დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ტერმინს „დინამო თბილისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დინამო თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).
დინამო თბილისი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი „დინამო“ თბილისი
მეტსახელი ლურჯ-თეთრები
დაარსდა 1925 წლის შემოდგომაზე
სტადიონი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 55 000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა რომან ფიფია
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ანდრეს კარასკო
ლიგა ეროვნული ლიგა
2023 მე-2
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„დინამო“ თბილისიქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. საქართველოს ეროვნული ლიგის უცვლელი მონაწილე, ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, ხუთგზის ვიცე-ჩემპიონი და ცამეტგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი და ექვსგზის ფინალისტი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). საქართველოს ჩვიდმეტგზის ჩემპიონი და შვიდგზის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს თასის ცამეტგზის მფლობელი და ორგზის ფინალისტი, საქართველოს სუპერთასის შვიდგზის მფლობელი და სამგზის ფინალისტი.

კლუბის ყველაზე დიდ მიღწევად დღემდე რჩება 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში თბილისის „დინამომ“ იენის „კარლ ცაისი“ დაამარცხა ანგარიშით — 2–1.

კლუბს თავის ისტორიაში შთამბეჭდავი გამარჯვებები აქვს მოპოვებული ევროპული ფეხბურთის გრანდებთან. მათ შორის აღსანიშნავია ინგლისური „ლივერპულის“,[1][2] „ვესტ ჰემის“,[3][4] უელსის „კარდიფ სიტის“,[5] ნიდერლანდების „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.

თავის დროზე „დინამოს“ შემადგენლობაში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე,[კომ. 1] გაიოზ ჯეჯელავა, ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი,[კომ. 2] მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი,[კომ. 3][6] რამაზ შენგელია,[კომ. 4][7] ალექსანდრე ჩივაძე და სხვები. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981),[8] ხოლო თითო-თითოჯერ დავით ყიფიანი (1977)[9] და ალექსანდრე ჩივაძე (1980).

1990 წლიდან კლუბმა დაასრულა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატებში ასპარეზობა და მას შემდეგ უცვლელად მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ლიგის პირველობაზე. ამ პერიოდისათვის „დინამოს“ სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო თავდაპირველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით აგრძელებს მოღვაწეობას.

ისტორია

1920-იანები

ბაქოსა და თბილისის დინამოელები, 1926

თბილისის „დინამოს“ ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს, როცა თბილისში, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს — ფეხბურთი იმ წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.

თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ჩაატარა ბაქოელ თანაკლუბელებთან. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ დიდ ასპარეზზე პირველად გასულ „დინამოს“ მინიმალური ანგარიშით – 1–0 მოუგო. 3 დღის შემდეგ „დინამომ“ ბაქოს მეორე კლუბს „პროგრესს“ უმასპინძლა და ამჯერად იოლად დაამარცხა მოწინააღმდეგე — 3–0.

ახალშექმნილი გუნდი თავიდან ქალაქის პირველობაზე მეორე ჯგუფში გამოდიოდა, სადაც წარმატებასაც მიაღწა — ფინალში დაამარცხა „არსრაიონის“ ძლიერი გუნდი. ამ გამარჯვებით „დინამოს“ ფეხბურთელებმა პირველ ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება, მისი შევსება ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით. გუნდში ჩარიცხეს ა. ფოჩხუა, ნ. ქოიავა, ასირ გალპერინი, ანდრო ჟორდანია, ვ. ამკობაძე, ნ. ბლანკმანი, ა. გონელი, ვ. ცომაია, გ. თედეევი, დ. ქსენოფონტოვი, ვ. შებოლდაევი და სხვები. მათ მალე შეემატა რესპუბლიკაში უძლიერესი ბათუმელ მოთამაშეთა ჯგუფი. დინამოელთა პირველი კაპიტანი ანდრო ჟორდანია იყო.

ამ საზოგადოების მესვეურთა სერიოზულ მიდგომას ფეხბურთისადმი მოწმობდა ის, რომ 1927 წელს შეიქმნა „დინამოს“ ჭაბუკთა გუნდი. სწორედ აქ დაიწყეს თავიანთი სახელოვანი სპორტული გზა გამოჩენილმა ფეხბურთელებმა დოროხოვმა, შავგულიძემ, მინაევმა, ბერძენიშვილმა და სხვებმა. დინამოელებმა ასევე პირველად იზრუნეს საკუთარი კეთილმოწყობილი სპორტული ბაზის შექმნისთვისაც. 1927 წელს დაიწყო სტადიონის მშენებლობა ქალაქის ცენტრში (მაშინდელ პლეხანოვის გამზირზე), ხოლო რვა წლის შემდეგ უკვე მზად იყო 30 000 ადგილიანი დინამოს სტადიონი, რომელიც იმ დროისათვის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი სტადიონი იყო.

1926 წლის აგვისტოში დინამოელებმა ერთთვიანი ტურნე მოაწყვეს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ქალაქებში, სადაც 18 შეხვედრა გამართეს. ტურნე წარმატებული გამოდგა.[10]

1930-იანები

ბორის პაიჭაძე — ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი

1936 წლის შემოდგომაზე თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, „დინამოსთვის“ კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის საფეხბურთო პირველობაზე ასპარეზობის მანძილზე, საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა.

საკავშირო ჩემპიონატების ფარგლებში გამართული 1424 კალენდარული მატჩიდან დინამოელთა პირველი შეხვედრა 1936 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე შედგა. მასპინძლები კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრას 10 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. ანგარიში მატჩის მე-3 წუთზე კიეველებმა გახსნეს, ბურთი სტუმართა ფორვარდმა შჩეგოცკიმ გაიტანა — 0–1. მე-17 წუთზე თბილისელთა თავდამსხმელი ნიკოლოზ სომოვი ანგარიშის გაქვითვას ახერხებს — 1–1. პირველი ტაიმის მიწურულს ბორის პაიჭაძეს ზუსტი დარტყმით წინ გაყავს თავისი გუნდი — 2–1. თუმცა შეხვედრის დამთავრებამდე სამიოდე წუთით ადრე კიეველთა ნახევარმცველი ვლადიმერ გრებერი ანგარიშს ათანაბრებს და მატჩიც ფრედ — 2–2 მთავრდება.[კომ. 5][11]

პირველი გამარჯვება „დინამომ“ თვრამეტი დღის შემდეგ, 25 სექტემბერს, მეორე ტურში თბილისში მოსკოვის „სპარტაკთან“ მოიპოვა. მიხეილ ბერძენიშვილის ერთადერთმა გოლმა თამაშის ბედი დინამოელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სადებიუტო სეზონში „დინამომ“ საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა — ლენინგრადის „კრასნაია ზარიასთან“ 2–3 მარცხმა თბილისელებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი მოუსპო.

იმავე 1936 წელს ქართველმა ფეხბურთელებმა საბჭოთა კავშირის თასის პირველი გათამაშების მეოთხედფინალში, მოსკოვში ადგილობრივ „სპარტაკს“ 6–3 მოუგეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, 16 აგვისტოს, ფრედ 3–3 დასრულდა. გამარჯვებულის გასარკვევად 4 დღის შემდეგ, მეტოქეები მეორედ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კვლავ 3–3. დამატებით დროში თბილისელებს სამი უპასუხო ბურთი გააქვთ, საბოლოოდ კი 6–3.

1936 წელს „დინამო“ თასის გათამაშების ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის „ლოკომოტივთან“ 0–2 მარცხდება.

საერთოდ, 30-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბდა. გუნდი ორჯერ გახდა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ორჯერ თასის ფინალში გავიდა.

1937 წელს თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა — საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. „დინამო“ ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2–0 გაიმარჯვეს.[12]

1940-იანები

1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ საკავშირო ჩემპიონატებზეც იმოქმედა — 1941 წლის ჩემპიონატი შუაში შეწყდა, მაშინ როდესაც თბილისისა და მოსკოვის დინამოელები გათამაშებას ლიდერობდნენ.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების განახლებამდე, 1944 წელს თბილისის „დინამო“ პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა — ქართველ ფეხბურთელებს ირანმა უმასპინძლა.

1944 წლის ოქტომბერში თბილისის „დინამომ“ ირანის დედაქალაქ თეირანში ორი შეხვედრა ჩაატარა — 20 ოქტომბერს ირანის ეროვნული ნაკრები დაამარცხა 5–1, ერთ კვირაში კი თეირანის ნაკრებსაც სძლია — 4–0.

1945 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის გამო დაკარგულმა წლებმა კლუბზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, „დინამო“ კვლავაც ლიდერთა შორის დარჩა.

თბილისელთა შორის გამოჩნდნენ ახალი ლიდერები: გაიოზ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაპშპა, ანდრეი ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე და ა.შ.

1950-იანები

სწორედ იმ წლებში გახდა დინამოელი ავთანდილ ღოღობერიძე, ფეხბურთელი, რომელიც დღემდე „დინამოს“ მრავალგზის რეკორდსმენია.

ავთანდილ ღოღობერიძე თბილისის „დინამოში“ 14 წელი თამაშობდა, საკავშირო ჩემპიონატებში 341 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 127 გოლი. 1953 წელს თბილისის „დინამო“ ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ საქმეში ზემდგომი ორგანოები ჩაერივნენ, ქართველ ფეხბურთელებს მოგებული შეხვედრის გადათამაშება უბრძანეს და ტენდენციური მსაჯობის წყალობით „დინამოს“ ოქროს მედლები დააკარგვინეს.

საბოლოოდ „დინამო“ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მომდევნო სეზონიდან კი კლუბის ისტორიაში პირველი კრიზისული პერიოდი იწყება — 1954 წლიდან 1958 წლის ჩათვლით „დინამო“ მეშვიდე ადგილზე მაღლა ასვლას ვერ ახერხებს. იმ წლებში გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც საბოლო ჯამში კლუბს 1964 წელს პირველი ჩემპიონის ტიტული მოუტანეს: შოთა იამანიძემ, ვლადიმერ ბარქაიამ, სერგო კოტრიკაძემ, მიხეილ მესხმა, ბორის სიჭინავამ, გურამ პეტრიაშვილმა, ზაურ კალოევმა, ჯემალ ზეინკლიშვილმა და სხვებმა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის თეთრ-ლურჯი მაისური „დინამოსათვის“ წარუმატებელ წლებში მოირგეს.[13]

1960-იანები

1964 წელს „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება — შესანიშნავი რუსი სპეციალისტის, გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა „დინამომ“ ჩემპიონატში მოსკოვის „ტორპედოსთან“ ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა.

საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწვეტილებით, 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნა. „ოქროს მატჩში“ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა — „დინამომ“ „ტორპედო“ 4–1 დაამარცხა, არადა თავიდან აგებდა კიდეც. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (ორი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“ საბჭოთა ფეხბურთის ოლიმპი პირველად დაიპყრო.[კომ. 6]

60-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანი წლების პირველ ნახევარში „დინამოს“ რიგებში ბრწყინავდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, გოჩა გავაშელი, გურამ პეტრიაშვილი, ფირუზ კანთელაძე, გივი და ლევან ნოდიები და ა.შ.[14]

1970-იანები

თბილისის დინამოელები სხიპჰოლის აეროპორტში, 25 სექტემბერი, 1972

სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა „დინამოში“ ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანეს — დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე და ა.შ.

1972 წლის 13 სექტემბერს დინამოელები ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში დინამომ უეფას თასზე იასპარეზა — პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ „ტვენტესთან“ ქართველმა ფეხბურთელებმა 3–2 მოიგეს. ორი ბურთი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც დავით ყიფიანმა.[კომ. 7]

1973 წელს თბილისის „დინამო“ საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება. ესპანეთის ქალაქ უელვაში შეიკრიბნენ ესპანეთის ჩემპიონი მადრიდის „ატლეტიკო“, პორტუგალიის ჩემპიონი ლისაბონის „ბენფიკა“, ინგლისის ჩემპიონი „დერბი ქაუნთი“ და თბილისის „დინამო“. თბილისელები ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდნენ, ძირითადი დრო ფრედ, 0–0 დამთავრდა. თერთმეტრიანების სერიაში კი „დინამოს“ მეკარემ დავით გოგიამ 2 პენალტი მოიგერია და „დინამოს“ ანგარიშით 4–2 მოაგებინა. მეორე ნახევარფინალში ლისაბონის „ბენფიკამ“ „დერბი ქაუნთი“ დაამარცხა და ფინალში „დინამოს“ დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა, ბევრი ყვითელი დარიგდა, ხოლო „ბენფიკას“ ერთ ფეხბურთელს წითელი ბარათიც უჩვენეს. თბილისელებმა ფინალი ანგარიშით 3–1 მოიგეს, კოლუმბის კარაველას დაეუფლნენ და დიდი თასი თბილისში წამოიღეს.[15][16][17][18]

1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი ინიშნება, კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული „დინამოს“ ყველაზე წარმატებული პერიოდი.

გუნდში ნოდარ ახალკაცის მთავარ მწვრთნელად მოსვლის პირველსავე წელს „დინამო“ ორჯერ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 გ., 1976 შ.) და რაც მთავარია, კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ეუფლება საბჭოთა კავშირის თასს.[19]

1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა საოცრად დაძაბულ ბრძოლაში 3–0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის „არარატს“დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენ.) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა „დინამოს“ პირველად არგუნა ბროლის თასი.

1977 წელს თბილისის „დინამო“ ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს — გუნდი ვიცე-ჩემპიონია.

1978 წელს კი „დინამო“ მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი — ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

იმ პერიოდის „დინამოს“ ღირსებას ფეხბურთის სპეციალისტებისა და გულშემატკივართა მიერ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო კლასის, გამორჩეული სათამაშო სტილისა და ინდივიდუალური ხასიათის მქონე ბრწყინვალე ფეხბურთელები იცავდნენ — დავით ყიფიანი,[20][21] მანუჩარ მაჩაიძე, გოჩა მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, ფირუზ კანთელაძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი და ა.შ.[22]

1980-იანები

თბილისის „დინამო“ ევროპის თასების თასის მფლობელი, 13 მაისი, 1981

1981 წლის 13 მაისს „დინამო“ ევროპის თასების მფლობელთა თასს დაეუფლა — მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კლუბი იენის „კარლ ცაისი“ ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით დაამარცხეს — 2–1.[23]

„დინამო“ გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა. იმავე 1981 წელს თბილისელებმა მონაწილეობა მიიღეს მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუს თასზე, სადაც მე-3 ადგილი დაიკავეს.[24]

გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981

1982 წელს გუნდი კვლავ ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან. მეოთხედფინალში, დინამოელები პოლონურ „ლეგიას“ გაცდნენ და ნახევარფინალში, ბელგიის თასის მფლობელთან — ლიეჟის „სტანდარტთან“ მოუწიათ ფინალის საგზურისთვის ბრძოლა. მაგრამ „დინამო“ ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას.[25]

მომდევნო სეზონში, 1982 წლის სექტემბერში, დინამო უეფას 1982–83 წლების გათამაშებაში ჩაება და ტურნირიდან პირველივე რაუნდში — „ნაპოლისთან“, გასვლაზე გატანილი გოლის წესით გამოვარდა. იმავე შემოდგომაზე, ნოემბერში — საბჭოთა ლიგის სეზონი, თბილისელებმა მეოთხე ადგილზე დაასრულეს. ხოლო, აქედან ერთ თვეში — 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და 1981 წლის ფინალში „საუკუნის გოლის“ ავტორი ვიტალი დარასელია.[25]

1983 წლიდან კი დინამოს ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება — ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზევე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს. „ნაპოლისთან“ მარცხის შემდეგ, თბილისში ევროპული ფეხბურთი 5 წელი აღარ გამოჩენილა. „დინამო“ ევროთასებს 1987 წლის სექტემბერში — სოფიას „ლოკომოტივთან“ მატჩით დაუბრუნდა.[26] უკვე ახალი გუნდით და ახალი თაობით — გერმან ზონინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა, 1987–88 წლების უეფა-ს თასის კამპანია, „ლოკომოტივთან“ და ბუქარესტის „ვიქტორიასთან“ გამარჯვებების შემდეგ,[27] მესამე რაუნდში, კარლ-ჰაინც რიდლეს და ოტო რეჰაგელის ბრემენის „ვერდერთან“ მარცხით დაასრულა.[25][28]

1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს ჩემპიონატში მონაწილეობა — კიევის „დინამოსთან“ უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2–2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენ.) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს.[29]

1990-იანები

1990 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობდნენ. ამ დროიდან იწყება თბილისის „დინამოს“ უახლესი ისტორია, რომელიც დღემდე (როგორც კლუბისთვის, ასევე „დინამოს“ გულშემატკივართათვის) გუნდის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე რთულ პერიოდად რჩება. რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო „დინამომ“, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტული საფეხბურთო სპეციალისტები ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდნენ[30][31][32][33][34] და რომლის თამაშის სტილი და უმაღლესი დონის ოსტატობა ათწლეულების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მრავალი თაობის მილიონობით ფეხბურთის მოყვარულს — ვერ შეინარჩუნა საერთაშორისო კლასის საფეხბურთო გუნდის სტატუსი.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტს ჩაატარა ფოთის „კოლხეთი 1913“-თან. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0–1 დამარცხდნენ.[35] მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, „დინამომ“ დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.

1992 წელს თბილისის „დინამო“ პირველად ეუფლება საქართველოს თასს — ფინალში თბილისელები სოხუმის „ცხუმს“ ამარცხებენ.

1993 წელს თბილისის „დინამომ“ პირველად შეასრულა დუბლი — ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამოც იყო აღსანიშნავი — გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა.

1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა. ბელფასტის „ლინფილდი“ „დინამომ“ 2–1 დაამარცხა — შოთა არველაძისა და გელა ინალიშვილის გოლებმა მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1–1 დასრულდა, „დინამოც“ დანიურ „კოპენჰაგენთან“ მატჩისთვის ემზადებოდა.

უეფა-მ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.

გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, ევროტურნირებზე კი წარმატებას ვერ აღწევდა.

1996 წელს თბილისის დინამომ, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია — ლუქსემბურგის „გრევენმახერის“ (4–0, 2–2), ნორვეგიული „მიოლდეს“ (2–1, 0–0) და მოსკოვის „ტორპედოს“ (1–0, 1–1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ „ბოავიშტასთან“ მარცხდებიან (1–0, 0–5).

იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს. მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა — „დინამოს“ სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო.[36]

2000-იანები

2000-იანი წლების დასაწყისში „დინამო“ ცნობილმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა. კლუბმა 2003 წელს დუბლი შეასრულა — ჩემპიონის ტიტული და საქართველოს თასი მოიგო. 2004 წელს დინამოელებმა კვლავ იმარჯვეს თასის გათამაშებაში, მომდევნო წელს კი ჩემპიონატში. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, გუნდმა წარმატებას საერთაშორისო არენაზეც მიაღწია. 2004 წელს „დინამომ“, ხორვატი მწვრთნელის ივო შუშაკის ხელმძღვანელობით, მოსკოვში გამართული თანამეგობრობის თასი მოიგო. გუნდმა ფინალში ლატვიის „სკონტო“ დაამარცხა 3–1. იმავე წელს დინამოელებმა წარმატებით დასძლიეს უეფა-ს თასის საკვლიფიკაციო ეტაპი. თბილისელმა ფეხბურთელებმა თანამიმდევრობით სძლიეს ბორისოვის „ბატეს“ (1–0, 3–2), პრაღის „სლავიასა“ (2–0, 1–3) და კრაკოვის „ვისლას“ (2–1, 3–4) და უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც მეტოქეები ინგლისის „ნიუკასლი“,[37] ლისაბონის „სპორტინგი“, ფრანგული „სოშო“ და ბერძნული „პანიონიოსი“ იყვენენ. დინამომ ოთხივე შეხვედრაში მარცხი განიცადა. გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა. საქართველოს ჩემპიონის მორიგი ტიტული „დინამომ“ 2008 წელს მოიპოვა, როდესაც გუნდს ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი ავარჯიშებდა. 2009 წელს კლუბმა დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა რუსთავის „ოლიმპი“ და საქართველოს თასს დაეუფლა.

2010-იანები

„დინამოს“ შემადგენლობა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ, 2013

2011 წლის იანვარში „დინამო“ ბიზნესმენმა რომან ფიფიამ შეიძინა. „დინამოში“ ახალი მფლობელის მისვლის შემდეგ, მოხდა კლუბის სრული მოდერნიზაცია. განხორციელდა დიღმის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია. „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. დინამო არენაზე დაიგო უმაღლესი ხარისხის მოედნის საფარი. სტადიონზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 2013 წლის ივლისში ფუნქციონირება დაიწყო „დინამოს“ ვიტალი დარასელიას სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიამ.[38]

2011 წლის ზაფხულში გუნდმა წარმატებით დასძლია უეფა-ს ევროპის ლიგის სამი საკვალიფიკაციო ეტაპი, მაგრამ პლეი–ოფში, ორი მატჩის ჯამში, დამატებით დროში დაუთმო ჯგუფური ეტაპის საგზური ათენის „აეკს“. საქართველოს ჩემპიონატის 2011–2012 წლების სეზონი გუნდისათვის წარუმატებელი გამოდგა. დინამოელები მე-4 ადგილზე გავიდნენ და საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ.

2012 წლის ივნისში გუნდის თავკაცად დუშან უჰრინი უმცროსი დაინიშნა[39]. სადებიუტო სეზონშივე მან „დინამოს“ საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოაგებინა. საშინაო წარმატებების შემდეგ, 2013 წლის ზაფხულში, გუნდი ევროტურნირებზეც გააქტიურდა: ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების „სტრეიმური“ (6–1, 3–1) დაამარცხა, თუმცა მესამე ეტაპზე რიმუნულ „სტიაუასთან“ თამაში წარუმატებელი აღმოჩნდა (0–2, 1–1). „დინამომ“ მარცხი განიცადა უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფშიც, — განადგურდა ინგლისურ „ტოტენჰემთან“ (0–5, 0–3).

მომდევნო სეზონის შუა პერიოდში, 2013 წლის დეკემბერში, გუნდი დუშან უჰრინმა დატოვა[40], თუმცა ამას „დინამოსთვის“ ხელი არ შეუშლია ზედიზედ მეორე დუბლი შეესრულებინა, — საქართველოს ჩემპიონატი 6-ქულიანი სხვაობით მოიგო, თასის ფინალში კი საჩხერის „ჩიხურა“ 2–1 დაამარცხა.

სტადიონი

თბილისის ცენტრალური სტადიონი, 1935

„დინამოს“ თავდაპირველი სტადიონის პროექტი 1932–1935 წლებში შემუშავდა და მისი მშენებლობა თბილისის მთავარი არქიტექტორის არჩილ ქურდიანის (1903–1988) ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.[41] სტადიონის ტევადობა 23 000 მაყურებელზე იყო გათვლილი. სპეციალისტების შეფასებით, იგი თავისი ნოვატორული არქიტექტურული გადაწყვეტით იმ პერიოდის ქართული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენდა. როგორც კონსტრუქციული, ასევე სპორტულ-ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე ითვლებოდა სპორტული დანიშნულების პირველ მასშტაბურ ნაგებობად საქართველოში და თავისი არქიტექტურული ღირსებით თავისი დროის საუკეთესო სპორტულ ნაგებობათა რიცხვში შედიოდა.

1956 წელს არჩილ ქურდიანის ავტორობითვე განხორციელდა სტადიონის რეკონსტრუქცია. რიგი არქიტექტურული და საინჟინრო-ტექნიკური ამოცანების გადაჭრისა და მათ შორის მაყურებელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით გადაწყდა ლითონის კონსტრუქციების დამატება. შედეგად სტადიონის ტევადობა 23 000-დან 36 000-მდე გაიზარდა. თუმცა, დინამოელთა შემდგომმა წარმატებებმა და საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთა რაოდენობის ზრდამ დღის წესრიგში ახალი და კიდევ უფრო მეტი ტევადობის მქონე სტადიონის აგების საჭიროება დააყენა. ამრიგად, უკვე 1960-იანი წლებიდან არქიტექტორების — არჩილ ქურდიანის, გია ქურდიანის და კონსტრუქტორ შალვა გაზაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე არქიტექტორთა, ინჟინერთა და სპეციალისტთა შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით იწყება „დინამოს“ სტადიონის ხელახალი, ამჯერად მისი ფუნდამენტური რეკონსტრუქციის, ფაქტობრივად კი ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობა, რის შედეგსაც წარმოადგენს თანამედროვე „დინამოს“ სტადიონი.[42]

1976 წლის 26 სექტემბერს სტადიონის საზემო გახსნის დროს მისი მრავალათასიანი მაყურებელი ფეხზე წამოდგომითა და უდიდესი ოვაციით მიესალმა მის ავტორებს. ხაზგასასმელია, რომ ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან გამოვლენილი მადლიერების ამგვარი ემოციური ფორმა მათი მრავალწლიანი შრომისა და მოღვაწეობის სრულიად დამსახურებულ, ღირსეულ და მეტად მაღალ შეფასებას წარმოადგენდა.[43]

პირველი თამაში „დინამოს“ ახალ სტადიონზე საერთაშორისო გამოდგა, უეფა-ს თასის 1/32 ფინალში დინამოელებმა უელსის „კარდიფ სიტის“ უმასპინძლეს და 3–0 გაიმარჯვეს.

სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 78 ათასს მაყურებელს შეადგენდა, თუმცა მას დასწრების თავისებური რეკორდებიც ახსოვს, ასე მაგალითად 1979 წელს, „დინამო“ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს „ლივერპულს“ მასპინძლობდა. პირველი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 1–2 ჰქონდათ წაგებული. მაყურებლის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე 110 ათასი გულშემატკივარი მოვიდა.[კომ. 8] მათმა მხარდაჭერამ სათანადო შედეგი გამოიღო და დინამოელებმა 3–0 გაიმარჯვეს.[44][45][46] საერთოდ ყოფილი საბჭოეთის პერიოდში „დინამოს“ სტადიონი დასწრების მხრივ პირველ ადგილზე იყო, თამაშზე საშუალოდ 45 ათასი მაყურებელი დადიოდა.

მოგვიანებით დასწრების რეკორდი, უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში განმეორდა, 1995 წელს, როდესაც საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა მატჩზე დასაწრებად ისევ 110 ათასმა მაყურებელმა მოიყარა თავი. 100 ათასი მაყურებელი დაესწრო ეროვნული ჩემპიოპნატის გახსნის მატჩს „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის.

ამავე სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც, ასევე მოსკოვის „სპარტაკი“, მოსკოვისა და კიევის დინამოელებიც ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს. 1985 წელს „დინამოს“ სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები და ერთ-ერთი მეოდხედფინალური მატჩი.

წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა და თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.

1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, „ფეხბურთის კარუზოდ“ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.

1996 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შუამდგომლობით მიმართა იტალიურ კომპანია „ფინეირო კონსალტინგს“, რომელმაც ეროვნულ სტადიონზე 20 ათასი ინდივიდუალური სკამის დამონტაჟება უზრუნველყო. თუმცა, ამის შემდეგ სტადიონზე ჩასატარებელი სხვა აუცილებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სახსრების მოძიება ვერ მოხერხდა და მისი განახლების პერსპექტივა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2006 წლის აპრილში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უეფა-ს მოთხოვნების მიხედვით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის თაობაზე. დიდი მოცულობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება რეკორდულად მცირე ვადებში უნდა დამთავრებულიყო. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან 2006 წლის 2 სექტემბერს დანიშნული მატჩისთვის სტადიონს ღირსეულად უნდა ემასპინძლა. აღნიშნული პროექტის მონაწილეებმა შეძლეს ამ უაღრესად შრომატევადი საქმიანობისთვის თავის გართმევა და დასახული ამოცანის დროულად და წარმატებით გადაჭრა. შედეგად, „დინამოც“ და ეროვნული ნაკრებიც კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდნენ, რომელიც ამჯერად ყველა თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდა.[47]

უეფა-ს ახალი მოთხოვნების თანახმად სტადიონის ტრიბუნებზე გულშემატკივრებისთვის მხოლოდ დასაჯდომი ადგილებია გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი ტევადობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ამ ეტაპზე 55.000-მდე მაყურებელს იტევს. ამასთან, მოხდა მეორე იარუსის სკამების უმეტესობის გადახურვა. სპეციალისტთა შეფასებით ეროვნული სტადიონი ამჟამად ერთ-ერთ საუკეთესო არენად ითვლება აღმოსავლეთ ევროპაში. აღნიშნულ პერიოდში (2006–2009) სტადიონის გენერალური დირექტორის მოვალეობას საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი ასრულებდა.[48]

2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული სტადიონი თბილისის „დინამოს“ 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა და დაერქვა დინამო არენა.[49]

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე, სს „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე საბა მჟავანაძე დაინიშნა.[50]

ლოგოები

მიღწევები

თბილისის „დინამო“ 1977 წელს.

საქართველო

საბჭოთა კავშირი

ევროპა

კლუბის ფერები

ლურჯი თეთრი

სპონსორები

პერიოდი ფორმის მწარმოებელი სპონსორი
2001–2005 2K ბორჯომი
2005–2009 Jako BEKO
2009–2011 Saller VTB
2011–2012 Adidas PrivatBank
2012–2013 Nike PrivatBank
2013–2014 Nike
2014– Adidas

ფეხბურთელები

შემადგენლობა 2022

თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა 2022 წლის 23 სექტემბრის მონაცემებით

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
30 მეკარე საქართველო საქართველო ლუკა კუტალაძე
2 მცველი საქართველო საქართველო ნიკოლოზ მალი
3 მცველი საქართველო საქართველო ალექსანდრე კალანდაძე
4 მცველი საქართველო საქართველო საბა ხვადაგიანი
5 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ანზორ მექვაბიშვილი
6 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ულად-ომარ იმრანი
7 თავდამსხმელი საქართველო საქართველო დავით სხირტლაძე (კაპიტანი)
8 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი მოისწრაფიშვილი
9 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გიორგი გაბედავა
11 თავდამსხმელი უკრაინა უკრაინა სტანისლავ ბილენკი
13 მცველი საქართველო საქართველო ჯიმი ტაბიძე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლევან ოსიყმაშვილი
18 ნახევარმცველი განა განა ბარნს ოსეი
20 მცველი საქართველო საქართველო გიორგი ჩხეტიანი
21 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი კუცია
22 მცველი ნიგერია ნიგერია გოდფრი სტეფენი
23 ნახევარმცველი საქართველო საქართველო თორნიკე კირკიტაძე
24 მცველი საქართველო საქართველო დავით კობოური
28 ნახევარმცველი გვინეა გვინეა უსმანე კამარა
31 მცველი საქართველო საქართველო გიორგი მაისურაძე
33 მეკარე საქართველო საქართველო დავით კერესელიძე
40 თავდამსხმელი ბელარუსი ბელარუსი დმიტრი ანტილევსკი

შემადგენლობა 2023

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე საქართველო საქართველო დავით კერესელიძე
2 მცველი საქართველო საქართველო ნიკოლოზ მალი
3 მცველი საქართველო საქართველო ალექსანდრე კალანდაძე
4 მცველი საქართველო საქართველო საბა ხვადაგიანი
5 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ანზორ მექვაბიშვილი
7 თავდამსხმელი საქართველო საქართველო დავით სხირტლაძე (კაპიტანი)
9 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გიორგი გაბედავა
12 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი ხარაიშვილი
16 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლევან ოსიყმაშვილი
17 მეკარე საქართველო საქართველო გიორგი ლორია
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
18 ნახევარმცველი განა განა ბარნს ოსეი
21 მცველი საქართველო საქართველო ლუკა ლაკვეხელიანი
23 ნახევარმცველი საქართველო საქართველო თორნიკე კირკიტაძე
24 მცველი საქართველო საქართველო დავით კობოური
28 თავდამსხმელი გვინეა გვინეა უსმანე კამარა
31 მცველი საქართველო საქართველო გიორგი მაისურაძე
32 თავდამსხმელი სერბეთი სერბეთი ზორან მარუშიჩი
33 მცველი საქართველო საქართველო გაგი მარგველაშვილი
39 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლაშა ოდიშარია

კლუბის მმართველობა

მენეჯმენტი

პოზიცია პერსონალი [60]
გენერალური დირექტორი საქართველოს დროშა ზაზა დოლიძე
გენერალური დირექტორის მოადგილე საქართველოს დროშა თეა შამათავა
იურისტი - ლიცენზირების მენეჯერი საქართველოს დროშა ნინო გიორგიძე
ფინანსური დაგეგმარების და ანგარიშგების მენეჯერი საქართველოს დროშა ნატო ფიფია
უსაფრთხოების ოფიცერი საქართველოს დროშა ბეჟან ფარცვანია
მედია ოფიცერი საქართველოს დროშა ირაკლი ბუხალი
სოციალური მედიის ადმინისტრატორი საქართველოს დროშა რატი ტერაშვილი
აფგ პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოს დროშა ვალერი გაგუა
კომუნიკაციების მენეჯერი საქართველოს დროშა ზუკა რუხაძე
გულშემატკივართან მეკავშირე ოფიცერი საქართველოს დროშა იოანე კიკაბიძე

მწვრთნელები

პოზიცია პერსონალი [61]
მთავარი მწვრთნელი ესპანეთის დროშა ანდრეს კარასკო
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იტალიის დროშა სიმონე ძულო
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი საქართველოს დროშა გიორგი ჯავახიშვილი
მეკარეების მწვრთნელი ბელარუსის დროშა ევგენი ტაიკევიჩი
ფიზმომზადების მწვრთნელი საქართველოს დროშა ოთარ გაგნიძე
ფიზმომზადების მწვრთნელი იტალიის დროშა დომენიკო ჯორდანო
ანალიტიკოსი მწვრთნელი საქართველოს დროშა დავით გელაშვილი

პერსონალი

პოზიცია პერსონალი [62]
ადმინისტრატორი საქართველოს დროშა ბესიკ ბერაძე
ადმინისტრატორი საქართველოს დროშა შალვა მელაძე
გუნდის ექიმი საქართველოს დროშა დავით ხარაბაძე
ექიმი-რეაბილიტოლოგი ბელარუსის დროშა ალექსანდრ ოდინცოვი
მასაჟისტი საქართველოს დროშა ვალერი ჯალაღონია
მასაჟისტი საქართველოს დროშა ირაკლი სახვაძე
ოპერატორი საქართველოს დროშა ნიკოლოზ ხოშტარია
მედია ოფიცერი საქართველოს დროშა ირაკლი ბუხალი

დინამოს ბომბარდირები

წელი ფეხბურთელი ეროვნება გოლები
2016 ოთარ კიტეიშვილი საქართველოს დროშა საქართველო 5
2015–16 გიორგი ქვილითაია საქართველოს დროშა საქართველო 24
2014–15 გიორგი პაპუნაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 14
2013–14 ჩისკო მუნიოსი ესპანეთის დროშა ესპანეთი 19
2012–13 ჩისკო მუნიოსი ესპანეთის დროშა ესპანეთი 24
2011–12 ჩისკო მუნიოსი ესპანეთის დროშა ესპანეთი 15
2010–11 ალექსანდრე კოშკაძე
ლევან ხმალაძე
საქართველოს დროშა საქართველო 8
2009–10 ჯორჯ აკირემი გაბონის დროშა გაბონი 11
2008–09 ილია სპასოევიჩი
გიორგი მერებაშვილი
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
საქართველოს დროშა საქართველო
13
2007–08 მიხეილ ხუციშვილი საქართველოს დროშა საქართველო 16
2006–07 სანდრო იაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 27
2005–06 ჯაბა დვალი საქართველოს დროშა საქართველო 21
2004–05 ლევან მელქაძე საქართველოს დროშა საქართველო 27
2003–04 ლადო ახალაია საქართველოს დროშა საქართველო 12
2002–03 ვიტალი დარასელია უმც. საქართველოს დროშა საქართველო 15
2001–02 მიხეილ ბობოხიძე საქართველოს დროშა საქართველო 13
2000–01 რობერტ ზირაქიშვილი საქართველოს დროშა საქართველო 21
1999–00 რატი ალექსიძე
მიხეილ აშვეთია
საქართველოს დროშა საქართველო 12
1998–99 მიხეილ აშვეთია საქართველოს დროშა საქართველო 26
1997–98 ლევან ხომერიკი საქართველოს დროშა საქართველო 23
1996–97 გიორგი დემეტრაძე საქართველოს დროშა საქართველო 26
1995–96 ალექსანდრე იაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 26
1994–95 ალექსანდრე იაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 24
1993–94 ალექსანდრე იაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს დროშა საქართველო 19
1992–93 შოთა არველაძე საქართველოს დროშა საქართველო 18
1991–92 კახაბერ კაჭარავა საქართველოს დროშა საქართველო 26
1990–91 მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 12
1989–90 გია გურული საქართველოს დროშა საქართველო 23

დინამოს მწვრთნელები

პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
2022– ესპანეთის დროშა ანდრეს კარასკო
2022 საქართველოს დროშა გიორგი ჭიაბრიშვილი 1 1 ჩემპიონატი
2021–2022 საქართველოს დროშა კახა ცხადაძე
2020–2021 საქართველოს დროშა გიორგი ნემსაძე
2020 ესპანეთის დროშა ჩისკო მუნიოსი 1 1 ჩემპიონატი
2019–2020 საქართველოს დროშა კახა ჩხეტიანი
2019 ესპანეთის დროშა ფელის ვისენტე 1 1 ჩემპიონატი
2018–2019 საქართველოს დროშა ზაურ სვანაძე
2017–2018 საქართველოს დროშა კახა კაჭარავა
2016–2017 უკრაინის დროშა ვიაჩესლავ გროზნი
2016 სლოვაკეთის დროშა იურაი იარაბეკი 2 1 ჩემპიონატი
1 თასი
2015–2016 საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე 1 1 თასი
2014–2015 საქართველოს დროშა კახაბერ გოგიჩაიშვილი
2014 ჩეხეთის დროშა მიხალ ბილეკი
2013–2014 საქართველოს დროშა მალხაზ ჟვანია 2 1 ჩემპიონატი
1 თასი
2012–2013 ჩეხეთის დროშა დუშან უჰრინი უმც. 2 1 ჩემპიონატი
1 თასი
2012 საქართველოს დროშა ნესტორ მუმლაძე
2012–2012 საქართველოს დროშა გიორგი დევდარიანი
2011–2012 საქართველოს დროშა ალექს გარსია
2009–2011 საქართველოს დროშა კახა კაჭარავა 1 1 თასი
2008–2009 გერმანიის დროშა რაინერ ცობელი 1 1 სუპერთასი
2006–2008 ჩეხეთის დროშა დუშან უჰრინი უფრ. 1 1 ჩემპიონატი
2006 საქართველოს დროშა კახა კაჭარავა
2006 რუსეთის დროშა ანდრეი ჩერნიშოვი
2005–2006 საქართველოს დროშა კახაბერ ცხადაძე 2 1 ჩემპიონატი
1 სუპერთასი
2004–2005 საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე 1 1 საქართველოს თასი
2002–2004 ხორვატიის დროშა ივო შუშაკი 3 1 ჩემპიონატი
1 თასი
1 თანამეგობრობის თასი
2001 საქართველოს დროშა გივი ნოდია
2001 საქართველოს დროშა გოჩა ტყებუჩავა
2000–2001 საქართველოს დროშა რევაზ არველაძე
2000 საქართველოს დროშა ჯემალ ჩიმაკაძე
1999–2000 საქართველოს დროშა ოთარ კორღალიძე 1 1 სუპერთასი
1999 საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე
1999 ნიდერლანდების დროშა იოჰან ბოსკამპი 1 1 ჩემპიონატი
1998–1999 საქართველოს დროშა მურთაზ ხურცილავა 1 1 სუპერთასი
1998 საქართველოს დროშა ნოდარ აკობია
1996–1997 საქართველოს დროშა დავით ყიფიანი 7 3 ჩემპიონატი
2 საქართველოს თასი
2 სუპერთასი
1995 საქართველოს დროშა ვაჟა ჟვანია
1994–1995 საქართველოს დროშა სერგო კუტივაძე
1994 საქართველოს დროშა თემურ ჩხაიძე
1992–1994 საქართველოს დროშა გივი ნოდია 3 2 ჩემპიონატი
1 საქართველოს თასი
1992 საქართველოს დროშა რევაზ ძოძუაშვილი 2 1 ჩემპიონატი
1 საქართველოს თასი
1988–1991 საქართველოს სსრ–ის დროშა/საქართველოს დროშა დავით ყიფიანი 4 2 ჩემპიონატი
2 საქართველოს თასი
1987–1988 რსფსრ-ის დროშა გერმან ზონინი
1987–1988 საქართველოს სსრ–ის დროშა კახი ასათიანი
1985–1986 საქართველოს სსრ–ის დროშა ნოდარ ახალკაცი
1984–1985 საქართველოს სსრ–ის დროშა დავით ყიფიანი
1976–1983 საქართველოს სსრ–ის დროშა ნოდარ ახალკაცი 4 1 საჭოთა კავშირის ჩემპიონატი
2 საბჭოთა კავშირის თასი
ევროპის თასების თასი
1974–1975 რსფსრ-ის დროშა მიხეილ იაკუშინი
1974 საქართველოს სსრ–ის დროშა გივი ჩოხელი
1973 საქართველოს სსრ–ის დროშა სერგო კოტრიკაძე
1971–1972 რსფსრ-ის დროშა გავრილ კაჩალინი
1967–1968 რსფსრ-ის დროშა ვიაჩესლავ სოლოვიოვი
1966 საქართველოს სსრ–ის დროშა ალექსანდრე კოტრიკაძე
1964–1965 რსფსრ-ის დროშა გავრილ კაჩალინი 1 1 საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
1962–1963 რსფსრ-ის დროშა მიხეილ იაკუშინი
1962 საქართველოს სსრ–ის დროშა ნესტორ ჩხატარაშვილი
1961 საქართველოს სსრ–ის დროშა ავთანდილ ღოღობერიძე
1958 რსფსრ-ის დროშა ვასილი სოკოლოვი
1956–1957 საქართველოს სსრ–ის დროშა გაიოზ ჯეჯელავა
1954 საქართველოს სსრ–ის დროშა გრიგოლ გაგუა
1953–1954 საქართველოს სსრ–ის დროშა ბორის პაიჭაძე
1950–1953 რსფსრ-ის დროშა მიხეილ იაკუშინი
1949 საქართველოს სსრ–ის დროშა მიხეილ მინაევი
1948 საქართველოს სსრ–ის დროშა მიხეილ ბერძენიშვილი
1945–1947 საქართველოს სსრ–ის დროშა ანდრო ჟორდანია
1942–1945 საქართველოს სსრ–ის დროშა ასილ გალპერინი
1940 რსფსრ-ის დროშა პეტრე ფილიპოვი
1940 საქართველოს სსრ–ის დროშა მიხეილ მინაევი
1939–1940 რსფსრ-ის დროშა მიხეილ ბუტუსოვი
1937–1939 რსფსრ-ის დროშა ალექსეი სოკოლოვი
1936–1937 საფრანგეთის დროშა ჟიულ ლიმბეკი
1935–1936 საქართველოს სსრ–ის დროშა გრიგოლ ფაჩულია

ცნობილი ფეხბურთელები