადანაწილება გაიზარდა, თუმცა სოციალური კეთილდღეობის უფლებებისათვის უარყოფილ იქნა პოლიტიკური პასუხისმგებლობა. რაც უფრო იზრდებოდა რეგიონში განვითარების პროექტები, მით მეტად იზრდებოდა უთანასწორობა და სიღარიბე.[39] ამ პროექტებს მიღმა დარჩენილმა დაბალმა კლასმა მთელი ლათინური ამერიკის მასშტაბით სოციალური მოძრაობები გააცოცხლა.

ბავშვები მღერიან ჰიმნს, უადგილმამულო მუშათა მოძრაობის მე-20 დაბადების დღე.

ეკონომიკური და გლობალური ტენდენციების შედეგად, როგორც სოფლის, ისე ქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები აწუხებდა, რაც მათ მასობრივი დემონსტრაციების გამართვას აიძულებდა. მათ შორის ყველაზე დიდი და ძალადობრივი მიტინგები გაიმართა ურბანული სერვისების არქონის გამო; ასეთი დემონსტრაციების მაგალითები იყო კარასაო ვენესუელაში და არხენტინასაო არგენტინაში.[41]

სასოფლო მოძრაობებს სხვადასხვაგვარი მოთხოვნები ჰქოდათ, რომლებიც ძირითადად დაკავშიორებული იყო მიწის უთანასწორო გადანაწილებასთან, განვითარების პროგრამებში ჩართვასთან, გარემოსდაცვით საკითხებთან, ნეოლიბერალურ სასოფლო-სამეურნეო რესტრუქტურიზაციასთან და საარსებო წყაროს ნაკლებობასთან. ამ მოძრაობებს სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა საერთაშორისო კონსერვატორული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. უადგილმამულო მუშათა მოძრაობა ამჟამად შესაძლოა ყველაზე დიდი თანამედროვე სოციალური მოძრაობაა ლათინურ ამერიკაში.[41] იქიდან გამომდინარე, რომ მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად სასოფლოა, სოციალური სასოფლო მოძრაობების დიდ წილს ადგილობრივი მოძრაობები შეადგენს, მათ შორისაა ეროვნული განთავისუფლების საპატისტური არმია მექსიკაში, ადგილობრივ ნაციონალისტთა კონფედერაცია ეკვადორში, ადგილობრივი ორგანიზაციები ეკვადორისა და ბოლივიის ამაზონიის რეგიონში, პან-მაიური საზოგადოებები გვატემალაში, იანომამოს ადგილობრივ ჯგუფთა მობილიზაცია ამაზონიაში, კუნას ხალხის პანამაში, ალტიპლანოს აიმარასა და კეჩუას ხალხის ბოლივიაში.[41] სოციალური მოძრაობების სხვა მნიშვნელოვან ტიპებს შორისაა შრომითი ბრძოლები და გაფიცვები, როგორიცაა მუშათა თვითმენეჯმენტის მქონე ფაბრიკები არგენტინაში, ისევე როგორც გენდერზე ორიენტირებული მოძრაობები, მაგალითად პლასა-დე-მაიოს დედები არგენტინაში და პროტესტი მაკილადორას ტიპის წარმოების მიმართ, რადგან ის ძირითადად ქალის იაფ შრომას იყენებს.[41]

ფართო პოლიტიკურ მარცხნივ გადახრასთან ერთად, ეს მრავალფეროვანი სოციალური მოძრაობები დღემდე გრძელდება. მათ მსოფლიო მასშტაბით უფრო მზარდი ნდობა და სოციალური ცნობიერება აქვთ იმ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, რაც გავლენას ახდენს ლათინური ამერიკის ადგილობრივ ხალხებზე; მოძრაობებს მხარს უჭერს მრავალი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია. გარდა ამისა, ისინი წარმოადგენს ნეოლიბერალური პრინციპების ხელშესახებ ალტერნატივას, იბრძვის კონსტიტუციური ცვლილებებისა და საკანონმდებლო პოლიტიკისათვის, იბრძვიან აქტიური წარმომადგენლობითი დემოკრატიის ღირსებებისათვის.[42]

სამომხმარებლო საქონლის ბუმი და მზარდი ურთიერთობები ჩინეთთან

2000-იანი წლების ფართო სამომხმარებლო საქონლის ბუმმა პოზიტიური გავლენა იქონია ლათინური ამერიკის მრავალი ქვეყნის ეკონომიკაზე. სხვა ტენდენციაა სწრაფად მზარდი მნიშვნელობის მქონე ურთიერთობები ჩინეთთან.[43]

ტერიტორიულ-სასაზღვრო კონფლიქტები

ტერიტორიებისთვის ბრძოლა ახლადშექმნილ სახელმწიფოებს შორის

ჩაკოს ომი და მის შემდეგ გამოწვეული ტერიტორიული ცვლილებები

ლათინური ამერიკის ქვეყანათა მიერ დამოუკიდებლობის ტალღიდან მომდევნო ხუთი ათწლეულის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა ერების ჩამოყალიბების ხანგრძლივ პროცესს. არცთუ იშვიათი იყო ომი ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის, რამაც ნაწილობრივ შეცვალა ამ რეგიონის პოლიტიკური რუკა. სახელმწიფო საზღვრების უმრავლესობა ძირითადად ესპანეთის კოლონიების ძველი ადმინისტრაციული საზღვრების გარშემო შეიქმნა; მრავალ ადგილას, საზღვარი არამდგრადი იყო, რის გამოც ახალმა სახელმწიფოებმა ძირითადად XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ბუნებრივ რესურსებზე წვდომისათვის, ერთმანეთში ომები დაიწყეს. ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტები იყო პარაგვაული ომი (1864-1870) და წყნარი ოკეანის მეორე ომი (1879-1884). პარაგვაულ ომში, პარაგვაის წინააღმდეგ ჩაერთნენ არგენტინა, ბრაზილია და ურუგვაი. ომში პარაგვაიმ სრული მარცხი განიცადა. შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ამ ქვეყნის ფართობი და იგი დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა: 1864 წლიდან 1871 წლამდე მოსახლეობა 525 ათასიდან 221 ათასამდე შემცირდა, რომელთა შორის მამაკაცი სულ 28 ათასი დარჩა.[44]

წყნარი ოკეანის მეორე ომში, ჩილემ დაამარცხა ბოლივიისა და პერუს გაერთიანებული ძალები. გამარჯვების შედეგად, ჩილემ ნატრიუმის ნიტრატით მდიდარ არეალზე დაამყარა კონტროლი, რომელსაც მანამდე ბოლივია და პერუ აკონტროლებდნენ. ყველაზე მძიმე შედეგი კი ომმა ბოლივიას მოუტანა — იგი წყნარ ოკეანეზე გასასვლელის გარეშე დარჩა. XIX საუკუნის შუა წლებში, რეგიონი მზარდი აშშ-ის პირისპირ აღმოჩნდა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებზე გაფართოებას და მთლიანად ნახევარსფეროზე გავლენის დამყარებას ცდილობდა. მექსიკა-ამერიკის ომში (1846-1848) მექსიკამ თავისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაკარგა. 1860-იან წლებში, მექსიკაზე არაპირდაპირი კონტროლის დამყარებას საფრანგეთი შეეცადა. სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიამ თავის მეზობლების ხარჯზე ამაზონის აუზის ვრცელ არეალებზე დაამყარა კონტროლი. 1880-იან წლებში, თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად, აშშ-მა ლათინურ ამერიკაში აგრესიული პოლიტიკა წამოიწყო, რაც საბოლოოდ „პანამერიკული კონფერენციითა“ და „ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის“ შექმნით დასრულდა. ასევე წარმატებით დასრულდა აშშ-ის ინტერვენცია კუბის დამოუკიდებლობისათვის ფინალურ ბრძოლაში ესპანელთა წინააღმდეგ 1898 წელს. 1914 წელს ამერიკელებმა დაასრულეს პანამის არხის მშენებლობა იმ სახელმწიფოში, რომელიც 1903 წელს კოლუმბიას გამოეყო (პანამის რესპუბლიკა).

ტერიტორიულ-სასაზღვრო კონფლიქტები თანამედროვე ლათინურ ამერიკაში

ლათინური ამერიკის თითქმის ყველა სასაზღვრო დავის მიზეზი სათავეს მის ისტორიაში იღებს.[45] უმეტესი მათგანი კოლონიური პერიოდიდან მოდის, რასაც გაურკვეველ კოლონიურ ადმინისტრაციულ საზღვრებსა და კონტინენტის გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას მიაწერენ. XIX საუკუნის ადრეულ წლებში, გაურკვეველი იყო ზუსტად სად მდებარეობდა საზღვარი, რადგან როგორც წესი, ხშირად ისინი გაუვალ ჯუნგლებსა და მთიან არეალებში გადიოდა, რომლებიც შეუსწავლელი იყო და კოლონიური ადმინისტრაციული კონტროლის მიღმა რჩებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ არეალების უდიდესი ნაწილი ესპანეთის სამეფოს კონტროლის ქვეშ იყო, კონტინენტის შიდა საზღვრების დაზუსტების საკმაოდ მცირე საჭიროება არსებობდა, ვინაიდან იმპერიისათვის მისი ერთიანი კოლონიის შიდა საზღვრების დაზუსტებას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა.[46]

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რეგიონში ჩამოყალიბებულ სახელმწიფოთა უმრავლესობა დათანხმდა uti possedetis-ის პრინციპს, რომელიც გულისხმობდა, რომ ახლად გათავისუფლებულ სახელმწიფოებს მემკვიდრეობით უნდა მიეღოთ ის კოლონიური ადმინისტრაციული საზღვრები, რომლებშიც ისინი დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტში იმყოფებოდნენ.[47] თუმცა, შეიქმნა უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობდა ეს ტერმინი. ერთი შეხედულების თანახმად, საზღვრები უნდა განესაზღვრა მხოლოდ ესპანურ სამართლებრივ დოკუმენტებს (uti possedetis juris), მაგრამ მეორე ხედვის თანახმად, ტერიტორიების განაწილების საფუძველი უნდა გამხდარიყო მიწების ის მფლობელობა, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტში არსებობდა. მაგალითად, ბრაზილია მოითხოვდა მის საზღვრებს მიღმა არსებულ ისეთ ტერიტორიებს, რომლებიც გათვალისწინებული არ იყო ესპანეთ-პორტუგალიის შეთანხმებებით.[48]

ამ მიზეზებით, უმეტესი, მაგრამ არა ყველა საზღვარი ლათინურ ამერიკაში სადავო გახდა. ყველაზე მძიმე სასაზღვრო დავების გადაწყვეტას ხშირად ათეულობით წელი და ზოგიერთ შემთხვევაში საუკუნეზე მეტიც კი დასჭირდა. ზოგიერთი ტერიტორიული დავა გარკვევით მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მრავალი წლის შემდეგ გამოიკვეთა.

პერუ-ეკვადორის ტერიტორიული კონფლიქტი 1960-1998 წლებში

ზოგიერთი კონფლიქტი სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდა, მათ შორის სრულმასშტაბიან ომშიც კი, თუმცა გაურკვეველი სასაზღვრო პრობლემის ასეთი მეთოდით გადაჭრის მცდელობა უფრო აქტუალური XIX საუკუნეში იყო, ვიდრე XX საუკუნეში. XIX საუკუნის ადრეულ წლებში საზღვრის გამო სასტიკად შეეტაკნენ პერუ და კოლუმბია. 1879-1883 წლებში მიმდინარე წყნარი ოკეანის ომი ბოლივიის ტერიტორიის ჩილესთვის გადაცემით დამთავრდა, მათ შორის იყო საპორტო ქალაქი ანტოფაგასტა (რომელსაც ბოლივიის შემადგენლობაში პენიას-ბლანკასი ერქვა), რის შედეგადაც ბოლივიამ მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელი დაკარგა. 1865-1870 წლებში მიმდინარეობდა სამთა ალიანსის ომი (იგივე „პარაგვაული ომი“) სადაც პარაგვაის წინააღმდეგ გამოდიოდა არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ალიანსი. ომში პარაგვაი დამარცხდა და მისი ტერიტორიის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ბრაზილიას გადაეცა. ამავე საუკუნეში, პარაგვაისა და ბოლივიას შორის გაიმართა ჩაკოს ომი გრან-ჩაკოს რეგიონისთვის, რომელმაც დაახლოებით 250 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1941 წელს კი სასაზღვრო ომი ეკვადორმა და პერუმ ატეხეს, რაც საბოლოოდ ტერიტორიული შეთანხმებით დასრულდა.

ყველაზე ხანგრძლივი და სერიოზული სასაზღვრო დავები სამხრეთ ამერიკაში 1990 წლიდან დაიწყო არგენტინასა და ჩილეს, ეკვადორსა და პერუს, ჩილეს და პერუს, ბრაზილიასა და მის მეზობლებს შორის. იმავე დროს, მსგავსი სასაზღვრო დავები წარმოიშვა გაიანის, ვენესუელისა და კოლუმბიის შემთხვევებში, ასევე ცენტრალურ ამერიკაში. ამ უკანასკნელთა შორის მინიმალური იყო შეიარაღებული დავა. „დავების“ სიას ლიდერობს ნიკარაგუა, რომელსაც სამხედრო დავა ოთხ სახელმწიფოსთან მოუხდა. სამ მეზობელთან შეიარაღებული დავა აწარმოა ვენესუელამ და ჰონდურასმა. სალვადორმა, გვატემალამ, გაიანამ და კოლუმბიამ კი ორ მეზობელთან. მიუხედავად იმისა, რომ 1990 წლიდან რეგიონში მილიტარიზებული სახელმწიფოთაშორისი დავები გახშირდა, ნამდვილ ომში მხოლოდ პერუ-ეკვადორის დავა გადაიზარდა 1995 წელს.

მოსახლეობა

მოსახლეობა (2013)[49]
ქვეყანა ან ტერიტორია მოსახლეობა
დროშა: ბრაზილია ბრაზილია 195 632 000
მექსიკის დროშა მექსიკა 118 419 000
დროშა: კოლუმბია კოლუმბია 47 130 000
დროშა: არგენტინა არგენტინა 41 350 000
დროშა: პერუ პერუ 30 476 000
ვენესუელის დროშა ვენესუელა 29 760 000
ჩილეს დროშა ჩილე 16 841 000
დროშა: ეკვადორი ეკვადორი 15 779 000
გვატემალის დროშა გვატემალა 15 440 000
10º დროშა: კუბა კუბა 11 163 000
11º ჰაიტის დროშა ჰაიტი 10 671 000
12º დროშა: ბოლივია ბოლივია 10 517 000
13º დროშა: დომინიკელთა რესპუბლიკა დომინიკანელთა რესპუბლიკა 9 745 000
14º ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 8 578 000
15º პარაგვაის დროშა პარაგვაი 6 849 000
16º სალვადორის დროშა სალვადორი 6 635 000
17º დროშა: ნიკარაგუა ნიკარაგუა 6 216 000
18º დროშა: კოსტა-რიკა კოსტა-რიკა 4 667 000
19º პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო (აშშ) 3 641 000
20º პანამის დროშა პანამა 3 605 000
21º დროშა: ურუგვაი ურუგვაი 3 297 000
22º გვადელუპას დროშა გვადელუპა (საფრ.) 409 000
23º მარტინიკის დროშა მარტინიკა (საფრ.) 398 000
24º საფრანგეთის გვიანას დროშა საფრანგეთის გვიანა (საფრ.) 259 000
25º სენ-მარტენის დროშა სენ-მარტენი (საფრ.) 39 000
26º სენ-ბართელმის დროშა სენ-ბარტელმი (საფრ.) 10 000
27º სენ-პიერისა და მიკელონის დროშა სენ-პიერი და მიკელონი (საფრ.) 6 000
სულ 597 526 000
მოსახლეობის ისტ. რაოდენობა
წელი მოს. ±%
1750 16 000 000
1800 24 000 000 +50.0%
1850 38 000 000 +58.3%
1900 74 000 000 +94.7%
1950 167 000 000 +125.7%
1999 511 000 000 +206.0%
2013 603 191 486 +18.0%
წყარო: "UN report 2004 data" (PDF).


ეთნიკური ჯგუფები

ლათინური ამერიკის მაცხოვრებლები მრავალფეროვანი წარმომავლობის არიან; ეთნიკური ჯგუფებისა და რასების თვალსაზრისით, რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია მსოფლიოში. სპეციფიკური შემადგენლობა იცვლება ქვეყნიდან ქვეყანაში: ბევრ მათგანში მოსახლეობა ძირითადად ევროპულ-ინდიურია ან სხვაგვარად მეტისები და კასტისოები; ზოგიერთ ქვეყანაში უმრავლესობას ინდიელები შეადგენენ, ზოგიერთში ევროპული წარმომავლობის ხალხი, ხოლო ზოგიერთში მოსახლეობა ძირითადად მულატია; ლათინურ ამერიკაში ერთადერთი ქვეყანა, სადაც უმრავლესობას შავკანიანები შეადგენენ ჰაიტია, პარდუს უმრავლესობით კი ბრაზილია. ასევე არიან აზიელები და აფრო-ინდიელი (სამბო) უმცირესობებიც. ევროპული წარმომავლობის ხალხი უმსხვილესი ცალკეული ჯგუფია, რომლებიც ნაწილობრივ ევროპული წარმომავლობის ხალხთან ერთად მოსახლეობის 80 %-ს[50] ან უფრო მეტს შეადგენენ.[51]

ლათინური ამერიკის ათი უდიდესი ქალაქი მოსახლეობის რაოდენობის მხრივ
Nº. აგლომერაცია ქვეყანა მოსახლეობა
გაეროს მიხედვით[52]
მოსახლეობა
ოფიციალური
აღწერის
მიხედვით
წყარო სურათი
1 მეხიკო მექსიკის დროშა მექსიკა 21 446 000 21 337 152 აღწერა 2010[მკვდარი ბმული]
2 სან-პაულუ დროშა: ბრაზილია ბრაზილია 19 924 000 19 672 582[53] Censo IBGE 2010
3 ბუენოს-აირესი დროშა: არგენტინა არგენტინა 13 528 000 12 548 638 Est INDEC 30-06-2009 დაარქივებული 09-04-2014 საიტზე Wayback Machine.
4 რიო-დე-ჟანეირო დროშა: ბრაზილია ბრაზილია 11 960 000 11 711 233 Censo IBGE 2010
5 ბოგოტა დროშა: კოლუმბია კოლუმბია 9 243 000 8 961 254 Est DANE 30-06-2009
6 ლიმა დროშა: პერუ პერუ 9 150 000 8 472 935 Censo 2007 დაარქივებული 2008-10-10 საიტზე Wayback Machine.
7 კარაკასი ვენესუელის დროშა ვენესუელა 7 487 000 6 031 438 [3] დაარქივებული 2019-09-12 საიტზე Wayback Machine.
8 სანტიაგო ჩილეს დროშა ჩილე 6 034 000 6 428 590 INE 2011

9 ბელუ-ორიზონტი დროშა: ბრაზილია ბრაზილია 5 487 000 5 413 627 Censo IBGE 2010
10 გვადალახარა მექსიკის დროშა მექსიკა 5 325 000 5 234 252 Censo 2010[მკვდარი ბმული]

ენა

ლათინური ამერიკის ლინგვისტური რუკა

ლათინურ ამერიკაში გაბატონებული ენებია ესპანური და პორტუგალიური. ესპანური ძირითადი სალაპარაკო ენაა მოსახლეობის 60 %-თვის, პორტუგალიური დაახლოებით 34 %-თვის, მოსახლეობის დაახლოებით 6 % კი სხვა ენებზე საუბრობს, მაგალითად კეჩუაზე, მაიას ენებზე, გუარანიზე, აიმარაზე, ნაჰუატლიზე, ინგლისურად, ფრანგულად, ნიდერლანდურად და იტალიურად. პორტუგალიურად საუბრობენ მხოლოდ ბრაზილიაში — რეგიონის ყველაზე დიდ და ხალხმრავალ ქვეყანაში. რეგიონის კონტინენტური ნაწილის თითქმის ყველა დანარჩენ ქვეყანაში ოფიციალური ენა ესპანურია, ისევე როგორც კუბაში, პუერტო-რიკოსა (ინგლისურთან ერთად) და დომინიკელთა რესპუბლიკაში. ფრანგულად საუბრობენ ჰაიტიში და საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტებში — გვადელუპაზე, მარტინიკაზე და საფრანგეთის გვიანაში, ისევე როგორც საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება სენ-პიერი და მიკელონზე; ფრანგულად ასევე საუბრობენ აფრო-ანტილიური წარმოშობის ზოგიერთი პანამელები. ნიდერლანდური ოფიციალური ენაა სურინამში, არუბასა და ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე (ვინაიდან ნიდერლანდური გერმანიკული ენაა, ეს ტერიტორიები ლათინური ამერიკის ნაწილად არ მიიჩნევა).

ადგილობრივი ამერიკული ენები ფართოდაა გავრცელებული პერუში, გვატემალაში, ბოლივიაში, პარაგვაისა და მექსიკაში, შედარებით ნაკლებად კი პანამაში, ეკვადორში, ბრაზილიაში, კოლუმბიაში, ვენესუელაში, არგენტინასა და ჩილეში. ყველა სხვა დანარჩენ ქვეყანაში ადგილობრივ ენებზე მოლაპარაკე მოსახლეობა ან ძალიან მცირეა, ან საერთოდ არაა (მაგ. ურუგვაი). მექსიკა შესაძლოა ერთადერთი ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში, სადაც ადგილობრივ ენათა დიდი მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი, რომელთა შორის ყველაზე დიდია ნაჰუატლი.

პერუში, ესპანურთან ერთად კეჩუა ოფიციალური ენაა, ისევე როგორც სხვა ენები იმ რეგიონებში, სადაც მათზე ლაპარაკობენ. ეკვადორში კეჩუას ოფიციალური ენის სტატუსი არ აქვს, მაგრამ ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებულია ადგილობრივ ხალხთა ენად; მიუხედავად იმისა, რომ მასზე ქვეყნის მთიანეთში მცხოვრები მხოლოდ რამდენიმე მცირე ჯგუფი ლაპარაკობს. ბოლივიაში, ესპანურთან ერთად ოფიციალური ენის სტატუსს ფლობს აიმარა, კეჩუა და გუარანი. ესპანურთან ერთად გუარანი ოფიციალური ენაა პარაგვაიში და მასზე მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს (რომელიც უმეტეს შემთხვევაში ორენოვანია). გარდა ამისა, ესპანურთან ერთად გუარანს ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ასევე არგენტინის პროვინცია კორიენტესში. ნიკარაგუაში ოფიციალური ენა ესპანურია, თუმცა ქვეყნის კარიბის ზღვის სანაპირო რეგიონებში ოფიციალური ენის სტატუს ასევე აქვს ინგლისურსა და ადგილობრივ ენებს — მისკიტოს, სუმოსა და რამას. კოლუმბია ოფიციალურ ენად აღიარებს ყველა იმ ენას, რომელსაც მისი მოსახლეობის 1 %-ზე მეტი მშობლიურად მიიჩნევს. ნაჰუატლი იმ 62 ადგილობრივ ენათა შორისაა, რომელსაც მექსიკის ხელისუფლება ესპანურთან ერთად ოფიციალურად აღიარებს, როგორც „ეროვნულ ენებს“.

სხვა ევროპულ ენებს შორის, რომლებზეც ლათინურ ამერიკაში საუბრობენ არის ინგლისური — რამდენიმე ჯგუფი პუერტო-რიკოში, ისევე როგორც ახლომახლო სხვა ქვეყნებში, რომლებიც მრავალი თვალსაზრისით ლათინური ამერიკის ნაწილად არ მიიჩნევა, მაგალითად ბელიზი და გაიანა. გერმანული — სამხრეთ ბრაზილიაში, სამხრეთ ჩილეში, არგენტინისა და პარაგვაის გარკვეულ ნაწილებში; იტალიური — ბრაზილიაში, არგენტინასა და ურუგვაიში და უელსური — სამხრეთ არგენტინაში.[54][55][56][57][58][59]

კარიბის ზღვის რამდენიმე ქვეყანაში კრეოლურ ენებზე საუბრობენ. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონში ყველაზე გავრცელებული კრეოლური ენაა ჰაიტიური კრეოლი — ჰაიტის ძირითადი ენა. მომდინარეობს ძირითადად ფრანგულისგან და რამდენიმე დასავლეთაფრიკული ენისგან, ასევე ეტყობა ინდიური და ესპანური ენების გავლენა. ლათინური ამერიკის კონტინენტურ ნაწილში კრეოლური ენა მომდინარეობს ევროპული და მრავალი აფრიკული ენის შერევისგან.

კარიბის ზღვის ნაპირების ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ჰონდურასში, გვატემალაში, ნიკარაგუასა და ბელიზში გარიფუნას ხალხი საუბრობს გარიფუნას ენაზე. გარიფუნა შერეული რასაა, რომელიც წარმოიშვა ადგილობრივი კარიბელებისა და გაქცეული შავი მონების შერევის შედეგად. რეგიონში ასევე გავრცელებულია არავაკული ენები, რომლებზეც გავლენა იქონია კარიბულმა და ევროპულმა ენებმა.

რელიგია

ნუესტრა-სენიორა-დე-ლოს-ანხელესის ტაძარი, კარტაგო, კოსტა-რიკა.

ლათინური ამერიკის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქრისტიანია, ძირითადად ლათინური წესის კათოლიკეები.[60] მოსახლეობის 70 % თავს კათოლიკედ მიიჩნევს.[61] იზრდება პროტესტანტული მიმდინარეობის მიმდევართა რაოდენობაც, განსაკუთრებით ბრაზილიაში, ჩილეში, გვატემალაში, პანამასა და ვენესუელაში.

მიგრაცია

ეკონომიკური, სოციალური და უსაფრთხოების საკითხების ცუდი მდგომარების გამო, რაც რეგიონში განსაკუთრებით თვალშისაცემია ბოლო ათწლეულების მანძილზე, იმიგრაცია ემიგრაციამ ჩაანაცვლა. დაახლოებით 10 მილიონი მექსიკელი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.[62] 2006 წელს დაახლოებით 28,3 მლნ ამერიკელი თავს მექსიკური წარმოშობისად მიიჩნევდა.[63] კოლუმბიის 2005 წლის აღწერის მონაცემებით, საზღვარგარეთ დაახლოებით 3 331 107 კოლუმბიელი ცხოვრობდა.[64] საზღვარგარეთ ცხოვრობს დაახლოებით 2 მილიონი ბრაზილიელიც.[65] 1,5 მლნ სალვადორელი ცხოვრობს შეერთებულ შტატებში.[66] საზღვარგარეთ საცხოვრებლადაა წასული დაახლოებით 1,5 მლნ ეკვადორელი, ძირითადად შეერთებულ შტატებსა და ესპანეთში.[67] 1,5 მლნ დომინიკელი ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ძირითადად აშშ-ში.[68] ასევე აშშ-ში ცხოვრობს 1,3 მლნ კუბელი.[69] 800 000 ჩილელი ცხოვრობს არგენტინაში, შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიასა და შვედეთში.[70] 2006 წელს დაახლოებით 700 000 ბოლივიელი ემიგრანტი ცხოვრობდა არგენტინაში, 33 000 კი აშშ-ში.[71] 2005 წლის მონაცემებით, მშობლიური ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა 3 314 300 ცენტრალურამერიკელი,[72] საიდანაც 1 128 701 სალვადორელი იყო,[73] 685 713 გვატემალელი,[74] 683 520 ნიკარაგუელი,[75] 414 955 ჰონდურასელი,[76] 215 240 პანამელი,[77] 127 061 კოსტა-რიკელი[78] და 59 110 ბელიზელი.

2000–2005 წლებში, საშუალო წლიური მაჩვენებლების მიხედვით, რეგიონში გლობალური დადებითი მიგრაციის სალდო ჰქონდათ მხოლოდ ჩილეს, კოსტა-რიკას, პანამასა და ვენესუელას.

განათლება

წერა-კითხვის ცოდნის მაჩვენებლის მსოფლიო რუკა (2013 წლის ადამიანური განვითარების ანგარიში) ნაცრისფერი = მონაცემები არაა

მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, განათლებისადმი ხელმისაწვდომობა და საშუალო სკოლის დასრულება ლათინურ ამერიკაში უთანასწოროა. განათლების დაფარვის მხრივ რეგიონმა უდიდეს პროგრესს მიაღწია. მნიშვნელოვნად გაიზარდა ყველა ბავშვისათვის პირველად სკოლასა და შემდეგ მეორე განათლებაზე ხელმისაწვდომობა. თუმცა, რეგიონში პრობლემად რჩება სწავლების დაბალი ხარისხი, სათანადო აღჭურვილობის ნაკლებობა და გადატვირთულობა. მსგავსი პრობლემები მოზარდებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ადრეულ ეტაპზე მიტოვებას აიძულებს.[79] 1990-იანი წლების დასაწყისში რეგიონის საგანმანათლებლო სისტემების დიდმა ნაწილმა მრავალი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური რეფორმა ჩაატარეს, რის შედეგადაც განათლების მიღება შესაძლებელი გახდა ისეთ რაიონებში, სადაც ეს მანამდე არ არსებობდა. წინა თაობასთან შედარებით, ლათინოამერიკელი ახალგაზრდობა განათლების ბევრად მაღალი დონით გამოირჩევა. საშუალოდ, მათ ორი წლით მეტი აქვთ ნასწავლი, ვიდრე მათ მშობლებს.[79]

მიუხედავად ამისა, რეგიონის 4-17 წლამდე ასაკის 23 მილიონი მოზარდი ოფიციალური განათლების სისტემის მიღმა რჩება. როგორც კვლევები მიუთითებს, სკოლამდელი ასაკის (4–5 წლის) ბავშვების 30 % სკოლაში შესვლას არ აპირებს, ხოლო უფრო ღარიბ სასოფლო მოსახლეობაში ეს რიცხვი 40 %-ს აღწევს. დაწყებითი სკოლის ბავშვებში (6-12 წლამდე) დაფარვა უნივერსალურია, თუმცა, 5 მილიონ ბავშვს ჯერ კიდევ ესაჭიროება პირველადი განათლების სისტემაში ჩართვა. ეს ბავშვები ძირითადად ცხოვრობენ მოწყვეტილ არეალებში, არიან ადგილობრივი ან აფრიკული წარმომავლობის და უკიდურეს სიღატაკეში უწევთ ცხოვრება.[80]

13-17 წლის ახალგაზრდებს შორის, საგანმანათლებლო სისტემაში მხოლოდ 80 %-ია სრული განაკვეთის სტუდენტი, რომელთა შორის 66 % მეორეულ განათლებაში ინაცვლებს. ეს მაჩვენებელი დაბალია ღარიბ მოსახლეობაში: სკოლაში დადის 13-17 წლის ღარიბი ახალგაზრდების მხოლოდ 75 %. მესამეული განათლებას უდაბლესი დაფარვა აქვს, რომლის მიღმაც 18-25 წლის ადამიანების 70 % რჩება. ამჟამად, დაბალშემოსავლიანი ან სოფლად მცხოვრები ბავშვების ნახევარი ცხრაწლიან განათლებასაც ვერ იღებს ბოლომდე.[80]

კრიმინალი და ძალადობა

ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი მრავალი წყაროს მიერ მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეგიონად სახელდება.[81][82] როგორც კვლევები აჩვენებს, მსოფლიოს ყველაზე საშიში ქალაქების უმრავლესობა სწორედ ლათინურ ამერიკაში მდებარეობს. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, რეგიონში ასეთი მასშტაბის კრიმინალი და ზოგადად კრიმინალის კულტურა ძირითადად გამოწვეულია სოციალური მიზეზებითა და შემოსავლების უთანასწორობით; მათივე შეფასებით, მზარდი სოციალური უთანასწორობა დიდად ახალისებს კრიმინალს რეგიონში.[83] ბევრის აზრით, საპყრობილეების კრიზისი მანამ არ გადაწყდება, სანამ მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული იარსებებს.

ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის სახელმწიფოთა მთავრობებისა და მოქალაქეებისათვის ამჟამად უმნიშვნელოვანესი საკითხია კრიმინალისა და ძალადობის პრევენცია. მკვლელობათა მაჩვენებელი ლათინურ ამერიკაში მსოფლიოში ყველაზე მაღალია. 1980-იანი წლებიდან 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე, მკვლელობის მაჩვენებელი 50 %-ით გაიზარდა. მსგავს მკვლელიბათა მსხვერპლნი ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები არიან, საიდანაც 69 % 15-19 წლის ასაკისაა. ქვეყნები, სადაც მკვლელობათა წლიური მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალი იყო, შემდეგია: ჰონდურასი 91,6, სალვადორი 69,2, გვატემალა 38,5, ვენესუელა 45,1, ბელიზი 41,4, პუერტო-რიკო 26,2, დომინიკელთა რესპუბლიკა 25, მექსიკა 23,7 და ეკვადორი 18,2.[84] მკვლელობათა მსოფლიო მაჩვენებელ 6,9-თან შედარებით, ლათინურ ამერიკაში უმაღლესი მაჩვენებელი 13-ზე მეტია. იმ ქვეყანათა ათეული, სადაც 1995 წლიდან დაფიქსირებულია მკვლელობათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყოველ 100 000 ადამიანზე, მთლიანად ლათინური ამერიკის ქვეყნებისგან შედგება, მათ შორის მოწინავეა — სალვადორი, ჰონდურასი და კოლუმბია, სადაც ეს მაჩვენებელი 1995 წელს 139,1 იყო.[85] მხოლოდ კოლუმბიაში, 2005 წელს ყოველ ათ წუთში ერთ ადამიანს კლავდნენ.[86] კრიმინალი უკიდურესად მაღალია მექსიკის ყველა დიდ ქალაქში. 1979-2003 წლებს შორის მექსიკაში ცეცხლსასროლი იარაღით 500 000 ადამიანია მოკლული.[87][88] ორგანიზაცია Amnesty International-მა ლათინური ამერიკა ჟურნალისტთა მუშაობისთვის მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რეგიონად დაასახელა.[89] კრიმინალთან დაკავშირებული ძალადობა ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის და იწირავს უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს, ვიდრე აივ ან სხვა ინფექციური დაავადებები.[90]

ლათინური ამერიკის იმ ქვეყანათა შორის, სადაც კრიმინალის მაჩვენებელი დაბალია, არის არგენტინა, ჩილე, კუბა, კოსტა-რიკა, ნიკარაგუა და ურუგვაი.[91]

ეკონომიკა

მოცულობა

BRIC-ის ქვეყნებისთვის ეკონომიკისთვის კომპანია Goldman Sachs-ის მიერ გაკეთებული მიმოხილვის თანახმად, 2050 წლისთვის მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა ექნებათ ჩინეთს, შეერთებულ შტატებს, ინდოეთს, ბრაზილიასა და მექსიკას.[92]

ლათინური ამერიკის ქვეყნების მოსახლეობა და ეკონომიკის მოცულობა
ქვეყანა მოსახლეობა[93]
(2010)
მილიონი
მშპ[94]
(2012)
მილიონი
აშშ $
მშპ ერთ სულ
მოსახლეზე[95]
(2012)
მილიონი
აშშ $
არგენტინის დროშა არგენტინა 40,4 472 815 726 226
ბოლივიის დროშა ბოლივია 9,9 27 012 54 134
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 201 2 395 968 2 393 954
ჩილეს დროშა ჩილე 17,1 272 119 316 516
კოლუმბიის დროშა კოლუმბია 45 378 713 500 576